თიბისის და FMO-ს პარტნიორობა - 210 მლნ აშშ დოლარი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
თიბისიმ, ნიდერლანდელის განვითარების ბანკთან - FMO და მის პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან, 210 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ტრანზაქცია FMO-ს ყველაზე მასშტაბური დაფინანსებაა, როგორც საქართველოში, ისე - რეგიონში, რაც ფინანსური სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობას უსვამს ხაზს.
ფინანსური რესურსი საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას მოხმარდება, განსაკუთრებული აქცენტი კი - სოფლის მეურნეობის, რეგიონების და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობაზე გაკეთდება. დაფინანსების 30% მწვანე ინიციატივების მხარდაჭერას დაეთმობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისის მდგრადი განვითარების სტრატეგიას.
ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებაში, FMO-სთან ერთად, თიბისის როგორც ახალი, ისე - მრავალწლიანი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტები მონაწილეობდნენ: Mashreq ბანკი, აბუდაბის კომერციული ბანკი (ADCB), დუბაის კომერციული ბანკი (CBD), Commerzbank და BlueOrchard-ის მიკროსაფინანსო ფონდი (BOMF).
„მოხარული ვარ, რომ FMO-სთან პარტნიორობით და ხუთი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორის ჩართულობით, თიბისის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სინდიცირებული დაფინანსების მოზიდვა შევძელით. ეს ფინანსური რესურსი მთლიანად მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერისკენ. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, ვიყოთ მთავარი ფინანსური პარტნიორი იმ ადამიანებისა და ბიზნესებისთვის, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. 210 მილიონი აშშ დოლარის შეთანხმება, ხაზს უსვამს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას თიბისის, როგორც სტაბილურად მზარდი ფინანსური ინსტიტუციის მიმართ“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
„ვამაყობთ, რომ FMO აღნიშნულ ტრანზაქციის ორგანიზატორი ფინანსური ინსტიტუტია. ეს თანამშრომლობა თიბისისთან კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობასა და ნდობას საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ. 210 მლნ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება ნათლად აჩვენებს ჩვენს მიზანს - კერძო კაპიტალით მხარი დავუჭიროთ სხვადასხვა სექტორის განვითარებას. რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ტრანზაქციის წარმატებით დასრულება სპარსეთის ყურის რეგიონის ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით, კიდევ ერთხელ ადასტურებს გამორჩეული საინვესტიციო შესაძლებლობების არსებობას რეგიონში“, - ჰუიბ-იან დე რუიტერი, FMO-ს ინვესტიციების მთავარი თანახელმძღვანელი.
სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას თიბისის და FMO-ს, ასევე, ტრანზაქციაში მონაწილე ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
როგორ აფასებს „ემოცია ქართული სუვენირი“ 2026 წლის პირველ ნახევარს და რა გეგმები აქვს კომპანიას
08.09.2026.18:00
2026 წლის პირველი ნახევარი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და განვითარების ეტაპი აღმოჩნდა. განხორციელდა რებრენდინგი, გაფართოვდა პრემიუმ სუვენირების ასორტიმენტი და გაგრძელდა საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერება“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ემოცია ქართული პრემიუმ სუვენირის“ დამფუძნებელმა, თამარ აბულაძემ, განუცხადა.
როგორ შეაფასებდით 2026 წლის პირველ ექვს თვეს - რა იყო ამ პერიოდის მთავარი შედეგები და მიღწევები?
2026 წლის პირველი ნახევარი ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და განვითარების პერიოდი იყო. ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ რებრენდინგზე, პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაზე, ახალი მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებაზე.
2026 წელი ჩვენთვის დიდი ცვლილებებით დაიწყო. ექვს წლიანი თანამშრომლობა დავასრულეთ კომპანიასთან, რომელთანაც ბრინჯაოს ნაწილში ვმუშაობდით. ეს ნაბიჯი გარდაუვალი იყო, რადგან აღნიშნულმა კომპანიამ ჩვენი მიმართულების (ბრინჯაოს ვაზისა და ყურძნის მტევნების) კოპირება დაიწყო. ჩვენი ბრენდი 2020 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და შექმნა უპრეცედენტო სუვენირი ბრინჯაოს, მარმარილოსა და ნატურალური ქვებისგან, რომელიც ქართულ ვაზს უკავშირდება. ეს თემა ჩვენი ძალისხმევით, უფრო და უფრო პოპულარული გახდა, რაც სასიხარულოა, თუმცა მისი კოპირება და საავტორო უფლებების დარღვევა, ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც ყოველთვის გვაქვს რეაგირება.

2026 წლის გაზაფხულზე განვახორციელეთ რებრენდინგიც - „ღვინის ემოცია / Emocia Wines“ გახდა „ემოცია - ქართული პრემიუმ სუვენირი“. ცვლილება ასახავს ბრენდის განვითარებას: ჩვენი ასორტიმენტი დღეს უკვე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ღვინის თემატიკით და მოიცავს ქართული კულტურის სხვადასხვა მიმართულებაზე შექმნილ პრემიუმ საჩუქრებსა და სუვენირებს.

