თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
განათლება გამარჯვებაა - გამარჯვება, რომელიც ცოდნით, შესაძლებლობებითა და საკუთარი ძალების რწმენით იწყება. სწორედ ამ ხედვით თიბისი, როგორც ტექ ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერი, პარტნიორებთან ერთად ქმნის გარემოს, სადაც მთელი საქართველოდან, მოტივირებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, განივითარონ ტექნოლოგიური უნარები და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იასპარეზონ.
თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ერთად შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბის მთავარი მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, მათი განვითარება და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებაა. წელს საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაში ინფორმატიკაში 3000-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო, რაც ტექნოლოგიური განათლების მიმართ ახალგაზრდების მზარდ ინტერესს აჩვენებს.
„განათლება გამარჯვებაა! ეს ჩვენთვის მხოლოდ გზავნილი არ არის; ეს არის მიდგომა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა ქვეყნის მომავლის მხარდაჭერას ნიშნავს. გვინდა, თითოეულ მოტივირებულ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი ტექნოლოგიური განათლება, გამოსცადოს საკუთარი ძალები და გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოში მიღებული ცოდნით მოიპოვოს“ - ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდი.
ჰაბის ფარგლებში ქართველი მოსწავლეები ევროპის და მსოფლიოს მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ შეჯიბრებებში მონაწილეობენ. ევროპის გოგონათა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI) საქართველოს ნაკრებმა 1 ბრინჯაოს მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვა, ხოლო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EJOI) კი 2 ბრინჯაოს მედალი.
განსაკუთრებული შედეგით დასრულდა საქართველოს მონაწილეობა ხელოვნური ინტელექტის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადაში (IOAI 2026). ქართველმა მონაწილეებმა 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს. თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) მიერ მომზადებული სპეციალური საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, საქართველოს AI ნაკრებმა საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება ტექ ოლიმპიადების ჰაბში გაიარა.
ტექ ოლიმპიადების ჰაბი ასევე მოიცავს ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას (IOI), რომელიც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ტექნოლოგიების კონკურსია.
STEM მიმართულებებით ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თიბისი მხარს უჭერს არაერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ინიციატივასაც. მათ შორისაა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის რობოტიკის კლუბი და მისი გუნდის მონაწილეობა ფიბონაჩის რობოტიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობა ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო ოლიმპიადა PLANCKS-ზე და ქართველი მოსწავლეების მხარდაჭერა GENIUS ოლიმპიადაზე. წელს, თიბისის ხელშეწყობით GENIUS ოლიმპიადაზე საქართველოს სამი წარმომადგენელი გაემგზავრა, მათგან ორმა კი საერთაშორისო ასპარეზი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაასრულა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.