წელს კარგი მოსავალია, გვაქვს მოლოდინი, რომ ბიო ღვინის წარმოება გაიზრდება - „იაგოს ღვინის“ მფლობელი
წელს ყურძნის კარგ მოსავალს ველით და გვაქვს მოლოდინი, რომ ბიო ღვინის წარმოებას 10 000 ბოთლამდე გავზრდით, -ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილმა განუცხადა.
„საკმაოდ კარგი წელია როგორც ყურძნის მოსავლის ისე ხარისხის თვალსაზრისით. ჩვენ რთველი არ დაგვისრულებია. დაახლოებით 4 ჰექტარზე გვაქვს ვენახი, წარმადობა მცირეა, თუმცა წელს გვაქვს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით ზრდა გვექნება და ბიო ღვინოს ადგილობრივ ბაზარზეც გავყიდით“, - განაცხადა იაგო ბიტარიშვილმა.
ამ დროსათვის „იაგოს ღვინო“ ექსპორტზე 11 ბაზარზეა წარმოდგენილი.
მათ შორის, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ასევე იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, სინგაპურში და სხვა.
„მცირე მარნის ხაზს მივყვებით, ჯერჯერობით ასეა და ამ მხრივ არც მომავალში ვაპირებთ ცვლილებას, სტატუსს ბოლომდე შევინარჩუნებთ. გარდა ამისა, უცვლელია ტექნოლოგია, რომელიც ღვინის ბუნებრივად წარმოებას გულისხმობს. ეს არის არტიზანული მეღვინეობის არსი, რაც ადამიანისა და ხელოვნების კავშირს გულისხმობს. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტად განვავითაროთ ეს მიმართულება, რაც ჩვენი არჩევანია“, - ამბობს იაგო ბიტარიშვილი Business Insider Georgia - თან.
ცნობისთვის, იაგო ბიტარიშვილმა ორგანული ბიომეურნეობის განვითარება 1998 წელს, 2003 წლიდან უკვე ბუნებრივი ნატურალური ღვინის წარმოება და ქვევრის ღვინის ჩამოსხმა დაიწყო; თავდაპირველი წარმოება წლიურად 600 ბოთლ ღვინოს შეადგენდა და დღეს უკვე 7000 ბოთლი ისხმება. პირველი ბიო სერტიფიკატი ,,იაგოს ღვინომ“ 2004 წელს მიიღო. ვენახი გაშენებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.