„წისქვილი ბაზარი“ საახალწლოდ დესერტებს ამატებს
მზა კვებაში 15 დეკემბრიდან დესერტებს დავამატებთ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „წისქვილი ბაზარი“ დირექტორმა გიორგი ქაშიბაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება ახალი წლის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით მიიღეს. ამასთან, სავაჭრო ობიექტებზე იგეგმება საახალწლო ფასდაკლებები.
„პროდუქტებზე საახალწლო აქციები იქნება სტანდარტული და „წისქვილი ბაზარის“ ახალი შემოთავაზებაა დესერტები, რაც კომპანიის ორივე ფილიალში 15 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი“, - აცხადებს გიორგი ქაშიბაძე.
ამ დროისათვის „წისქვილი ბაზარის“ ობიექტებზე რიგი პროდუქტები ფასდაკლებით უკვე იყიდება.
„ბოლო საახალწლო ფასდაკლებები იქნება 20 დეკემბრის შემდეგ. შამპანურებზე, სასმელებსა და ბომბონერებზე საშუალო ფასდაკლება 25-30%-დან დაიწყება და 50%-მდე ავა. ახალი ფილიალის გახსნის შემდეგ მომხმარებლის რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი და ბრენდის ცნობადობაც გაიზარდა“, - ამბობს გიორგი ქაშიბაძე.
„წისქვილი ბაზარის“ სერვისი საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი.
„ჩვენს ფილიალებში ფასები იგივეა, მაგრამ მომსახურება არის მაღალი ხარისხის და შესაბამისად მოთხოვნა იზრდება“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.
„წისქვილი ბაზარი“ სამი წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ერთი ფილიალი ვაკეშია, ხოლო მეორე 2023 წელს ავლაბარში გაიხსნა.
სხვა სიახლეები
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
06.10.2026.12:19
9 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის გალერეა ირინა ჯიბუტის პირველ პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“ უმასპინძლებს.
თიბისი კონცეპტის გალერეა ქმნის სივრცეს ხელოვნების, განათლების და კვლევის დიალოგისთვის. ახალ ნამუშევრებს, განსხვავებულ ხედვებსა და შემოქმედებით პროცესებს საზოგადოებას აცნობს.
ირინა ჯიბუტის ნამუშევრების საწყისი წერტილი მიწაა - არა როგორც ნეიტრალური ნედლეული, არამედ როგორც კონკრეტული ადგილის მატერია, რომელსაც საკუთარი შემადგენლობა, ფერი, თვისებები და ისტორია აქვს. გამოფენა იკვლევს ციკლს, რომელშიც მიწა მასალად, მასალა ფორმად, ფორმა კი ცეცხლით გარდაქმნილ სხეულად იქცევა და კვლავ ბუნებრივი მთლიანობის ნაწილად რჩება.
ნამუშევრების საფუძველია საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული ბუნებრივი თიხების კვლევა. ამ პროცესში მიწა ერთდროულად ხდება კვლევის საგანი და მხატვრული მასალა, რომლის მოპოვება, დამუშავება, ფორმირება და გამოწვა ურთიერთობას ავლენს ადგილს, მასალასა და ადამიანის მოქმედებას შორის.
თიბისი კონცეპტის გალერეის ორი სართული ამ პროცესის განსხვავებულ მდგომარეობებს აერთიანებს. პირველ სართულზე წარმოდგენილია მასშტაბური კერამიკული ნამუშევრები: ვერტიკალური ფორმები, კედლის კომპოზიცია და „მდინარე“. თითოეული მათგანი მიწის გარდაქმნის განსხვავებულ ეტაპს წარმოაჩენს. ვერტიკალური ფორმები ჭურჭლის უძველეს არქეტიპს ეყრდნობა და ადამიანის შრომის, დროისა და უწყვეტობის ნიშნად იქცევა. კედლის კომპოზიციაში სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები ერთიან გეომეტრიულ ფორმაშია მოქცეული, თუმცა თითოეული საკუთარ ბუნებას ინარჩუნებს. „მდინარე“ კი წყალს გარდაქმნის ძალად წარმოგვიდგენს, ელემენტად, რომელიც მიწას არბილებს, გადააქვს და ცვლის.
მეორე სართული კვლევის ლაბორატორიას ეთმობა. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები, მინერალები და ქვები, მათი წარმოშობის რუკები, ტესტ-ფილები, გამომწვარი ნიმუშები, მოჭიქურების ცდები და პროცესის ჩანაწერები.
ირინა ჯიბუტი კერამიკოსი, მკვლევარი და პედაგოგია. მისი პრაქტიკა თიხის ფიზიკური, ვიზუალური და კულტურული თვისებების კვლევას ეფუძნება. 2026 წელს მან დააარსა კვლევითი პლატფორმა Commonland, რომელიც საქართველოს თიხის რესურსების შესწავლასა და კერამიკული მასალების განვითარების ახალი გზების ძიებას ემსახურება.
თიბისი მრავალწლიანი გამოცდილებით აქტიურად უჭერს მხარს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას, ქმნის შესაძლებლობებს ახალი იდეებისა და შემოქმედებითი პროცესებისთვის.
გამოფენის კურატორია მარიამ წიქარიძე.
გახსნა: 9 ოქტომბერი, 18:00-20:00
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7
სამუშაო საათები: ორშაბათი–შაბათი, 10:00-20:00
დასწრება თავისუფალია!