Tipsy Baby უფრო ახალგაზრდულ სეგმენტზეა ორიენტირებული - ანა მირიანაშვილი
„ჩელთი“ ქართული ღვინის ბრენდია, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად ვითარდება და დღეს უკვე 28 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანიის 2026 წლის პირველი 6 თვის შედეგების, საექსპორტო მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი, ანა მირიანაშვილი ესაუბრა.
როგორი იყო 2026 წლის პირველი 6 თვე კომპანიისთვის - რა შედეგებით, სიახლეებითა და საერთაშორისო აქტივობებით გამოირჩეოდა ეს პერიოდი?
წელი საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ. პირველი საერთაშორისო აქტივობა მადრიდში, Madrid Fusion-ზე გვქონდა, სადაც ესპანეთის ბაზარზე ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო გავამყარეთ. დღეს, „ჩელთის“ ღვინო წარმოდგენილია თითქმის ყველა მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანში და ასევე არაერთ ადგილობრივ, ესპანურ რესტორანშიც.
შემდეგ მონაწილეობა მივიღეთ Wine Paris Expo-ზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვინის გამოფენაა. თუ ადრე ეს გამოფენა დიუსელდორფში ტარდებოდა, ახლა უკვე პარიზშია გადმოტანილი და საერთაშორისო შეხვედრების ერთგვარ ჰაბს წარმოადგენს. იქ შევხვდით პარტნიორებს როგორც აზიიდან, ისე ამერიკიდან და ევროპიდან. ფაქტობრივად, პარიზში უკვე თებერვალში განვსაზღვრეთ წლის ძირითადი პროგნოზები და დაგეგმილი აქტივობები.
ამავე პერიოდში შევხვდით ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებსაც. წელს ჩვენი ღვინო შევიდა ბრიტანეთის ერთ-ერთ ცნობილ ქსელში, რამაც გაყიდვების ზრდას შეუწყო ხელი.
შემდეგ გადავინაცვლეთ დიუსელდორფში, სადაც გერმანიის ბაზარზე სხვადასხვა აქტივობა განვახორციელეთ. დიუსელდორფში ყოველწლიურად ჩავდივართ, რადგან გერმანიის ბაზარი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. იქ წარმოდგენილი ვართ სამ მსხვილ ალკოჰოლური სასმელების საცალო ქსელში და გვაქვს თანამშრომლობა. ყოველწლიური ვიზიტების მიზანია არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაძლიერება, ახალი პროდუქციის წარდგენა და გერმანელი მომხმარებლისთვის ჩვენი ბრენდის კიდევ უფრო მეტად გაცნობა.
შემდეგი მიმართულება დიდი ბრიტანეთი იყო, სადაც მონაწილეობა მივიღეთ London Fashion Week-ის ფარგლებში გამართულ აქტივობებში როგორც „ჩელთის“, ისე Tipsy Baby-ის ბრენდებით. Tipsy Baby უფრო ახალგაზრდულ სეგმენტზეა ორიენტირებული. ლონდონში ასევე ჩავატარეთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის Pop-up აქტივობები. ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას ვგეგმავთ. დაახლოებით 2-3 თვეში ერთხელ ჩავდივართ ბრიტანეთში, რათა ბრენდის პოზიციები კიდევ უფრო გავაძლიეროთ.
აქტიურად ვმუშაობთ ამერიკის ბაზარზეც. უკვე გავაგზავნეთ პროდუქცია და დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობა. პერიოდულად ვმონაწილეობთ სომელიეებისა და ღვინის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რაც ამერიკულ ბაზარზე ცნობადობის გაზრდაში გვეხმარება.
ასევე გვქონდა აქტივობები იაპონიაში. ღვინის ეროვნული სააგენტოს ნაწილობრივი თანადაფინანსებით მონაწილეობა მივიღეთ Road Show-ში, რომელიც იაპონიის სამ ქალაქში გაიმართა. მათ შორის ვიყავით იმ რეგიონებშიც, სადაც აქამდე ქართული ღვინო ნაკლებად იყო წარმოდგენილი. იაპონიაში უკვე გვაქვს პოზიციონირება, თუმცა ახლა ახალი პარტნიორობების ეტაპზე ვართ და ველოდებით, რომ ეს თანამშრომლობები რეალურ შეკვეთებში გადაიზრდება.
