თხილის კადასტრში 85 ათასამდე ბენეფიციარის 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღის რეგისტრაცია განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2022 წელს, სხვადასხვა ფაქტორიდან, მათ შორის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, თხილის მწარმოებელმა ფერმერებმა ვერ შეძლეს აგროტექნიკური ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება, რამაც გამოიწვია მოსავლიანობისა და ხარისხის შემცირება. კერძო სექტორმა ვერ მიიღო სათანადო შემოსავალი.
„მოგეხსენებათ, თხილი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი და ექსპორტის 70 % ევროკავშირში ხორციელდება. თხილი არის ქვეყანაში მცხოვრები ათიათასობით ოჯახის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო; სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ვეხმარებით თხილის სექტორს - ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0.2 - 3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, იღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას, აგროტექნიკური ღონისძიებების ჩასატარებლად. ჩვენ შევძელით, სულ რაღაც 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 85 ათასამდე ბენეფიციარის 45.000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღის რეგისტრაცია თხილის კადასტრში. დღეის მდგომარეობით, ფერმერების 90 %-ზე მეტს აგრობარათებზე დარიცხული აქვთ თანხა, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ შესაბამისი მიზნობრიობით“, - განაცხადა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.