თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
13 მაისს, ლონდონში, თიბისი ლიზინგს და EBRD-ს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უმსხვილესმა სალიზინგო კომპანიამ 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა.
აღნიშნული ტრანზაქცია ინსტიტუტებს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი ნაწილია და ასახავს ორგანიზაციების მზაობას, ხელი შეუწყონ ქართული ბიზნესების, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას.
დაფინანსების 50% მიმართული იქნება მწვანე ინვესტიციებზე, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ სპეციალური სალიზინგო პროდუქტებით განახლებადი ენერგიის და მდგრადობაზე ორიენტირებული აქტივების მიმართულებით. მეტ ქართულ კომპანიას ექნება საშუალება გაეცნონ მსოფლიო ტენდენციებს გარემოსდაცვითი, მდგრადი გადაწყვეტილებების მიმართულებით და მიიღონ დაფინანსება საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.
"პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ ისეთ საიმედო პარტნიორთან, როგორიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია მრავალწლიან თანამშრომლობას კიდევ უფრო ვაღრმავებთ, რაც ხელმოწერილი ხელშეკრულებითაც დასტურდება. ჩვენი საერთო ძალისხმევა მიმართულია საქართველოს მცირე და საშუალო სექტორის გაძლიერებისკენ, რისი ერთ-ერთი გზაც მდგრადი განვითარება და მწვანე დაფინანსებაზე გაზრდილი წვდომაა. მოზიდული 11 მილიონი ევროს რესურსი, სწრაფად განვითარებად ბაზარზე SME (მცირე და საშუალო საწარმოების) მხარდაჭერას მოხმარდება" - გაიოზ გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი.
სხვა სიახლეები
ICT მიმართულება საკმაოდ მზარდია და ციფრებიც ამაზე მეტყველებს - თორნიკე სულაბერიძე
20.05.2026.14:30
ტექნოლოგიური სექტორის პოპულარიზაციისთვის რეგიონებში ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებთან უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო, - მიიჩნევს ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე, თორნიკე სულაბერიძე. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, ასოციაციის გაფართოების შემდეგ ორგანიზაციაში გაერთიანდებიან საგანმანათლებლო და ტრენინგ-კომპანიებიც, რაც ტექნოლოგიური მიმართულებების პოპულარიზაციას არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით შეუწყობს ხელს.
„ეს მიმართულება გასაზრდელია, რადგან ძირითადი აქცენტი და ფოკუსი მაინც დიდ ქალაქებზე - თბილისზე, ბათუმსა და ქუთაისზე მოდის, თუმცა ცნობიერება რეგიონებშიც ასამაღლებელია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი გაფართოების შედეგად შემოგვიერთდებიან ისეთი კომპანიები, რომლებსაც ახალგაზრდებთან ყოველდღიური შეხება აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კომპანიებშიც ბევრი ახალგაზრდა მუშაობს, მათთან ყოველდღიური შეხება მაინც არ გვქონია. თუმცა, ის საგანმანათლებლო ორგანიზაციები და ტრენინგპროვაიდერები, რომლებიც ტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობენ, ახალგაზრდებთან ყოველდღიურად ურთიერთობენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. მათთან ერთობლივი მუშაობით ჩვენ შევძლებთ ამ სექტორის პოპულარიზაციას. აქამდე ჩვენი ICT ასოციაცია უნივერსიტეტებსა და ტრენინგპროვაიდერებთან, როგორც გარე პარტნიორი, ისე თანამშრომლობდა და ამ არასაწევრო, პარტნიორული ურთიერთობით საკმაოდ ბევრი პროექტი განხორციელდა. დღეს კი, როდესაც ეს კომპანიები უკვე ასოციაციის ერთიანი ქოლგის ქვეშ იქნებიან, ისინი ბევრად მეტის გაკეთებას შეძლებენ: ექნებათ წვდომა უფრო მეტ ახალგაზრდაზე, დაგეგმავენ მეტ ღონისძიებას და მათ კიდევ უფრო მეტ ტრენინგსა თუ პროგრამას შესთავაზებენ“, - ამბობს სულაბერიძე,
მისივე თქმით, საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულებებით დაინტერესება საქართველოში მზარდია და ამ მიმართულებით უკვე დაახლოებით 12 000 ადამიანი სწავლობს. მისი თქმით, ახალგაზრდებს სექტორი მაღალი ანაზღაურების, ხარისხიანი სამუშაო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობების გამო იზიდავს.
„ეს მიმართულება საკმაოდ მზარდია და ციფრებიც ამაზე მეტყველებს. დღეის მდგომარეობით, თუ არ ვცდები, ზოგადად ამ სფეროში 12 000-მდე ადამიანი სწავლობს, რაც საქართველოს მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
ეს ციფრები მზარდია და ამას თავისი ახსნა აქვს. პირველი ის, რომ ადრე ამ მიმართულებაზე თუ ამბობდნენ, მომავლის პროფესიააო, ის უკვე აწმყო და დღევანდელობაა, რაც ახალგაზრდებს ძალიან იზიდავს. მათთვის მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ ამ სექტორში საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა. ამასთანავე, მიზიდულობას განაპირობებს არა მხოლოდ ანაზღაურება, არამედ მაღალკვალიფიციური და კარგი ხარისხის სამუშაო ადგილები. კარგ ხარისხში ვგულისხმობ იმას, რომ ამ კომპანიებში ისეთი გარემოა, სადაც თანამშრომლები თავს რომელიმე „ბოროტი კორპორაციის“ მსხვერპლად არ გრძნობენ. პირიქით, კომპანია მათზე ზრუნავს და ყველანაირად უწყობს ხელს, რათა ნაყოფიერად, ეფექტიანად იმუშაონ და, რაც ყველაზე მთავარია, განვითარდნენ. ამ ახალგაზრდებისთვის უმნიშვნელოვანესია ხელშეწყობა, რათა იმუშაონ საერთაშორისო პროექტებზე, აიმაღლონ კვალიფიკაცია და ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდეთ გლობალური დონის კომპანიებთან“, - აცხადებს სულაბერიძე.
მისი თქმით. დღეს უკვე არაერთი საერთაშორისო კომპანია ტექნოლოგიურ პროექტებს სწორედ საქართველოდან მართავს, რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო.