თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
თიბისისა და “ზეტ ტრანს ჯგუფის” პარტნიორობით, საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურას 100 ახალი სატვირთო ვაგონი შეემატა. ეს ყველაზე მსხვილი კერძო ინვესტიციაა, რომელიც ამ სექტორში განხორციელდა. პროექტის ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 7 მილიონამდე დოლარი შეადგინა, რაც სრულად თიბისის დაფინანსებულია.
ახალი ვაგონები უკვე მოძრაობს აზერბაიჯანი-საქართველოს მიმართულებით და კარბამიდის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ვაგონები ექსპლუატაციაში აპრილიდან შევიდა და თვეში საშუალოდ სამ-ოთხ ბრუნს ასრულებს. ამ პერიოდში ბათუმის პორტის მიმართულებით დაახლოებით 40 000 ტონა ტვირთი უკვე გადაზიდულია.
ვაგონების დამატება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყანაში სარკინიგზო გადაზიდვების შესაძლებლობებს - პროექტი ხელს უწყობს რეგიონში არსებული სპეციალიზებული სატვირთო ვაგონების დეფიციტის შემცირებასა და ზრდის ტვირთების გამტარუნარიანობას. ასევე აძლიერებს, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყნის, როლს.
„უკვე 10 წელზე მეტია “ზეტ ტრანს გრუპთან” ვპარტნიორობთ და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ წარმოებისა და სერვისების მიმართულებით. ეს ინვესტიცია კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია ბიზნესისა და ბანკის პარტნიორობას შექმნას ღირებულება როგორც კომპანიისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. ახალი ვაგონები აძლიერებს შუა დერეფნის გამტარუნარიანობას და ხელს უწყობს ლოგისტიკური სექტორის განვითარებას. ლოგისტიკა კი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი წილი მშპ-ში 6%-ია. სექტორის ზომიდან და სტრატეგიული დანიშნულებიდან გამომდინარე, ტრანსპორტი და დასაწყობება თიბისისთვისაც პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომ აქტიურად ვაფინანსებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ბიზნესის გაფართოებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ამის შედეგია, რომ ბოლო სამ წელში თიბისის ლოგისტიკის სექტორის საკრედიტო პორტფელი 74%-ით გაიზარდა და 436 მილიონ ლარს შეადგენს“, - დავით კონცელიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი.
“კომპანიის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ დადებითი შედეგი უკვე გამოიღო ტვირთბრუნვის ზრდისა და ლოგისტიკური პროცესების ეფექტიანობის მიმართულებით. ჩვენთვის მთავარი პრინციპებია დროის ოპტიმიზაცია, ტვირთის გადაზიდვა უსაფრთხოდ და ხარისხის სრული დაცვით. ახალმა, თანამედროვე სავაგონე პარკმა ამ მიმართულებით ჩვენი შესაძლებლობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა, რაც შუა კორიდორის კონკურენტუნარიანობისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა, ჩვენ კი ამ მასშტაბურ პროექტს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით - განახლებული, თანამედროვე სავაგონე პარკით, რომლის გაფართოებაც, საჭიროების შემთხვევაში, კვლავაც შეგვიძლია. ეს გვაძლევს ჯანსაღ ამბიციას, რომ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით, საერთაშორისო პარტნიორული ქსელითა და რეალური მატერიალურ-ტექნიკური რესურსით შევძლებთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ანაკლიის პორტის განვითარებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობა ხელს შეუწყობს შუა კორიდორისა და მთლიანად საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას”,- ალექსი ნიკოლაიშვილი, Ztrans Group-ის დამფუძნებელი.
სხვა სიახლეები
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
11.08.2026.17:49
ლაზარე კომახიძე ძეგვის ბავშვთა სახლში გაიზარდა. მეკლდეურობა 1999 წელს ახალგაზრდა მასწავლებლის დახმარებით აღმოაჩინა და იმავე წელს, ათი წლის ასაკში, საქართველოს ჩემპიონი გახდა. მალე მისი ოჯახი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის საპილოტე პროექტში ჩაერთო და დაბა ბედიანში გადავიდა. შედეგად, სპორტზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა - ბედიანში ვარჯიშის შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობდა.
დღეს სწორედ ბედიანში, სადაც ბავშვობა გაატარა, ლაზარე სათავგადასავლო ბანაკს აშენებს, რომლის ტერიტორიაზეც ცოტა ხნის წინ ბავშვთა ბოლდერინგის (კლდეზე ცოცვის ერთ-ერთი სახეობა) ფესტივალი გაიმართა. ბანაკი Tegeta.care-ის პარტნიორია, ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი კი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო, რომელიც ტერიტორიაზე კოტეჯის მშენებლობას აფინანსებს და ინფრასტრუქტურის განვითარებას უჭერს მხარს.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „საზოგადოების მხარდაჭერა „თეგეტას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენი ზრუნვის პლატფორმა Tegeta.care უკვე წლებია არსებობს და სწორედ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას ემსახურება. ბედიანის სათავგადასავლო ბანაკი შარშან აღმოვაჩინეთ და მაშინვე დავინახეთ, რამდენად ახლოს არის მათი საქმიანობა ჩვენს ხედვასთან - ეს პროექტი პირდაპირ ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების მხარდაჭერას, რეგიონების განვითარებასა და ინკლუზიურობას.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს არ ყოფილიყო ერთჯერადი ღონისძიების მხარდაჭერა: კოტეჯი არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბანაკს წლების განმავლობაში მოემსახურება და ბავშვებს ტერიტორიაზე დარჩენისა და პროგრამაში სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ ასეთი იდეების გარშემო რაც შეიძლება მეტი ადამიანი და მეტი კომპანია გავაერთიანოთ - ბანაკის ახალ ეტაპზე გადასვლას სწორედ ეს სჭირდება“.
