წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჯავშნები 5%-ით გაიზარდა l Newport Hotel Kutaisi
Newport Hotel Kutaisi, ქუთაისში მდებარე სასტუმროა, რომელიც 2021 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. როგორ მიმდინარეობს სასტუმროსთვის 2026 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი, რომელი ქვეყნებიდან მასპინძლობს ყველაზე მეტ სტუმარს და რა გეგმები აქვს სამომავლოდ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმროს გენერალური მენეჯერი, ლანა სულაქველიძე ესაუბრა.
როგორ მიმდინარეობს Newport Hotel Kutaisi-სთვის 2026 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი? რამდენად გაიზარდა სტუმრების ნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით?
Newport Hotel Kutaisi-სთვის 2026 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, რაც მას მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნადს ხდის, ხოლო მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით საშუალოდ 90%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ. მიმდინარე სეზონზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა საშუალოდ 5%-ით არის გაზრდილი, რაც ტურისტული აქტივობისა და ჩვენი სასტუმროსადმი მაღალი ინტერესის დასტურია.

რომელი ქვეყნებიდან მასპინძლობთ ყველაზე მეტ ვიზიტორს მიმდინარე სეზონზე? შეიცვალა თუ არა უცხოელი და ადგილობრივი სტუმრების თანაფარდობა?
ზაფხულის სეზონზე ჩვენი სტუმრების უმრავლესობას უცხოელი ვიზიტორები წარმოადგენენ. პარალელურად, აქტიურად გვსტუმრობენ ქართველი სტუმრებიც, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ქართველები და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. სეზონურ პერიოდში უცხოელი სტუმრების წილი მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივი სტუმრების რაოდენობას.
ზაფხულის სეზონისთვის თუ შესთავაზეთ სტუმრებს რაიმე სიახლე – ახალი სერვისები, სპეციალური შეთავაზებები, ტურისტული პაკეტები ან სხვა ინიციატივები?
მიმდინარე სეზონისთვის განვაახლეთ ჩვენი კაფის მენიუ, რათა სტუმრებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ. ასევე, მხოლოდ სასტუმროს სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ტერასის სივრცით და ქალაქის ხედების ფონზე მშვიდ გარემოში დაისვენონ.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ტურისტული პაკეტები არ გვაქვს, ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად შესაძლებელია სპეციალური მენიუს შექმნა, რაც სტუმრებს მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.
რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ? მუშაობთ თუ არა ახალი სერვისების, ინფრასტრუქტურის განვითარების ან სხვა სიახლეების დანერგვაზე?
სამომავლოდ არაერთი განვითარების გეგმა გვაქვს და სხვადასხვა სიახლის დანერგვაზე აქტიურად ვმუშაობთ. თუმცა, Newport Hotel Kutaisi ისტორიულ შენობაში ფუნქციონირებს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, შენობის ავთენტური არქიტექტურისა და ისტორიული იერსახის შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რის გამოც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება შესაბამისი რეგულაციების დაცვით და ეტაპობრივად ხდება.

ჩვენი მთავარი მიზანია, ისტორიული გარემოს შენარჩუნებასთან ერთად, სტუმრებს თანამედროვე, კომფორტული და მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ.
აღსანიშნავია, რომ Newport Hotel Kutaisi წარმოადგენს ადგილს, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის. მისი უნიკალური არქიტექტურა, შესანიშნავი მდებარეობა და მაღალი ხარისხის მომსახურება ქმნის მყარ საფუძველს წარმატებისთვის, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტების თვალში.
სხვა სიახლეები
National Geographic საქართველოსა და სილქნეტის შემეცნებითი შეხვედრები გრძელდება
18.11.2026.12:37
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომელიც National Geographic საქართველოს ახალი ნომრის მთავარ თემას, „ტვინს“ მიეძღვნა.
სილქნეტის მხარდაჭერით შემეცნებითი შეხვედრები 2022 წლიდან იმართება. ამ შეხვედრების მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და უახლესი მიღწევების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. სპიკერები წარმატებული მეცნიერები, ფოტოგრაფები თუ მკვლევრები არიან, რომლებიც აუდიტორიას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.
საჯარო ლექციაზე „ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ ზაალ კოკაიამ საკუთარი სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც ღეროვანი და რეპროგრამირებული უჯრედების გამოყენების შესაძლებლობებსა და ინსულტის შედეგად დარღვეული თავის ტვინის ფუნქციების აღდგენას უკავშირდება.
ზაალ კოკაია შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევების პროფესორი და 155-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.
ამასთანავე, ის ჟურნალ National Geographic საქართველოს სამეცნიერო საბჭოს წევრი და ევროპის აკადემიის (Academia Europaea) თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფართო აუდიტორიასთან შეხვედრა. მგონია, რომ National Geographic საქართველო ერთ-ერთი თუ არა, ერთადერთი წყაროა ცოდნის ამაღლების და ცნობიერების განვითარებისთვის. ეს საქმე სილქნეტმა დიდიხნის წინ დაიწყო და აგრძელებს ცოდნის გავრცელების ხელშეწყობას მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო ბრენდის ქვეშ” - ზაალ კოკაია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტის პროფესორმა ალექსანდრე ცისკარიძემ აუდიტორიას თანამედროვე მედიცინის უახლესი მიღწევები და ამ სფეროში არსებული გამოწვევები გააცნო.
ლექცია ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა წარადგინა, ღონისძიების მასპინძელი კი სილქ ჰოსფითალითი იყო.
ჟურნალი National Geographic საქართველო 2012 წლიდან კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით გამოიცემა. კომპანიისა და National Geographic საქართველოს თანამშრომლობით იქმნება შემეცნებითი ლექციებისა და პოდკასტების ციკლიც, რომელიც სილქნეტის ციფრულ პლატფორმებზე უფასოდაა ხელმისაწვდომი.
ჟურნალის შეძენა შესაძლებელია პრესის გავრცელების ჯიხურებში, „ბიბლუსისა“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მაღაზიათა ქსელებში. გამოცემა სპეციალურ ფასად არის ხელმისაწვდომი ჟურნალის რედაქციასა და სილქნეტის მომსახურების ცენტრებში, შემდეგ მისამართებზე: პირველი რესპუბლიკის მოედანი №1, ცინცაძის ქუჩა №2 და ყაზბეგის გამზირი №14.