ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი ხუთი საოჯახო მარანი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში ,,RAW Wine Tokyo” მონაწილეობდა.
იაპონელ ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული მარნების: „ანდრიას ღვინო“, „ართანა ვაინსი“, „იორა“, „მანავი ვაინსი“, „გაბრიელი ვაინსი“ ღვინოები. გამოფენის სტუმრები ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურას გაეცნენ.
გამოფენაზე „RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
გამოფენაზე ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა იაპონიაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოს ყველა რეგიონში.
აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებულია 71 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.