ჩინეთის მიმართულებითაც აქტიურად ვვითარდებით. ჩენდუში საერთაშორისო გამოფენაზე მივიღეთ მონაწილეობა. გასულ წელს ჩინეთში შევქმენით საკუთარი საწყობი და დავაარსეთ კომპანია, ხოლო 2026 წელს უკვე ამ მიმართულების პირველი შედეგები გამოჩნდა. გვიკავშირდებიან როგორც მცირე დისტრიბუტორები, ასევე კერძო მყიდველები.
ჩინეთში ციფრული მარკეტინგის მიმართულების გაძლიერებას ვგეგმავთ - განსაკუთრებით WeChat-ისა და სხვა ონლაინ პლატფორმების გამოყენებით. ასევე ვიყენებთ Alibaba-ს პლატფორმას, სადაც „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში ქართული პროდუქტები განთავსდა და მათ შორის ჩვენი ღვინოც არის წარმოდგენილი.
რაც შეეხება გაყიდვების მიმართულებებს, ორი ძირითადი არხი გვაქვს: ერთი არის HoReCa-ს მიმართულება - რესტორნები, სასტუმროები, დისტრიბუტორები და პარტნიორები, ხოლო მეორე - პირდაპირი გაყიდვები მომხმარებელზე ელექტრონული კომერციის პლატფორმების საშუალებით. ბოლო პერიოდში გავაფართოვეთ იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ონლაინ შეკვეთა არის შესაძლებელი და დღეს უკვე თითქმის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ მომხმარებლებს ჩვენი პროდუქციის შეძენა Chelti.com -ის საშუალებით.
რა შედეგები ჰქონდა კომპანიას ღვინის კონკურსებსა და შეფასებებში?
საერთაშორისო შეფასებებში საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა. საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო ღვინის კონკურსზე წარმატებული შედეგი ვაჩვენეთ - წარმოდგენილი ხუთი კატეგორიიდან ოთხში ოქროს მედალი მივიღეთ.
ასევე აქტიურად ვაგზავნით ნიმუშებს სხვადასხვა საერთაშორისო დეგუსტაციებზე. „ჩელთის“ ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ სტაბილური ხარისხია - წლიდან წლამდე, ახალი მოსავლის ღვინოები საერთაშორისო შეფასებებზე მაღალ შედეგებს აჩვენებს და ხშირ შემთხვევაში ოქროს მედლებით ფასდება.
რა გეგმები გაქვთ წლის დარჩენილი პერიოდისთვის?
ამ ეტაპზე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივ ბაზარზე კორპორატიული გაყიდვების მიმართულების გაძლიერებაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე ბევრი პარტნიორი გვყავს, გვინდა, უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან - იქნება ეს ნავთობის კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, მსხვილი ჰოლდინგები თუ სხვა ბიზნესები, რათა მათთვის კორპორატიული ღონისძიებებისა და საჩუქრებისთვის ჩვენი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.
შემდეგ ეტაპზე იგივე სტრატეგიის ევროპულ ბაზრებზე გადატანასაც ვგეგმავთ.
რაც შეეხება ექსპორტს, რთველამდე ვაგზავნით ძირითად შეკვეთებს, შემდეგ კი რთველის პერიოდში დაახლოებით ორი თვით ვაჩერებთ პროცესს და შემდგომ კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ ექსპორტს. ახლა საკმაოდ დატვირთული პერიოდია - პროდუქცია იგზავნება უკრაინაში, გერმანიაში, ჩინეთში, ამერიკასა და სხვა ბაზრებზე.
ამ ეტაპზე უკვე 28 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და ახლო პერიოდში ახალი ქვეყნების დამატებაზე მეტად იმ ბაზრების გაძლიერებაზე ვაკეთებთ აქცენტს, სადაც უკვე ვართ. ყოველწლიურად მინიმუმ 20%-იან ზრდა გვაქვს და მიმდინარე წელსაც იგივე ტენდენციას ვინარჩუნებთ.
