დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი აგრძელებს სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების მხარდაჭერას. 2026 წელს შემოწირულობებმა 561,749.00 ლარი შეადგინა, საიდანაც 335 000 ლარი დაჭრილ მებრძოლთა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, პროფესიულ გადამზადებასა და სასწავლო პროგრამების დაფინანსებას მოხმარდა. აგვისტოს მდგომარეობით, ფონდმა 74 ბენეფიციარისთვის გამოყო თანხა.
საანგარიშო პერიოდში ფონდის მიერ გაწეული დახმარება მოიცავდა:
- 128,981 ლარი — 50%-იანი თანადაფინანსება 11 ბენეფიციარისთვის;
- 64,677 ლარი — ორი გადაუდებელი ოპერაციის დასაფინანსებლად;
- 61,564 ლარი — ბენეფიციართა არასრულწლოვანი შვილების მხარდასაჭერად;
- 40,030 ლარი — სამედიცინო მომსახურებისთვის;
- 20,846 ლარი — ბენეფიციართა მეუღლეების მხარდასაჭერად;
- 11,821 ლარი — განათლებისა და პროფესიული გადამზადებისთვის;
- 6,925 ლარი — მედიკამენტებისთვის;
- 987 ლარი — გარემოს ადაპტაციისთვის.
კომპანია სილქნეტმა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი 2018 წელს დააფუძნა და ყოველწლიურად 300 000 ლარის დონაციით მონაწილეობს ქველმოქმედებაში. ფონდის შემომწირველები არიან სხვადასხვა კომპანია და კერძო პირები. ფონდი მხარში უდგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, რომლებმაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს საომარი მოქმედებების დროს. ამასთან, ფონდი აფინანსებს ბენეფიციართა მეუღლეების სამედიცინო საჭიროებებს, სხვადასხვა სასწავლო და პროფესიული გადამზადების კურსს, რითაც დაჭრილ მებრძოლთა მეუღლეებს დასაქმებისა და ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა ეძლევათ.

ფოტო: სილქნეტი
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა გრძელვადიან პროექტს ჩაუყარა საფუძველი, რომელიც დაჭრილი მებრძოლებისა და ვეტერანების მეუღლეებს პროფესიულ გადამზადებასა და თვითდასაქმების შესაძლებლობას sთავაზობს. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები ტრენინგ ცენტრში — ახალი კარიერა ექვსთვიან კურსს გადიან — ტანსაცმლის კონსტრუირებასა და კერვაში.
სწავლების პროცესში მონაწილეები ეუფლებიან როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს — საქარგავ და საკერავ მანქანებთან მუშაობას, პროდუქტის მოდელირებას, სამოსის დამზადების სრულ ციკლს. კურსის დასრულების შემდეგ მათ შეეძლებათ დასაქმდნენ, შექმნან საკუთარი მცირე ბიზნესი და გააუმჯობესონ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა.
ფონდის ინვესტიცია მომავალი თაობის განათლებაში
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი დიდ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო აქტივობების მხარდაჭერას. ვეტერანთა არასრულწლოვანი შვილებისთვის შემუშავდა სპეციალური სასწავლო კურსი კომპიუტერულ პროგრამირებასა და ინგლისურ ენაში. კურსი სექტემბრიდან ამოქმედდება.
დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეთა არასრულწლოვანი შვილები მონაწილეობენ სხვადასხვა ვორკშოფსა და ტრეინინგში, რომლებიც მანგლისის სკოლა საბადოში იმართება. დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით დაარსებულ ლიდერობის აკადემია საბადოსა და ფონდს შორის მემორანდუმს გასულ წელს მოეწერა ხელი. საბადოში გამართული საგანმანათლებლო აქტივობები უფასოდ არის ხელმისაწვდომი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ბენეფიციართა არასრულწლოვანი შვილებისთვის, რომლებიც 2025-2026 წლებში 8 სხვადასხვა თემატურ პროგრამაში ჩაერთნენ. მათ შორისაა ისეთი პროგრამები, როგორებიცაა ადგილობრივი თვითმმართველობა, მენეჯმენტი და ეკონომიკა, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები, კრიზის მენეჯმენტი, პოლიტიკური სისტემები და მათი მართვა. ასევე, მათთვის ხელმისაწვდომია საერთაშორისო პროგრამები, რომლებიც საბადომ თავის პარტნორებთან, ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებთან ერთად განახორციელა: ლიდერობის კურსი (ჰარვარდი) და პოლიტიკის ფსიქოლოგია სოციალურ მედიაში (სტენფორდი).

ფოტო: სილქნეტი
გრძელვადიანი მხარდაჭერა სამხედროთა სპორტული გუნდებისთვის
ფონდი აქტიურად უდგას მხარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოთა სპორტულ გუნდს, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში მონაწილეობს. ბენეფიციართა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის მიზნით, ფონდმა ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Invictus Games Foundation-თან თანამშრომლობით, სხვადასხვა წელს მჯდომარე კალათბურთისა და მშვილდოსნობის გუნდები აღჭურვა სპეციალური სპორტული ინვენტარით. გრძელვადიანი მხარდაჭერა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს საშუალებას აძლევს წარმატებას მიაღწიონ პარა სპორტულ ტურნირებში. ახლახან, ფონდის დაფინანსებით, შეძენილია რაგბის 10 ეტლი, რითაც მებრძოლთა კიდევ ერთი სპორტული გუნდი ჩამოყალიბდა. სამხედროთა სპორტული გუნდები 2027 წელს ძლიერთა თამაშებში მონაწილეობისთვის მოემზადებიან, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში გაიმართება.
ტრადიციად იქცა, ყოველწლიურად, დაჭრილთა მხარდასაჭერი საქველმოქმედო გარბენის ორგანიზება, რომლის ინიციატორი თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციაა. უკვე მესამე წელია, სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან ერთად ატარებენ სპორტულ ღონისძიებას, რომლის მიზანია საზოგადოებაში ფონდის შესახებ ცნობიერების ამაღლება. გარბენში რეგისტრაციიდან შემოსული თანხა სრულად ირიცხება დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში.
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში დონაციის განსახორციელებლად შექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი — 1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების მხარდაჭერა.
გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!