ბედიანის ბანაკს სოციალური საწარმოს დანიშნულება აქვს - მიღებული შემოსავალი ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების განვითარებას დაუბრუნდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ბანაკის მიზანია, სპორტული ცოცვის შეჯიბრებებისა და ფესტივალების მასპინძლობა მთელი წლის განმავლობაში შეძლოს.
მომავალში ბანაკი უნდა გახდეს საქართველოში პირველი მრავალფუნქციური სპორტული და სათავგადასავლო სივრცე, რომელიც ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ და პიროვნულ განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტული ცოცვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, გარემო კი მთლიანად ადაპტირდება შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებისთვის. ამასთანავე, ბედიანის ბავშვთა სახლში გაზრდილ ახალგაზრდებს ბანაკი დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ლაზარე კომახიძე, ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების დამფუძნებელი: „წლების განმავლობაში ყოველი ვარჯიშისა თუ შეჯიბრებისთვის, ბავშვების თბილისში წაყვანისთვისაც კი ფინანსების მოძიება მიწევდა და ეს ძალიან რთული პროცესი იყო. ბანაკის იდეა სწორედ აქედან დაიბადა - მინდოდა შემექმნა სივრცე, რომელიც თავად გამოიმუშავებს შემოსავალს და ამ კლუბებს განავითარებს. სპორტს შეუძლია, ბავშვი ნეგატიურ გავლენას მოწყვიტოს და მიზანი დაუსახოს. აუცილებელი არ არის, ყველა წარმატებული სპორტსმენი გამოვიდეს - მთავარია, სირთულეების გადალახვა ისწავლოს.
დღეს ბანაკს უკვე აქვს საცოცი კედელი, წყალი და ელექტროენერგია, მაგრამ, ბავშვები რომ უსაფრთხოდ და სისტემატურად მივიღოთ, კოტეჯები და სამზარეულო გვჭირდება. „თეგეტას“ მხარდაჭერა ამ მიმართულებით პირველი კონკრეტული ნაბიჯია: ერთი კოტეჯი უკვე შენდება და სწორედ მისი წყალობით შევძელით, წელს ნიქოზელი ბავშვები მთელი კვირით ბანაკში დაგვეტოვებინა. თუ ინიციატივას სხვა კომპანიებიც შემოუერთდებიან, ბანაკი გაცილებით მეტ ბავშვს გაუხსნის კარს“.
ბედიანში ბავშვთა ბოლდერინგის ფესტივალის პირველი დღე ცოცვის მასტერკლასს დაეთმო - გამოცდილი მეკლდეურები ბავშვებს კედელზე მოძრაობის ტექნიკას, უსაფრთხოებისა და ურთიერთდახმარების წესებს ასწავლიდნენ. მეორე დღეს კი 6-12 წლის ასაკის მონაწილეები ბოლდერინგის ბილიკებზე გამოვიდნენ. ღონისძიებაში 23 ბავშვი ჩაერთო, მათ შორის, 8 - ბედიანიდან, დანარჩენები კი - ნიქოზიდან და თბილისიდან. ღონისძიებას, მთლიანობაში, დაახლოებით 50 ადამიანი ესწრებოდა. საცოცი კედლის გარდა, ბავშვებს თევზაობაში, ფრენბურთში, ბადმინტონსა და მშვილდოსნობაში ძალების მოსინჯვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

დღეს ტერიტორიაზე მოწყობილია საცოცი კედელი, მიყვანილია წყალი, ელექტროენერგია და დაწყებულია ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. სამომავლო ხედვა კოტეჯებს, ზიპლაინს, ბიობოსტანს, საცურაო აუზსა და დამატებით სპორტულ და შემეცნებით სივრცეებს მოიცავს.
პირველ ეტაპზე ბანაკის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის 4 კოტეჯია საჭირო, გრძელვადიან პერსპექტივაში კი 16 კოტეჯის აშენება იგეგმება. ყველა მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული შესასვლელი უნდა ჰქონდეს. განვითარების შემდეგი ეტაპი უფრო ფართო თანამონაწილეობას საჭიროებს. ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა კი როგორც კერძო სექტორს, ისე მოქალაქეებს აქვთ, მათ შორის, Tegeta.care-ის პლატფორმის გამოყენებით.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ჩართულობა ამით არ სრულდება - კომპანია ბანაკის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მიმდინარე აქტივობებს კვლავაც დაუჭერს მხარს. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი „თეგეტა“ ბანაკში საკუთარი თანამშრომლების შვილებისთვის სპეციალური საბანაკო პროგრამების დანერგვასაც გეგმავს.
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.