ციფრული უნარების განვითარება დღეს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა საქართველოსთვის - გიორგი მარიამიძე
გაეროს სპეციალიზებული სააგენტოს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კომპოზიტური ინდექსი ICT Development Index (IDI)-ის განახლებული მაჩვენებლები გამოქვეყნდა. ინდექსი, ქვეყნებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარების დონესა და ინტერნეტთან უნივერსალური და ხარისხიანი წვდომის ხარისხს აფასებს. IDI 2026-ის უახლესი გამოცემა, რომელიც 159 ეკონომიკას მოიცავს.
ICT Development Index-ის მიხედვით საქართველოს პოზიციებზე, პროგრესსა და პერპექტივებზე Business Insider Georgia გიორგი მარიამიძეს, საქართველოს ტექ ასოციაციის დამფუძნებელს ესაუბრა.
რას ზომავს ICT განვითარების ინდექსი?
ITU (საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი) გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც გლობალურად განსაზღვრავს ტელეკომუნიკაციებისა და ციფრული განვითარების ძირითად სტანდარტებს. სწორედ ITU აქვეყნებს ICT განვითარების ინდექსს - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან შეფასებას, რომელიც აჩვენებს, რამდენად განვითარებულია ქვეყნების ციფრული გარემო.
ინდექსი აფასებს, რამდენად განვითარებულია ქვეყნის ციფრული ეკოსისტემა. ამისთვის ის ითვალისწინებს ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა ციფრული ინფრასტრუქტურა, ინტერნეტის გამოყენების დონე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ქსელის დაფარვა და ფინანსური ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის.
რა შედეგი აქვს საქართველოს?
საქართველომ 2026 წლის ICT განვითარების ინდექსში 91.5 ქულა მოიპოვა. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო შედეგს, რომელიც 79 ქულას შეადგენს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მობილური ინტერნეტის ფინანსური ხელმისაწვდომობის ინდიკატორში საქართველომ მაქსიმალური, 100-ქულიანი შეფასება მიიღო. ასევე, მობილური ქსელის დაფარვა 99.9%-ს აღწევს, რაც ქვეყნის ძლიერი ციფრული ინფრასტრუქტურის კიდევ ერთი დასტურია.
გაუმჯობესდა თუ არა საქართველოს მაჩვენებლები წინა წლებთან შედარებით?
დიახ. საქართველო ბოლო წლებში სტაბილურად აუმჯობესებს შედეგებს. 2023 წელს ქვეყნის მაჩვენებელი 85.1 ქულა იყო, ხოლო 2026 წელს - უკვე 91.5 ქულა. ეს ნიშნავს, რომ სამ წელიწადში საქართველომ 6.4 ქულით გაიუმჯობესა შედეგი, რაც ციფრული განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესზე მიუთითებს.
როგორია საქართველოს პოზიცია რეგიონის ქვეყნებთან და სხვა სახელმწიფოებთან შედარებით?
საქართველო სამხრეთ კავკასიის ლიდერია ICT განვითარების ინდექსის მიხედვით და უსწრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს.
ამასთან, საქართველო უკეთეს შედეგს აჩვენებს ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან შედარებითაც, მათ შორის რუმინეთთან, რომლის ეკონომიკა და მოსახლეობა საქართველოზე მნიშვნელოვნად დიდია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ციფრული განვითარება საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანია.
რატომ არის ეს შედეგი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი?
დღეს ციფრული ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. სწორედ ამ სფეროში იქმნება მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ხდება ინოვაცია, ვითარდება ტექნოლოგიური ბიზნესი და ქვეყნებისთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები ჩნდება.
ძლიერი ციფრული ინფრასტრუქტურა ქვეყნის კონკურენტუნარიანობას ზრდის, თუმცა მისი სრული პოტენციალის გამოსაყენებლად აუცილებელია ადამიანური კაპიტალის განვითარებაც. სწორედ ამიტომ, ციფრული უნარების განვითარება დღეს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა საქართველოსთვის.
რა არის საქართველოს შემდეგი ნაბიჯი?
საქართველომ უკვე შექმნა მსოფლიო დონის ციფრული ინფრასტრუქტურა - აქვს სწრაფი, ხარისხიანი და ფართოდ ხელმისაწვდომი ინტერნეტი. ახლა მთავარი ამოცანაა, ეს შესაძლებლობები ინოვაციურ ბიზნეს მოდელებად, მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებად და ეკონომიკურ ზრდად გარდაიქმნას.
ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანებს - მათ ცოდნასა და ციფრულ უნარებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება შვეიცარიული კოლეჯი სქილვილი, რომლის მისიაა, ადამიანებს მისცეს თანამედროვე, ბაზარზე მოთხოვნადი ცოდნა და მოამზადოს კვალიფიციური კადრები, რომლებიც საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.