წელს სტუმრების სეგმენტის ძალიან საინტერესო დივერსიფიკაცია მივიღეთ - აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ნორვეგია | Crowne Plaza Borjomi-ს მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი
2026 წლის ზაფხულის სეზონი Crowne Plaza Borjomi-სთვის სტაბილური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს დატვირთულობამ წინა წელთან შედარებით იკლო, სწორად შერჩეულმა საფასო პოლიტიკამ კომპანიას შემოსავლების შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა.
როგორ აფასებს Crowne Plaza Borjomi 2026 წლის ზაფხულის სეზონს და რა გეგმები აქვს წლის დარჩენილი პერიოდისთვის - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს სასტუმროს მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი ნინო ხაჩიძე ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით 2026 წლის ზაფხულის სეზონს Crowne Plaza Borjomi-სთვის და როგორი იყო სასტუმროს დატვირთულობა წინა წელთან შედარებით?
წელს გლობალურმა მოვლენებმა და ავიასექტორში განვითარებულმა პროცესებმა მთელს ინდუსტრიაზე იმოქმედა, თუმცა Crowne Plaza Borjomi-სთვის ეს ზაფხული შედარებით მდგრადი აღმოჩნდა.
ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიზანი სტაბილური ADR-ის შენარჩუნება იყო და ფასების დემპინგზე არ წავსულვართ. მართალია, წინა წელთან შედარებით პროცენტული დატვირთულობის მაჩვენებელმა მოიკლო, თუმცა სწორად შერჩეულმა საფასო პოლიტიკამ მოგვცა საშუალება, რომ თითოეული გაყიდული ოთახიდან მაქსიმალური მარჟა მიგვეღო და შემოსავლების კუთხით საერთო ბალანსი შეგვენარჩუნებინა.
როგორ შეიცვალა სტუმრების მოთხოვნა და რომელი ბაზრებიდან იყო წელს ყველაზე მეტი სტუმარი?
წელს სტუმრების სეგმენტის ძალიან საინტერესო დივერსიფიკაცია მივიღეთ:
აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ნორვეგია - ეს ის სეგმენტია, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ბუნებაში დასვენებას, ბორჯომის ეკოლოგიასა და ჩვენს პრემიუმ მომსახურებას.
ჩინეთი და ყაზახეთი: პირდაპირი რეისების სტაბილურობისა და მოქნილი სავიზო პოლიტიკის წყალობით, ამ ქვეყნებიდან მოთხოვნა გაიზარდა და ზაფხულის განმავლობაში გარკვეული წილი დაიკავა. აზიის ბაზრიდან, კერძოდ ჩინეთიდან და ინდოეთიდან, წამოვიდა ბიუჯეტზე ორიენტირებული ჯგუფური ნაკადები. ეკონომ-სეგმენტის მოგზაურების ქცევა და მოლოდინები საგრძნობლად განსხვავდება პრემიუმ სტუმრებისგან, რამაც საოპერაციო გუნდისგან მაქსიმალური მოქნილობა მოითხოვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სერვისების სწორად ადაპტირება ისე, რომ ლოჯისტიკური თუ კულინარიული სპეციფიკა ეფექტურად დაგვეკმაყოფილებინა და პარალელურად, სასტუმროს მაღალი ხარისხის სტანდარტი უცვლელად შეგვენარჩუნებინა.
გარდა ამისა, პირდაპირი გაყიდვების სტიმულირებისთვის აქტიურად ვიყენებთ IHG One Rewards-ის პროგრამას ინდივიდუალური სტუმრებისთვის, ხოლო ჯგუფურ და კორპორაციულ სეგმენტში კი IHG Business Rewards-ს, რაც გვეხმარება შუამავლების გარეშე პირდაპირი ჯავშნების წილი მუდმივად გავზარდოთ.
რა ტენდენციები გამოიკვეთა მიმდინარე სეზონზე და რა ტიპის სერვისებზე/შეთავაზებებზე იყო ყველაზე მაღალი მოთხოვნა?
ჩვენი მთავარი უპირატესობა კვლავ გამაჯანსაღებელი მიმართულება იყო. სტუმრები აღარ მოდიან მხოლოდ ღამის გასათევად - მათ სურთ სრული ფიზიკური და მენტალური განტვირთვა.
ყველაზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა ბორჯომის მინერალური წყლის აბაზანებზე, სპეციალურ ანტისტრეს და დეტოქს-პროგრამებზე. განსაკუთრებით გაიზარდა ხანგრძლივი ვიზიტების წილი ყაზახი და უზბეკი სტუმრების მხრიდან. ოჯახური დასვენებისთვის გარდამტეხი როლი ითამაშა ჩვენმა ორსართულიანმა საბავშვო გასართობმა ცენტრმა საკუთარი კინოთეატრით, რამაც მშობლებს საშუალება მისცა სრულფასოვნად ესარგებლათ სპა-სერვისებით.
როგორია მოლოდინი წლის დარჩენილ პერიოდზე და რა არის სასტუმროს მთავარი გეგმები სეზონის დასრულების შემდეგ?
შემოდგომის სეზონს საკმაოდ ოპტიმისტურად ვხვდებით: გრძელდება აქტიური ტურ-სერიები ავსტრალიიდან, აშშ-დან, ნორვეგიიდან, ჩინეთიდან და განახლდა ინდოეთიდან ტურისტული ნაკადი.
სეზონის შემდგომ მთავარ გეგმებს რაც შეეხება, ესენია: შემოდგომა-ზამთრის პერიოდზე სეზონური სპა და გამაჯანსაღებელი პაკეტების შემუშავება, MICE სეგმენტის გაძლიერება, IHG Business Rewards-ის მხარდაჭერით კორპორაციული კლიენტებისა და ჯგუფების მოზიდვა ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან, შემოდგომის განახლებული მენიუს წარდგენა და გამაჯანსაღებელი იოგა-სესიების გაფართოება.
სხვა სიახლეები
LEAF და საქართველოს ბანკი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს იწყებენ
03.11.2026.17:11
საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლების და საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, LEAF და საქართველოს ბანკი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს იწყებენ. ნოემბერში საინფორმაციო შეხვედრები გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება.
ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.
შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.
საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები შემდეგ ქალაქებში გაიმართება:
• 11 ნოემბერი | 16:00 - 17:00 | რუსთავი - ციფრული განვითარების სივრცე;
• 12 ნოემბერი | 16:00 - 17:00 | გორი - Gori Inn;
• 16 ნოემბერი | 17:00 - 18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50;
• 17 ნოემბერი | 14:00 - 15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14.
შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ვებგვერდს.
საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.