თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას და უკვე მეორე წელია საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის მთავარი მხარდამჭერია.
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებით, 2026 წლის ეროვნული AI ოლიმპიადა იწყება, რომლის პირველი ტური 16 მაისს გაიმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობა VIII-XII კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან შეუძლიათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ოლიმპიადა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ტური ონლაინ ფორმატში გაიმართება. პირველი ტურის შედეგების მიხედვით შეირჩევა არაუმეტეს 30 მოსწავლე, რომლებიც მეორე ეტაპზე გადავლენ. ფინალური ტური 31 მაისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ჩატარდება, რის შედეგადაც დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები.
ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს სახელით ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI 2026) იასპარეზებენ, რომელიც 2-8 აგვისტოს ასტანაში, ყაზახეთში გაიმართება.
საქართველო, საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე, პირველად 2025 წელს წარდგა და პირველივე წელს მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა - ეროვნული ნაკრების წევრებმა ქვეყნისთვის პირველი მედალი მოიპოვეს. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ტექნოლოგიური განათლების მნიშვნელობა და ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების გახსნის აუცილებლობა.
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ მოსწავლეების მოსამზადებლად შექმნა AI ლიგა და სპეციალური საოლიმპიადო AI კურსი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მოსწავლისთვის.
ეროვნული AI ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ნაწილია, რომელიც თიბისის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ახალგაზრდებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება.
განათლება შესაძლებლობაა - მთავარია გჯეროდეს! სწორედ ამ რწმენით თიბისი მხარს უჭერს ტექნოლოგიურ ოლიმპიადებს, აძლიერებს ახალ თაობას იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში ეხმარება.
სხვა სიახლეები
გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო ანტიბიოტიკრეზისტენტობის წინააღმდეგ მებრძოლ ჰაბად და მსოფლიო მიზიდულობის ცენტრად იქცეს - რატი ღოლიჯაშვილი
11.05.2026.11:30
ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი, რატი ღოლიჯაშვილი განცხადებით, კომპანიამ ბოლო წლებში ფაგების ისტორიული საწარმოს მოდერნიზებისთვის 17 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, რის შედეგადაც საწარმო საერთაშორისო GMP სტანდარტების შესაბამის თანამედროვე ინფრასტრუქტურად გარდაიქმნა.
რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მან აღნიშნა, პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი სახელმწიფოსა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერამ ითამაშა, რაც კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს.
„დაახლოებით ხუთი წლის წინ ჩვენ განვახორციელეთ 17 მილიონი ლარის ინვესტირება და ეს ისტორიული ფაგების პირველი საწარმო გადავაქციეთ თანამედროვე, ევროპული საერთაშორისო სტანდარტების GMP-ის შესაბამის საწარმოდ. და ამ პროექტის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სახელმწიფოს როლი. ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათი ჩართულობით განვახორციელეთ ყველაფერი, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო, GITA, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, EBRD - მათი ხელშეწყობის გარეშე, ფაქტობრივად, ძალიან რთული იქნებოდა ამ ყველაფრის განხორციელება. ეს იყო „ზურგის ქარი“ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს შედეგი, მიმაჩნია, რომ სწორედ კერძო და საჯარო თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია, თუმცა, რა თქმა უნდა, მომავალში კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი“, - ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი.
რატი ღოლიჯაშვილის განცხადებით, კომპანიას აქვს ამბიცია, საქართველო ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ცენტრად ჩამოყალიბდეს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი, თითქმის 100 წლიანი აკუმულირებული გამოცდილება და ძალიან დიდი ამბიციები იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო გახდეს სწორედ რომ ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინააღმდეგ მებრძოლი ჰაბი, შეიძლება ითქვას, და ის მსოფლიო მიზიდულობის ცენტრი, სადაც პაციენტები ჩამოვლენ და აქ იმკურნალებენ ამ მიმართულებით რეზისტენტული ინფექციების მიმართულებით, კომპანიები ჩამოვლენ, ინსტიტუციები ჩამოვლენ, ინვესტორები ჩამოვლენ, კვლევითი ორგანიზაციები და საქართველოს ბაზაზე, მოხდება ძალიან ბევრი თანამშრომლობა ადგილობრივი, საერთაშორისო და მნიშვნელოვან როლს შევიტანთ ანტიბიოტიკორეზისტენტობის ამ პრობლემის მოგვარებაში არა მხოლოდ საქართველოში, რეგიონულ და მსოფლიო დონეზე“, - ამბობს ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი.