თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზებითა და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში, ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026“ გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო თიბისი.
ფორუმის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია წარედგინა. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ამ მიზნის მისაღწევად, სხვა ინიციატივებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურის დანერგვას, რაც ადგილობრივ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს, ბაზარს რისკის ჰეჯირების უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტები შესთავაზონ.
ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ საკითხს ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი წარმოადგენდა, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება. საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში ,,თიბისი’’, „საქართველოს ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ტერაბანკი“ და „ბაზისბანკი“ სახაზინო ოპერაციებს განახორციელებენ Nasdaq Calypso-ს ბაზაზე, რომელიც ფარავს სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს. საზიარო სისტემა წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად.
საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ოფიციალური პირები, მათ შორის ცენტრალური ბანკები, სახელმწიფო უწყებები, კომერციული ბანკები, საბაზრო ინფრასტრუქტურის პროვაიდერები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მონაწილეები.
GMAP ფორუმის ჩატარება ყოველწლიურად იგეგმება. ამასთან, GMAP-ის პროგრამის მიზნების მხარდასაჭერად, წლის განმავლობაში სხვა ტიპის დამატებითი აქტივობებიცაა დაგეგმილი.
სხვა სიახლეები
გოჩა კამკია „ამბასადორის ავიაციის სოფლის” შესახებ | მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მარიამს, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უდიდესი მხარდაჭერისთვის - ვინაიდან, ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა ამ ადგილის სერტიფიცირება, დოკუმენტების გამართვა და ჩვენ ვუზრუნველყავით ის, რომ საქართველო დატანილი ყოფილიყო მსოფლიოს კერძო აეროდრომების რუკაზე და შედეგმაც არ დააყოვნა
15.09.2026.16:07
„ამბასადორი ჯგუფი” გაზაფხულზე 5 - ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნას გეგმავს ბათუმში, - ამის შესახებ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ამბასადორის“ ავიაციის სოფლის განვითარება, ეს არის ჩვენი ჯგუფის, „ამბასადორი“ ჯგუფის მიერ 2024 წლიდან ბიზნესის კეთების კულტურის განვითარების შედეგი, შეიძლება ითქვას, ვინაიდან ამ პერიოდში, მოგეხსენებათ, ძალიან ტრენდული იყო უცხოური, ბრენდული სასტუმროების აშენება საქართველოში, მაგრამ ჩვენი კომპანიის დამფუძნებლის, ბატონი ბუბას, მიერ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, რომ შეგვექმნა ბრენდი, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნებოდა ქართული, ქართული ხაზის გამტარებელი, ქართულ კულტურასთან ასოცირებული და, რაც მთავარია, მაღალმსყიდველუნარიან ვიზიტორებზე ორიენტირებული, ამასთანავე, რა თქმა უნდა, საყოველთაო მოხმარების.
სწორედ ეს იყო „ამბასადორი“ სასტუმრო, რომელიც გაიხსნა თბილისში, ამას მოყვა საქართველოში გოლფის კულტურის შემოყვანა და განვითარება, რაც გაშენდა „კაჭრეთის ამბასადორში“ და ეს არის ყველასათვის უსაყვარლესი დასასვენებელი ადგილი დღეს. შემდეგში ჩვენ განვავითარეთ გოდერძის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები და ახლა გაზაფხულზე აგრეთვე ვგეგმავთ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნას ბათუმში, რომელიც იქნება გამორჩეული და პირველად შეიქმნება ასეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც პირდაპირ სხვა დასასვენებელ უმაღლეს წერტილებთან ერთად ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი ვერტოდრომი მოეწყობა და შემდეგი, რა თქმა უნდა, იყო „ამბასადორი აილენდი“ და შემდეგ უკვე მოვიდა დრო ბრენდის მიერ განვითარებული სხვადასხვა რეგიონებში სინერგიის, ვინაიდან ჩვენ არ ვართ დედაქალაქში თავმოყრილი ბრენდი, ჩვენ ვართ საქართველოს რეგიონებში გაშლილი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოითხოვს თავისებურ სინერგიას და სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომელსაც უკვე ხელმძღვანელობს, ბატონი ბუბას მხარდაჭერით, თორნიკე ქებურია.
რატომ არ შეიძლებოდა მოგვეწყო კერძო ავიადრომი საქართველოში. თავად ეს არის უნიკალური პროექტი, ვინაიდან მსგავსი პროექტების განვითარება დაიწყო შეერთებულ შტატებში, შემდეგ საფრანგეთში, ჰოლანდიაში და დღესაც კი მსგავსი ტიპის კონცეფციის განვითარება არ მომხდარა ირგვლივ რეგიონში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ ამ მხრივ განაცხადი და ეს სწორედ საქართველოში კეთდება ექსკლუზიურად, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის კილომეტრ 200-იანი ზოლი, სადაც შეუძლია ნებისმიერ კერძო ავიაციით დაინტერესებულ პირს მოიხმაროს და ის ღებულობს კერძო თვითმფრინავებს. აგრეთვე, აქ მოეწყობა 50-მდე ვილა და კერძო ანგარები და მფრინავს შეუძლია მის ირგვლივ მოიწყოს ყოველგვარი ინფრასტრუქტურა, რაც შეეხება საცხოვრებელს, გასაჩერებელს და აგრეთვე აფრენა-დაფრენის მომსახურებას.
რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ მოცემულ შემთხვევაში სინთეზი გავაკეთეთ ინფრასტრუქტურის, პროფესიული ცოდნის და ბიზნესმოდელის, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ ავიასოფელში აგრეთვე გაიხსნება სპეციალური სკოლა, რომელიც მოახდენს მომავალი პილოტების გადამზადება-სერტიფიცირებას. ვინაიდან საქართველოში არ არის ეს მიმართულება განვითარებული და ჩვენ გვინდა, რომ განათლების მიმართულება ამ მხრივ იყოს დამკვიდრებული, რათა პირველ რიგში კულტურა განვითარდეს საფრენოსნო და შემდეგ უკვე გადავიდეს ეს სამომხმარებლო დონეზე.
გარდა ამისა, აგრეთვე იქნება მოწყობილი ტექნიკური მომსახურების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს თვითმფრინავების მუდმივ გამართულობას, სერტიფიცირებას და ამ მხრივ უკვე გაფორმებულია მსხვილ ავიაკომპანიებთან და თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანიებთან შესაბამისი სერვისის ხელშეკრულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის ცალკე აღებული უძრავი ქონების ან ვილების განვითარება ან თვითმფრინავების, ეს არის მთლიანი ეკოსისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი ცხოვრების სტილის დანერგვას.
აგრეთვე, ამას ემატება უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურა, ვინაიდან კაჭრეთში დღეს არის უმაღლესი დონის სასტუმროები, აპარტამენტები, ასევე საცურაო აუზები, გოლფის მოედანი, აკადემია. შესაბამისად, ნებისმიერი დონის მომხმარებელს ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ და გავუწიოთ შესაბამისი სერვისები.
აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მარიამს, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უდიდესი მხარდაჭერისთვის. ვინაიდან ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა ამ ადგილის სერტიფიცირება, დოკუმენტების გამართვა და ჩვენ ვუზრუნველყავით ის, რომ საქართველო დატანილი ყოფილიყო მსოფლიოს კერძო აეროდრომების რუკაზე და შედეგმაც არ დააყოვნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობითა და მხარდაჭერით გაიმართა პირველი საერთაშორისო საავიაციო ფრენა და მოცემულ შემთხვევაში ლუქსემბურგიდან შეიკრიბა 26 საფრენი ხომალდი და დაახლოებით 50-მდე პილოტს ვუმასპინძლეთ ჩვენ „კაჭრეთის ამბასადორში“ და აღსანიშნავია, რომელი ქვეყნები იყო: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, პოლონეთი, ჩვენი მეზობელი თურქეთი და არ მინდა გამომრჩეს არცერთი ქვეყნის წარმომადგენელი ევროკავშირის მსხვილი ქვეყნებიდან, რომლებიც გვეწვივნენ და აღნიშნეს ამ დღის განვითარება ჩვენთან ერთად.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ამ მხრივ პიონერი კომპანია, რომელმაც მსგავსი პროექტი განახორციელა საქართველოში და განაცხადა, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობა არის სახელმწიფოს მხარდაჭერით შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ბიზნესმა მხარი აუბას ამ ინიციატივას და საქართველოს რეგიონებში მოხდეს მსგავსი ინფრასტრუქტურების განვითარება, ვინაიდან პირველივე კითხვა, როცა ჩვენ მივიღეთ ეს საერთაშორისო ექსპედიცია კაჭრეთში, მათი სურვილი იყო, რომ ძალიან ლამაზია, სადაც დავეშვით, საქართველო როგორი მომხიბვლელი არის ჰაერიდან, ჩვენ გვინდა სხვა კუთხეებში აგრეთვე მოგზაურობა საკუთარი თვითმფრინავებით და ჩვენ თუ საქართველოს რუკას დავხედავთ, თვითმფრინავით შეიძლება ნებისმიერ კუთხეში მისვლა ერთი საათი და 20 წუთის განმავლობაში მაქსიმუმ. აქედან გამომდინარე, მაშინ, როცა მანქანით შეიძლება 6-6.5 საათიც დასჭირდეს ხანდახან. შესაბამისად, სტუმარმასპინძლობის კულტურის განვითარება ბევრად უფრო საქართველოს აიყვანს სხვა სიმაღლეებზე.
ჩვენ უფრო მაღალი სეგმენტის მოგზაურებზე და ვიზიტორებზე გვექნება გათვლა და მიმღებლობა და აგრეთვე, როგორც სახელმწიფო, ასევე „ამბასადორი“ ჯგუფი, რომელმაც წამოაყენა ეს ინიციატივა, სხვა ბიზნესების მიერ მსგავს ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში ჩვენ უკვე შეგვეძლება ამ წარმატების გაზიარება ერთმანეთში და ერთობლივად მასპინძლობა ამ საერთაშორისო ვიზიტორების, რაც იქნება ძალიან კარგი“, - აცხადებს გოჩა კამკია.