წინა წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა - „ედის დაჩა“ 2025 წლის შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ედის დაჩა“ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ობიექტი, ადგილზე მისულ სტუმარს მრავალსაუკუნოვან სახლში დასვენების შესაძლებლობას სთავაზობს. Business Insider Georgia - სთან სასტუმროს დამფუძნებელი ედვარდ მკრტიჩიანი 2025 წელს აფასებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„საკმაოდ კარგი სეზონი იყო. წინა წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, განსაკუთრებით ისრაელიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან ჩამოსული სტუმრები ჭარბობდნენ. აგვისტოში 95%-იანი დატვირთვით ვმუშაობდით.

როგორც მოგეხსენებათ, საუკუნოვანი სახლი გვაქვს, რომელიც მოიცავს 2 ეკონომ კლასის, 2 სტანდარტულ და 2 ლუქს ნომერს. ამჟამად გაფართოების პროცესში ვართ და ნომრების რაოდენობას კიდევ უფრო ვზრდით. არსებულ ინფრასტრუქტურას დაემატება 2 სუპერ ლუქს ნომერი, რომლებიც კანიონის პირას განთავსდება და აღჭურვილი იქნება ჯაკუზითა და საკუთარი სააბაზანო სივრცით. ნომრებს ექნება თანამედროვე ვიზუალი, თუმცა შენარჩუნებული იქნება ძველებური ელემენტები.
იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს სამზარეულოზე მოთხოვნა ძალიან მაღალია და მიმდინარე წელს გასტრო მიმართულებით ერთ-ერთი პროექტის „მზისკარის“ გამარჯვებულები გავხდით, მომხმარებელს ვთავაზობთ ეკო პროდუქტებზე დაფუძნებულ მენიუს. გვაქვს საკუთარი სათბური, რომლის ნაწილი უკვე გავზარდეთ, ერთი სრულფასოვანი სათბური უკვე ფუნქციონირებს, ხოლო მის გვერდით მინი სათბურს ვაწყობთ, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი ბოსტნეული და ხილი შევთავაზოთ.

იმ პროდუქციის ნაწილს კი, რომელიც თავად არ მოგვყავს, ადგილობრივი ფერმერებისგან ვიძენთ. ამასთან ერთად, აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას, ვმუშაობთ ამ მიმართულებით და აქტიურად ვატარებთ სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს “, - აცხადებს სასტუმროს დამფუძნებელი.
ცნობისთვის, სასტუმროს ნომრები სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და დასვენებისთვის საჭირო ინვენტარით. საოჯახო სასტუმროს გააჩნია მოსასვენებელი სივრცე. სტუმარს შესაძლებლობა აქვს დროის ნებისმიერ მონაკვეთში ისარგებლოს ადგილობრივი სარესტორნო მომსახურებით.
სხვა სიახლეები
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
06.10.2026.12:19
9 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის გალერეა ირინა ჯიბუტის პირველ პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“ უმასპინძლებს.
თიბისი კონცეპტის გალერეა ქმნის სივრცეს ხელოვნების, განათლების და კვლევის დიალოგისთვის. ახალ ნამუშევრებს, განსხვავებულ ხედვებსა და შემოქმედებით პროცესებს საზოგადოებას აცნობს.
ირინა ჯიბუტის ნამუშევრების საწყისი წერტილი მიწაა - არა როგორც ნეიტრალური ნედლეული, არამედ როგორც კონკრეტული ადგილის მატერია, რომელსაც საკუთარი შემადგენლობა, ფერი, თვისებები და ისტორია აქვს. გამოფენა იკვლევს ციკლს, რომელშიც მიწა მასალად, მასალა ფორმად, ფორმა კი ცეცხლით გარდაქმნილ სხეულად იქცევა და კვლავ ბუნებრივი მთლიანობის ნაწილად რჩება.
ნამუშევრების საფუძველია საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული ბუნებრივი თიხების კვლევა. ამ პროცესში მიწა ერთდროულად ხდება კვლევის საგანი და მხატვრული მასალა, რომლის მოპოვება, დამუშავება, ფორმირება და გამოწვა ურთიერთობას ავლენს ადგილს, მასალასა და ადამიანის მოქმედებას შორის.
თიბისი კონცეპტის გალერეის ორი სართული ამ პროცესის განსხვავებულ მდგომარეობებს აერთიანებს. პირველ სართულზე წარმოდგენილია მასშტაბური კერამიკული ნამუშევრები: ვერტიკალური ფორმები, კედლის კომპოზიცია და „მდინარე“. თითოეული მათგანი მიწის გარდაქმნის განსხვავებულ ეტაპს წარმოაჩენს. ვერტიკალური ფორმები ჭურჭლის უძველეს არქეტიპს ეყრდნობა და ადამიანის შრომის, დროისა და უწყვეტობის ნიშნად იქცევა. კედლის კომპოზიციაში სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები ერთიან გეომეტრიულ ფორმაშია მოქცეული, თუმცა თითოეული საკუთარ ბუნებას ინარჩუნებს. „მდინარე“ კი წყალს გარდაქმნის ძალად წარმოგვიდგენს, ელემენტად, რომელიც მიწას არბილებს, გადააქვს და ცვლის.
მეორე სართული კვლევის ლაბორატორიას ეთმობა. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები, მინერალები და ქვები, მათი წარმოშობის რუკები, ტესტ-ფილები, გამომწვარი ნიმუშები, მოჭიქურების ცდები და პროცესის ჩანაწერები.
ირინა ჯიბუტი კერამიკოსი, მკვლევარი და პედაგოგია. მისი პრაქტიკა თიხის ფიზიკური, ვიზუალური და კულტურული თვისებების კვლევას ეფუძნება. 2026 წელს მან დააარსა კვლევითი პლატფორმა Commonland, რომელიც საქართველოს თიხის რესურსების შესწავლასა და კერამიკული მასალების განვითარების ახალი გზების ძიებას ემსახურება.
თიბისი მრავალწლიანი გამოცდილებით აქტიურად უჭერს მხარს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას, ქმნის შესაძლებლობებს ახალი იდეებისა და შემოქმედებითი პროცესებისთვის.
გამოფენის კურატორია მარიამ წიქარიძე.
გახსნა: 9 ოქტომბერი, 18:00-20:00
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7
სამუშაო საათები: ორშაბათი–შაბათი, 10:00-20:00
დასწრება თავისუფალია!