პარალელურად ვაგრძელებთ მარკეტინგულ აქტივობებს, დეგუსტაციებს, სომელიეებთან თანამშრომლობას და სხვადასხვა ღონისძიებებს. წელს კიდევ გვექნება ორი დიდი გამოფენა ჩინეთში, ასევე მცირე აქტივობები ევროპაში - ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილია სხვადასხვა კამპანიები, გათამაშებები და ბრენდის ცნობადობის გასაზრდელი ღონისძიებები.
ღვინის ბაზარი ძალიან დინამიკურია და ბრენდის განვითარებისთვის მუდმივი ინვესტიციაა საჭირო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად განვვითარდეთ და მომხმარებელს ახალი გამოცდილება შევთავაზოთ.
სხვა სიახლეები
ინფრასტრუქტურის გაფართოება და ახალი პროექტები - რა გეგმები აქვს „ედის დაჩას“
05.10.2026.12:00
წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ედის დაჩა“ სტუმრებს ისტორიულ სახლში დასვენებისა და თანამედროვე კომფორტის შეთავსების შესაძლებლობას სთავაზობს. ობიექტი კანიონის პირას განთავსებული ეკო-კოტეჯებით, ღია თერმული აუზითა და კლდეში გამოკვეთილი საუნებით გამოირჩევა. Business Insider Georgia-სთან სასტუმროს დამფუძნებელი ედვარდ მკრტიჩიანი ობიექტის განვითარების მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით ზაფხულის სეზონს და როგორი იყო ობიექტის დატვირთვა?
ზაფხულის სეზონს საკმაოდ დადებითად შევაფასებდით - ობიექტის დატვირთვა მაღალი იყო. ამ წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ინფრასტრუქტურის გაფართოებამ: დავამატეთ სრულიად ახალი კონცეფციის ეკო-კოტეჯები კანიონის პირას, freestanding აბაზანებითა და პანორამული ხედებით, რამაც ახალი, პრემიუმ სეგმენტი მოგვიზიდა.

თუმცა, მოლოდინი კიდევ უფრო მაღალი იყო. რეგიონში შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ (ისრაელ-ირანის კონფლიქტმა) გარკვეული გავლენა იქონია და ისრაელიდან შემოსული ჯავშნების ნაწილის გაუქმება გამოიწვია.
როგორი იყო ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების წილი და რომელი ქვეყნებიდან იყო ყველაზე მეტი ვიზიტორი?
გასულ წელს თუ სტუმრების 95%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენდნენ და მხოლოდ 5% იყო ადგილობრივი, წელს ეს თანაფარდობა შეიცვალა - 80% უცხოელი და 20% ადგილობრივი მომხმარებელი.
ადგილობრივი სეგმენტის ზრდა განაპირობა ჩვენმა უნიკალურმა ინფრასტრუქტურამ: 24/7-ზე მომუშავე ღია თერმულმა აუზმა (36–38°C), კლდეში გამოკვეთილმა საუნებმა და ახალმა ლუქს-კოტეჯებმა.

როგორია შემოდგომის სეზონის ჯავშნები, რა ტენდენციას ხედავთ ამ სეზონზე და რა მოლოდინები გაქვთ?
მთავარი ტენდენცია: დღეს ტურიზმი დიდ ტრანსფორმაციას განიცდის. თუ ადრე მოგზაურები სტანდარტულ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს ირჩევდნენ, ახლა უპირატესობას ანიჭებენ ავთენტურ, ემოციურ ტურიზმს - სურთ ადგილობრივი ისტორიის შეგრძნება, ბუნებასთან სიახლოვე და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. ჩვენი სტუმრების 95% ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს და სწორედ ასეთ შთაბეჭდილებებს ეძებს.

ჩვენი კონცეფციის სისწორეს Booking.com-ის შეფასებებიც ადასტურებს - 317 რევიუს საფუძველზე გვაქვს უმაღლესი რეიტინგი: 9.5.
რა მიმართულებით ვითარდება „ედის დაჩა“ (ინფრასტრუქტურის, სერვისების ან კონცეფციის კუთხით) და რა არის სამომავლო გეგმები?
