თიბისის მხარდაჭერით, ნატო ვაჩნაძის ფონდი პრემია „ელისოს” წარმოგიდგენთ
პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა, ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია. დაჯილდოება წელს პირველად, 14 ივნისს ლიმიტირებული ნომინაციებით გაიმართება. „ელისოს” გენერალური მხარდამჭერია თიბისი.
ნატო ვაჩნაძის ფონდის და პრემია “ელისოს” მთავარი პარტნიორები არიან თეგეტა, თეგეტა ქარსი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ასევე სარაჯიშვილი, გალფი და სხვა.
„ნატო ვაჩნაძის ფონდი” კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა. ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირიშია ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად.
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში პრემიის დაფუძნების იდეა ჯერ კიდევ 1981 წელს გაჩნდა.
„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას - ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალი ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია, ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია. აღსანიშნავია ისიც, რომ ელისოს როლის შემსრულებელი, ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილია.
ნატო ვაჩნაძის ფონდის წევრები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და ნატალია ჯუღელი. საერთო გადაწყვეტილებით შეირჩევა ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც პრემია ელისოს ნომინანტებსა და გამარჯვებულებს გამოავლენს.
„მიხარია რომ წელს, ნატო ვაჩნაძის 120 წლის აღსანიშნავად ასეთი ღონისძიების ჩატარებას მოვახერხებთ. გურჯაანში ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეზე წლებია სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ და სწორედ ამ დღესასწაულს გვინდა შევმატოთ კინო მნიშვნელობა, რომელიც ამ დღის აღნიშვნის საწყისი იყო და ბოლო დროს თითქოს გაქრა.
წლევანდელი წელი უფრო პრეზენტაციაა იმისა, თუ როგორი იქნება პრემია „ელისო” მომავალში. თუმცა დღევანდელ დღეს, რამდენიმე პროფესიონალის ხელშეწყობაც კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, - ნატალია ჯუღელი, ნატო ვაჩნაძის ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელი.
წელს პრემია „ელისო” სამ ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი. თითოეული გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები.
ღია კონკურსი 12 აპრილს გამოცხადდება და პირველ მაისს დასრულდება.
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმთან პარტნიორობით სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, მათ შორის, ვორკშოფები, ლექციები და რეზიდენციები, ასევე კინოჩვენებების მოწყობა, უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა და ა.შ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.