თუ ლიცენზირებულ ავტოსადგურებს მგზავრების რაოდენობა გაეზრდებათ, გაძვირების საკითხი არ დადგება - დიდუბის ავტოსადგური
,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანას სექტორში პირველი შეფასება უკვე მოჰყვა. როგორც Business Insider Georgia-თან „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელმა ნესტორ მიქატაძე აცხადებს, მათი შენიშვნები, რეკომენდაცია და მოთხოვნა კანონში გათვალისწინებულია და ჯერი უკვე აღსრულებაზეა, რის დიდი იმედიც აქვთ.
„დიდხანს ველოდით ახალ ჩანაწერს კანონში, რაც მრავალ პრობლემას მოგვიგვარებდა. დადგა ეს რეალობა და კმაყოფილი ვართ. მით უმეტეს, ჩვენი რეკომენდაციები გათვალისწინებულია. ახლა მთავარია, როგორ მოვა შესაბამისობაში არსებულ რეალობასთან მთავრობის ნორმატიული აქტები, რომლებიც შემდგომში უკვე მგზავრის გადაყვანის მდგომარეობას განსაზღვრავს.
ახალი წლიდან იწყება პირველი ეტაპი და ერთ წელიწადს გაგრძელდება, მერე უკვე მეორე ეტაპი ჩაეშვება. ჩვენ ყოველდღიურად დაველოდებით შედეგს, განსაკუთრებით საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დაექვემდებაროს სანებართვო საქმიანობას და მისი განხორციელების უფლება ჰქონდეთ მხოლოდ ავტოსადგურებს.
მთავარია, ე.წ. „მტაცებლების" თემა მოისპობა. არსებული კანონითაც ჰქონდათ მათ შეზღუდვა, მაგრამ ზედამხედველი არავინ არ იყო. ახლა, როცა კანონი გამკაცრდა, უკვე ამ განუკითხაობას ბოლო მოეღება", - აცხადებს ნესტორ მიქატაძე.
როგორც „დიდუბის ავტოსადგურის“ დირექტორი Business Insider Georgia-თან აღნიშნავს, კანონის ამოქმედების შემდეგ ლიცენზირებულ ავტოსადგურებს მგზავრების რაოდენობა გაეზრდებათ და ამ ფონზე გაძვირების საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.
„ჩვენ დღეს არაჯანსაღი კონკურენციის ქვეშ ვიმყოფებით და მაინც ვინარჩუნებთ ფასებს. თუ კი მგზავრთნაკადი გაგვეზრდება, ჩვენ ფასების გაზრდის გარეშეც აუვალთ ამ ხარჯებს და განვახორციელებთ იმ რეფორმებს, რომელიც მოთხოვნილია კანონის ფარგლებში“- განმარტავს მიქატაძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო.
კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოწესრიგებას, ნორმების დახვეწას, ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ასევე, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.
ცვლილებების მიღების ძირითადი მიზეზია საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის სფეროში და სამგზავრო ავტოსადგურებში არსებული მდგომარეობა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.