თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
თიბისიში Co-Create Innovation-ის სერიის მორიგი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი პრაქტიკული ცოდნის დაახლოებას და გაზიარებას ემსახურება.
ღონისძიების მთავარი პარტნიორია GitHub, პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს წამყვან დეველოპერებსა და ორგანიზაციებს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, თანამშრომლობისა და ინოვაციების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
შეხვედრაზე თიბისის, GitHub-ისა და Microsoft-ის წარმომადგენლებმა განიხილეს, როგორ ცვლის AI ციფრული პროდუქტების შექმნასა და ორგანიზაციების მუშაობას. პროგრამა მოიცავდა თემატურ სესიებს, პრაქტიკულ დემოებსა და პანელურ დისკუსიას.
GitHub-თან პარტნიორობა გამოცდილების გაზიარებიდან პრაქტიკულ მუშაობაში გადაიზარდა: CO-CREATE INNOVATION-ის დასრულების შემდეგ, AI Literacy-სა და თიბისი ტექის ორგანიზებით, შიდა ჰაკათონი ჩატარდა, სადაც თიბისის გუნდებმა AI-ის შესაძლებლობები კონკრეტულ გადაწყვეტებზე მუშაობისას გამოსცადეს.
როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, თიბისი ინოვაციების განვითარებასთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობასა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის გაზიარებას. ამ მიზნით, კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც საკუთარი გუნდების კომპეტენციების განვითარებაზე, ისე ფართო საზოგადოებისა და საგანმანათლებლო სივრცეების ცნობიერების ამაღლებაზე. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკული ინიციატივები თიბისის შესაძლებლობას აძლევს, ხელი შეუწყოს AI-ის პასუხისმგებლიან და ეფექტიან გამოყენებას, ახალი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას და ისეთი ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას, რომელიც ადამიანებსა და ორგანიზაციებს მომავლის შესაძლებლობების ათვისებაში დაეხმარება.
სხვა სიახლეები
რა შედეგებით დაბრუნდა „ანიგოზი“ SIAL Paris 2026-დან და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები
29.10.2026.18:00
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, SIAL Paris 2026-ზე საქართველო 31 ქართული კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, ახალი ბიზნესკავშირების დამყარებასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას ემსახურება.
მონაწილე კომპანიებს შორის ქართული კაკლის მწარმოებელი კომპანია „ანიგოზიც“ იყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანა ქევხიშვილი Business Insider Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ამჟამად რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პარალელურად კი კომპანია საახალწლო სეზონისთვის ემზადება, რომელიც პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა.
როგორ შეაფასებდით SIAL Paris 2026-ის გამოფენას და კომპანიისთვის რამდენად შედეგიანი იყო მასში მონაწილეობა?
SIAL Paris 2026 ჩვენი კომპანიისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ღონისძიება იყო. ყველა საერთაშორისო გამოფენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდაში და ახალი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა SIAL Paris, რომელიც ევროპაში საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა.

ჩვენი კომპანია რეგულარულად მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში და ყოველწლიურად ვიღებთ დადებით უკუკავშირსა და მნიშვნელოვან ბიზნესშედეგებს.
წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან, რომლებსაც გამოფენის ფარგლებში ჩვენი პროდუქცია გავაცანით - ახალი მოსავლის ქართული კაკალი. იმედი გვაქვს, რომ წარმატებით დასრულდება და საფუძველს ჩაუყრის ახალ, გრძელვადიან ბიზნესთანამშრომლობას.
აწარმოებთ თუ არა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს რომელიმე ქვეყანასთან ექსპორტის მიმართულებით?
დიახ, მოლაპარაკებები გვაქვს. როგორც არსებულ ძველ პარტნიორებთან, ასევე ახლებთან რომლებიც გამოფენის ფარგლებში გავიცანით.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?
ახლოვდება ჩვენთვის ყველაზე მაღალ მოთხოვნადი წინა საახალწლო პერიოდი და ვემზადებით გაორმაგებული ძალისხმევით მუშაობისთვის როგორც ადგილობრივბაზარზე რეალიზაციის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ბაზარზე საექსპორტო აქტივობებისთვის.
