„გორჯის“ ბრენდის მფლობელმა „ტირიფონის ბაღებმა“ ვაშლის მოსავლის პროგნოზირებადობის პრობლემის მოგვარება დაიწყო
„ტირიფონის ბაღები“, რომელიც ბაზარზე „გორჯის“ ბრენდის მფლობელია, ვაშლის მოსავლის პროგნოზირებადობის პრობლემის მოგვარებას იწყებს. გორის რაიონის სოფელ კვარხეთში მდებარე კომპანია, „ტირიფონის ბაღები“, რომელის ბაღებიც 31 ჰექტარზეა გაშენებული, მოსავლის სტაბილიზაციისკენ სერიოზულ ნაბიჯებს დგამს. როგორც „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელი, ზურაბ გოჯიაშვილი აცხადებს, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და მოსალოდნელია, რომ შედეგები 2-3 წელიწადში დადგება.
ზურაბ გოჯიაშვილის თქმით, წელს საქართველოში ვაშლის მოსავალი შედარებით ნაკლები იქნება, რაც ნაწილობრივ საგაზაფხულო წვიმებმა გამოიწვია. ეს პრობლემა დიდ გავლენას ახდენს ფერმერების ეკონომიკაზე, რადგან მოსავლიანობის დაგეგმვა და შემოსავლების პროგნოზირება რთული ხდება.
„ვაშლი იმისთვის ისხამს, რომ თავისი გენეტიკური ინფორმაცია გაავრცელოს. თუ ერთ წელს ხეზე ბევრი ნაყოფია, ის საგაისოდ საყვავილე კვირტს აღარ იკეთებს და მოსავლიანობა მცირდება. სწორედ ამის გამო გვაქვს ერთ წელს ბევრი, მეორე წელს კი ცოტა მოსავალი“, - აღნიშნავს გოჯიაშვილი.
ამ გამოწვევის დასაძლევად, „ტირიფონის ბაღებმა“ ქიმიური დანორმების პრეპარატების გამოყენება დაიწყო, რაც ვაშლის მოსავალს უფრო პროგნოზირებადს გახდის. გოჯიაშვილის თქმით, ამ პრეპარატების შემოტანა საქართველოში წელს დაიწყო და კომპანია უკვე თანამშრომლობს იტალიურ კომპანიასთან, რომელიც ფერმერებს მოსავლის დაგეგმვაში ეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ წელს მოსავალი ნაკლებია, „ტირიფონის ბაღები“ 1 ჰექტარზე საშუალოდ 40 ტონაზე მეტ მოსავალს ელოდება. ზურაბ გოჯიაშვილი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ვაშლის ფასი გაიზარდა, რაც საქართველოზეც აისახება. მისი თქმით, ქვეყანა ვაშლის ნეტო იმპორტიორია, რაც იმით აიხსნება, რომ არ არსებობს საკმარისი სამაცივრე საცავები და პროდუქციის შენახვის შესაძლებლობა.
„ტირიფონის ბაღების“ ბრენდი „გორჯი“ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 7 სახეობის ვაშლითა და 2 სახეობის მსხლით. კომპანია ქვეყანაში ერთადერთია, რომელსაც Global G.A.P. სერტიფიცირება აქვს გავლილი 2017 წლიდან. მისი სამაცივრე საცავი ასევე სერტიფიცირებულია ISO 22000:2018 სტანდარტის შესაბამისად.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.