„ედის დაჩა“ ვითარდება როგორც აუტენტურობისა და თანამედროვე კომფორტის სინთეზი. ჩვენ შევინარჩუნეთ 1936 წლის ისტორიული სახლი და მასთან ერთად შევქმენით 4 განსხვავებული კატეგორიის დასასვენებელი სივრცე. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეკო-გასტრონომიას - გვაქვს საკუთარი სათბური, სადაც მოგვყავს ორგანული ბოსტნეული და სტუმრებს ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ საუზმესა და ვახშამს ვთავაზობთ.

სამომავლოდ ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაფართოებას. უახლოეს პერიოდში აშენდება ახალი, 2-საძინებლიანი კოტეჯი, რომელიც ჰაერში, უშუალოდ კანიონის თავზე იქნება გამოშვერილი, რაც სტუმრებს კიდევ უფრო შთამბეჭდავ და ექსკლუზიურ გამოცდილებას შეუთავაზებს.
სასტუმრო „ედის დაჩა“ (წალკა, დაშბაშის კანიონი): 2026 წლის სეზონი 2025 წელთან შედარებით:
შესადარებული პერიოდი: 17 მაისი – 29 სექტემბერი (ორივე წელს, 136 დღე). მონაცემთა წყარო: Booking.com-ის დაჯავშნები.

რა შეიცვალა
ზრდა ყველა თვეში. ყველაზე მეტად გაიზარდა „მშვიდი“ თვეები: ივნისში ნომერ-ღამეები 68%-ით მოიმატა, სექტემბერში 54%-ით. ივლისში ზრდა 20%-ია, აგვისტოში 18%.
კვირის დღეები. 2025 წელს ღამეების 21% შაბათზე მოდიოდა. 2026 წელს დატვირთვა თანაბრად გადანაწილდა: შაბათის წილი 16%-მდე შემცირდა, ხოლო ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას ზრდა 40–60%-ია. წალკა უკვე არა მხოლოდ შაბათ-კვირის მიმართულებაა.
სტუმრები უფრო ადრე გეგმავენ. დაჯავშნიდან ჩამოსვლამდე დრო (მედიანა) 11 დღიდან 24 დღემდე გაიზარდა. „ბოლო წუთის“ დაჯავშნები (ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე ან ნაკლები) 40%-დან 30%-მდე შემცირდა.
დარჩენის ხანგრძლივობა. 2 ან მეტი ღამით დარჩენილი სტუმრების წილი 14%-დან 18%-მდე გაიზარდა. თუმცა 82% ჯერ კიდევ ერთ ღამეს რჩება, ანუ წალკა ბევრისთვის ჯერ კიდევ გზად გაჩერებაა. ეს ზრდის პოტენციალია.
გეოგრაფია. სტუმრების დაახლოებით 90% უცხოელია, და ორივე წელს ისინი 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.
2026 წელს ჩამოვიდნენ სტუმრები ჩინეთიდან, ბრაზილიიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, პორტუგალიიდან, არგენტინიდან, ავსტრალია ამერიკა პერუ იაპონია.

ადგილობრივი ტურისტები - სტუმრების რაოდენობა საქართველოდან გაორმაგდა (31-დან 63-მდე), დაჯავშნები 14-დან 27-მდე გაიზარდა.
ოჯახები - დაჯავშნების დაახლოებით მეოთხედში ბავშვებიც არიან. ბავშვების საშუალო ასაკი 10 წელია. 6–12 წლის ბავშვები 41-დან 60-მდე გაიზარდა.
სრული პერიოდი - ბოლო 12 თვეში სასტუმრომ 932 სტუმარი მიიღო 37 ქვეყნიდან. პირველი სტუმრიდან (2025 წლის მაისი) დღემდე ეს რიცხვი 1414 სტუმარია 43 ქვეყნიდან.
სიახლე - 2026 წლის მარტიდან სასტუმროში ორი ახალი კატეგორიის ნომერია: „Black“ და „White“- კოტეჯები შავი და თეთრი.
შენიშვნა: მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ Booking.com-ის დაჯავშნებს. პირდაპირი დაჯავშნები არ შედის, ამიტომ რეალური დატვირთვა უფრო მაღალია. ქვეყანა ნიშნავს დამჯავშნელის ქვეყანას და არა მოქალაქეობას.