Trump Tower Tbilisi ქმნის უდიდეს სტიმულს ქართული ეკონომიკისთვის და კონკრეტული სექტორისთვის - ლევან ვეფხვაძე
Trump Tower Tbilisi ქმნის უდიდეს სტიმულს ქართული ეკონომიკისთვის და კონკრეტული სექტორისთვის, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი განმარტებით, Trump Tower Tbilisi-ს პროექტი საქართველოში მხოლოდ დეველოპერული ინიციატივა არ არის, ის ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის მნიშვნელოვანი განაცხადია.
„ის სცდება ჩვეულებრივი დეველოპერული პროექტის საზღვრებს. ეს არის მნიშვნელოვანი განაცხადი, მათ შორის ქვეყნისთვისაც, რომ საქართველო არის უზარმაზარი ინტერესის ქვეშ.
იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ინვესტორი, დარწმუნებული ვარ, თუ ახლა Google-ის საძიებო სისტემაში მოვძებნით, აღმოაჩენს, რომ ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ იმ საინფორმაციო საშუალებაში, სადაც ეს გავრცელდა, საქართველოს შესახებ ძიება - რა არის ქვეყანა, როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა - მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა.
ამიტომაც, ამ პროექტის ცალკე აღებული განხილვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ის ქმნის უდიდეს სტიმულს ქართული ეკონომიკისთვის და კონკრეტული სექტორისთვის. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, სად იყო აქამდე განსაკუთრებული ინტერესი დეველოპმენტის მიმართულებით და ახლა რა პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ნათელია, როგორი სინერგია შეიძლება მივიღოთ საქართველოში საინვესტიციო გარემოს გასაძლიერებლად“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.