ცნობისმოყვარეობიდან ინოვაციების დანერგვამდე - ელისო პაპუაშვილის გზა საქართველოს ბანკში
პროფესიული განვითარება მხოლოდ ახალი პასუხისმგებლობების აღებას არ ნიშნავს, იგი ხშირად მორიგი საინტერესო მიმართულების არჩევაში, უცნობი სფეროს სწავლასა და ისეთი ინოვაციური იდეების დანერგვაში გამოიხატება, რომელიც სხვების მუშაობასაც ამარტივებს.
სწორედ ასეთი კარიერული ისტორია აქვს ელისო პაპუაშვილს, რომელიც საქართველოს ბანკს 2018 წელს, საცალო ბიზნესის ბანკირის პოზიციაზე შეუერთდა. მას შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობამ საბანკო საქმიანობის განსხვავებული მხარეების გაცნობის შესაძლებლობა მისცა. დღეს ის საშუალო ბიზნესის პერსონალური ბანკირია და ამ როლში კომპანიების საქმიანობისა და ფინანსების ანალიზთან ერთად, იმ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებზეც მუშაობს, რომლებიც ასობით თანამშრომლის საქმიანობას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
ამ სტატიაში ელისო განვლილ გამოცდილებასა და საქართველოს ბანკის ღირებულებებზე - შექმნასა და მოქმედებაზე, გულშემატკივრობაზე, მოტივაციაზე და გამბედაობაზე - გვიამბობს.
სხვადასხვა როლიდან საშუალო ბიზნესამდე
საქართველოს ბანკში მუშაობის დაწყებისას ელისო პაპუაშვილის მთავარი მოლოდინი პროფესიული განვითარება იყო. საცალო ბიზნესის ბანკირის პოზიციას მომხმარებლებთან ურთიერთობის დისტანციური მენეჯერისა და საოპერაციო ბანკირის როლები მოჰყვა, შემდეგ კი საშუალო ბიზნესის მიმართულებაში გადაინაცვლა.
თითოეულმა ეტაპმა საბანკო საქმიანობის განსხვავებული ნიუანსები გააცნო. საოპერაციო ბანკირის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში კი საუკეთესო საოპერაციო ბანკირის ჯილდოც მოიპოვა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა შვიდი თვის წინ დადგა, საშუალო ბიზნესის პერსონალური ბანკირის პოზიცია აირჩია. ახალი როლი სრულიად განსხვავებულ ცოდნასა და პასუხისმგებლობას მოითხოვდა.
„ფაქტობრივად, ნულოვანი გამოცდილებით შევუერთდი ამ დიდ და საინტერესო ისტორიას. ყოველდღიურად ვეცნობი სხვადასხვა ინდუსტრიას, ვაანალიზებ კომპანიების საქმიანობას და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში ვმონაწილეობ, რომლებიც რეალურ გავლენას ახდენს ბიზნესის განვითარებაზე. დღეს ყველაზე დიდ კმაყოფილებას მანიჭებს გუშინდელი დღის დღევანდელ დღესთან შედარება“, — აღნიშნავს ელისო.
როცა შექმნა და მოქმედება შენი საქმიანობის ნაწილია
ელისოსთვის პროფესიული განვითარება მხოლოდ ახალი ცოდნის მიღებას არ უკავშირდება. მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენება და სხვებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტების შექმნა მისი საქმის მნიშვნელოვანი ნაწილია.
იგი გასული წლის განმავლობაში ის საქართველოს ბანკის AI Ambassador-ის პროგრამაში მონაწილეობდა. პროგრამა ხელოვნური ინტელექტის ენთუზიასტებს შესაძლებლობას აძლევდა, საკუთარი ცოდნა სხვა თანამშრომლებისთვისაც გაეზიარებინათ.
სწორედ ამ პროგრამაში ჩართვის შემდეგ შექმნა Eliso — AI ინსტრუმენტი, რომელიც ბანკირებს კომპანიების ფინანსური ანალიზის უფრო სწრაფად და სტრუქტურირებულად შესრულებაში ეხმარება. ინსტრუმენტს უკვე საშუალო ბიზნესის მიმართულების გუნდი იყენებს და ის დაახლოებით 150 თანამშრომლის ყოველდღიურობის ნაწილია.
„ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა სწორედ ის არის, როდესაც იდეა პრაქტიკულ ღირებულებად იქცევა.“
გულშემატკივრობა, რომელიც საქმით გამოიხატება
საქართველოს ბანკის ღირებულებებიდან ელისოსთვის “გულშემატკივრობა” ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები ცნებაა. ეს მისთვის მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერაში არ გამოიხატება, არამედ ყოველდღიურ საქმიანობაში კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარებას, პროცესების გამარტივებას და ისეთი გადაწყვეტილებების ძიებას გულისხმობს, რომლებიც სხვებსაც აძლევს განვითარების შესაძლებლობას.
სწორედ ამ მიდგომიდან დაიბადა Eliso-ს შექმნის იდეაც. ინსტრუმენტი თავდაპირველად კონკრეტული სამუშაო საჭიროების პასუხი იყო, თუმცა მისი მიზანი მხოლოდ ერთი ადამიანის მუშაობის გამარტივება არ ყოფილა - იდეა საბოლოოდ დიდი გუნდისთვის პრაქტიკულ ინსტრუმენტად იქცა.
მოტივაცია, რომელსაც ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს
უწყვეტი განვითარების სურვილს ელისოს შემთხვევაში ცნობისმოყვარეობაც ამოძრავებს. აინტერესებს, როგორ მუშაობს კონკრეტული პროცესი, რა შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ და სად შეიძლება ტექნოლოგიამ უფრო ეფექტური შედეგის მიღებაში დაეხმაროს.