პარალელურად გავზარდეთ ასორტიმენტი, დავამატეთ ყურძნის მტევნების ახალი სახეობები და გავაგრძელეთ საერთაშორისო გაყიდვების განვითარება. ჩვენი პროდუქცია უკვე წარმოდგენილია რამდენიმე ქვეყანაში და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება კვლავ ერთ-ერთი მთავარი ბიზნესპრიორიტეტია.
როგორ შეიცვალა გაყიდვები და მომხმარებლის მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით? რომელ პროდუქტებზე იყო განსაკუთრებით მაღალი ინტერესი?
ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. განსაკუთრებით მაღალი ინტერესი კვლავ ყურძნის მტევნის ბროშებსა და პრემიუმ სუვენირებზეა. გაიზარდა B2B პარტნიორების სიაც.
ყურძნის მტევნის ბროშები კონკრეტულ ქართულ ვაზის ჯიშებს ეფუძნება და თითოეულ მათგანს საკუთარი პასპორტი ახლავს. ეს კონცეფცია განსაკუთრებით საინტერესოა უცხოელი მომხმარებლისთვის და პროდუქტს დამატებით ღირებულებას სძენს.
მაღალი მოთხოვნაა ასევე ბრინჯაოს სუვენირების კოლექციაზე - ქვევრის, ვაზისა და ყურძნის მტევნის თემატიკაზე შექმნილ პროდუქტებზე.
ამასთან, ჩვენი მომხმარებელი მხოლოდ ტურისტული სეგმენტი არ არის. პროდუქციას აქტიურად ყიდულობენ ქართველი მომხმარებლები და იზრდება ინტერესი კორპორაციული საჩუქრების მიმართულებითაც. ჩვენი განსაკუთრებული, სტაბილური ხარისხი, მაღალი დონის მომსახურება, პრემიალური შეფუთვა და შინაარსი, რომელიც თითოეულ საჩუქარს თან ახლავს, დიდი მოწონებითა და ნდობით სარგებლობს მომხმარებელთა შორის.
რა სიახლეები შესთავაზეთ მომხმარებლებს 2026 წლის პირველ ნახევარში და იგეგმება თუ არა ახალი პროდუქტების ან კოლექციების დამატება წლის ბოლომდე?
2026 წლის პირველ ნახევარში, ასორტიმენტს რამდენიმე ახალი პროდუქტი დავამატეთ. მათ შორის მთავარი სიახლეა ხინკლის სუვენირი - ქართული გასტრონომიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლოს თანამედროვე ინტერპრეტაცია. მომხმარებლებისთვის. ხინკალი არ არის მხოლოდ საჭმელი, ესაა ჩვენი გასტრონომიული იდენტობის სიმბოლო, რომელსაც ყველა კარგად იცნობს. აქამდე არ შექმნილა ხინკლის პრემიალური სუვენირი, რომელიც ძვირფას საჩუქრად აღიქმეოდა. ემოციამ შექმნა პირველი პრემიუმ ხინკალი, რომელიც შედგება ბრინჯაოსა და თეთრი მარმარილოსგან. მას თან ახლავს პასპორტი და ბრენდული შეფუთვა. ეს საუკეთესო საჩუქარია ბიზნეს პარტნიორებისთვის, რომლებმაც საქართველოში ყოფნისას დააგემოვნეს ხონკალი და ასევე, უცხოეთში არსებული ქართული რესტორნებისთვის, რომლებთანაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კერძი სწორედ ხინკალია!

2026 წლის დასაწყისში, შევქმენით „ბარაქის მტევანი“, რომელიც ქართული ვაზისა და ბარაქის ტრადიციულ სიმბოლიკას ეფუძნება . ეს გახლავთ ჩვენი ყველაზე დიდი ზომის, პრემიალური სუვენირი, განსაკუთრებული შეფუთვით, რომელის ყუთზეც წარმოდგენილია ქართველი მხატვრის ნახატი ვენახისა და რთველის ეპიზოდებით, რაც თავის მხრივ ცალკე საჩუქარია.

წლის ბოლომდე ვგეგმავთ ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოებას და ახალი კოლექციების შექმნას, რომელიც „ოქროს ხაზის“ სახელწოდებით გახდება ცნობილი. ჩვენი პრინციპია, რომ ახალი პროდუქტი არ იყოს მხოლოდ არსებული ასორტიმენტის დამატება - მას უნდა ჰქონდეს განსხვავებული კონცეფცია, ფუნქცია ან დიზაინი და მკაფიოდ იკითხებოდეს ჩვენი ბრენდის ინდივიდუალური ხელწერა.
რა გეგმები გაქვთ 2026 წლის მეორე ნახევარში - იგეგმება თუ არა ახალი ბაზრების ათვისება, პარტნიორობების გაფართოება ან სხვა მნიშვნელოვანი პროექტები?
2026 წლის მეორე ნახევრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო გაყიდვების ზრდა და ახალი ბაზრების ათვისებაა. ჩვენი პროდუქცია უკვე იყიდება საქართველოს ფარგლებს გარეთ და ვმუშაობთ როგორც არსებული პარტნიორობების გაფართოებაზე, ისე ახალი სადისტრიბუციო არხებისა და პარტნიორების მოძიებაზე.
პარალელურად გავაგრძელებთ ახალი პროდუქტებისა და კოლექციების განვითარებას და ქართული პრემიუმ საჩუქრების მიმართულების გაძლიერებას. და რაც ყველაზე მთავარია: ვიყოთ ინდივიდუალურები და კრეატიულები ისეთი ნაკეთობებით, რომელსაც ანალოგი არ ექნება!
ჩვენი გრძელვადიანი ბიზნესმიზანია, „ემოცია - ქართული პრემიუმ სუვენირი“ ჩამოყალიბდეს ბრენდად, რომელიც ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე ასოცირდება მაღალი ხარისხის, ორიგინალური დიზაინისა და ქართული იდენტობის მქონე პრემიუმ საჩუქრებთან.