ამიტომ განსაკუთრებით დიდ მოტივაციას აძლევს ის მომენტები, როდესაც იდეა რეალურ შედეგს იძლევა და მისი ღირებულება სხვა ადამიანებისთვისაც ხელშესახები ხდება.
„მიყვარს ისეთი გამოწვევები, რომლებიც მაიძულებს ვისწავლო ახალი, გავიაზრო პროცესები და უკეთესი გადაწყვეტილებები ვიპოვო. როდესაც ვხედავ, რომ ჩემი იდეა ან ინიციატივა რეალურ შედეგს იძლევა და სხვებისთვისაც სასარგებლოა, ეს მაძლევს სურვილს, მუდმივად განვვითარდე და ახალი შესაძლებლობები ვეძებო.“
რჩევა მათ, ვინც კარიერას ახლა იწყებს
ელისოსთვის კარიერის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანი მზა პასუხების ცოდნა კი არა, სწავლის სურვილი და გამბედაობა იყო. ახალი გამოწვევების მიღება, კითხვების დასმა და მიღებული გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება კი დღესაც პროფესიული ზრდის განუყოფელ ნაწილად მიაჩნია.
“მედიუმ ბიზნესის ბანკირის პოზიციაზე გადასვლა ჩემთვის სწორედ ასეთი - გაბედული გადაწყვეტილება იყო. ვიცოდი, რომ წინ სრულიად ახალი პასუხისმგებლობები და გამოწვევები მელოდა, თუმცა მჯეროდა, რომ განვითარებისთვის სწორედ ასეთ გარემოში უნდა მოვხვედრილიყავი.
დღეს ვფიქრობ, რომ ყველაზე გამბედავი ნაბიჯი ცვლილებების მიღებაა. თუ მზად ხარ ისწავლო, იკითხო და შეცდომებიდან სწორი დასკვნები გამოიტანო, სწორედ ეს გაყალიბებს პროფესიონალად.
ამიტომაც მათ, ვინც ახლა იწყებს კარიერას, ვურჩევდი, რომ არ ეშინოდეთ გამოწვევების და არასოდეს შეწყვიტონ სწავლა. კარიერის დასაწყისში ბუნებრივია, რომ ყველა შეკითხვაზე პასუხი არ გექნება, მაგრამ მნიშვნელოვანია სურვილი - ყოველდღე ერთით მეტი რამ ისწავლო.“
სხვა სიახლეები
მზარდი მოთხოვნა და ახალი პროდუქტები - როგორ ვითარდება „პომონა“
28.09.2026.18:00
„პომონა“ ქართული, ჯანსაღი და არომატული ხემსის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. კომპანიის დამფუძნებელი მარიამ ტატიშვილი Business Insider Georgia-სთან კომპანიის საქმიანობის, მზარდი მოთხოვნის, ახალი პროდუქტებისა და ექსპორტის გეგმების შესახებ საუბრობს.
„დაახლოებით 4 წელია, რაც ბაზარზე ვართ. წარმოება 2022 წლიდან დავიწყეთ და საწარმო მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში გვაქვს. ვაწარმოებთ ჩირეულს, ასევე ვახდენთ სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებას. ჩვენი ძირითადი მიმართულება უშაქრო და ჯანსაღი პროდუქტების წარმოებაა. ყოველწლიურად ვამატებთ ახალ პროდუქტებს და ვაფართოებთ ასორტიმენტს.
ამ ეტაპზე წარმოების აქტიური სეზონი გვაქვს. წელს პირველად ჩავუშვით გაყიდვაში უშაქრო ჯემი, კერძოდ, შავი ქლიავის ჯემი.
საქმიანობის დაწყებიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნა გვაქვს და ის ყოველწლიურად იზრდება. წელს განსაკუთრებით მაღალი გაყიდვები გვქონდა. ამასთან, გაიზარდა ჩვენი ცნობადობაც. აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა გამოფენაში, რაც მომხმარებელთან ურთიერთობისა და ცნობადობის ზრდის კუთხით მნიშვნელოვანია“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
„პომონამ“ ასორტიმენტს უშაქრო ჯემი დაამატა.
„ძირითადად, ჩირეულს ვაწარმოებთ, ასევე ვამზადებთ ტყლაპებსა და პომიდვრის ჩირს. ჯემების მიმართულებითაც დავიწყეთ წარმოება, რადგან ამის მოთხოვნა გვქონდა. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე მსგავსი პროდუქტების არჩევანი შედარებით მცირეა, რადგან ჯემების დაახლოებით 90% შაქარს შეიცავს.

სამომავლოდ ჯემების ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას ვგეგმავთ. გვინდა, დავამატოთ ვაშლისა და სხვადასხვა ხილის უშაქრო ჯემები. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ახალი პროდუქტის დამატებასაც ვაპირებთ“, - აღნიშნავს მარიამ ტატიშვილი.
კომპანია სამომავლოდ ექსპორტის მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს.
„ექსპორტის მიმართულებითაც დაინტერესებულნი ვართ. გასულ წელს „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით გერმანიაში ექსპორტის სამკვირიან კურსზე ვიყავით. ასევე გვქონდა გასაუბრება ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიასთან და სამომავლოდ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობას ვგეგმავთ. ევროპაში, კერძოდ კი გერმანიაში, ვნახეთ, რომ ჯანსაღ და უშაქრო პროდუქტებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, პროდუქციის შეძენა მომხმარებელს ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით შეუძლია.