თუ ნახავთ არქისთან ან ნებისმიერ კომპანიასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, მუნიციპალიტეტს არასწორი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული - გპირდებით, თანამდებობას დავტოვებ და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას | კახა კალაძე
ბიზნეს სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დიდია, შესაბამისად ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა ექნებათ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“ - ის ეთერში გადაცემა „დებატებში“, რითაც პოლიტიკოს ნიკა ობოლაძის ბრალდებებს უპასუხა.
„ბიზნეს სექტორს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში დიდი როლი აქვს. არ იფიქროთ, რომ სამშენებლო სექტორზე შეტევა შემთხვევით ხდება. 2017 წლამდე რიგი კამპანიები იყო, რომ თბილისი გაჩერებული იყო და არაფერი კეთდებოდა. 2017 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყენაში გრძელვადიანი მშვიდობაა, მიმდინარეობს აღმშენებლობა, უკვე შეტევა მიდის მშენებლობაზე. მაღალია პროცენტობა სამშენებლო ბიზნესის წილისა ქართულ ეკონომიკურ განვითარებაში. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
,,თუ ნახავთ არქისთან ან ნებისმიერ კომპანიასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, მუნიციპალიტეტს არასწორი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული - გპირდებით, თანამდებობას დავტოვებ და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, დედაქალაქის მთავრობა ბიზნესს თანაბრად უჭერს მხარს, პოლიტიკური განწყობების მიუხედავად.
„იქ, სადაც ურბანულად მიუღებელია განაშენიანება, არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას. ამ საკითხს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ ამ ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. ამის მაგალითია პარტია „ლელოს“ ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს უდიდესი მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას ყველანაირი ხელშეწყობა აქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მანვე უპასუხა ოპონენტის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ზოოპარკის ამჟამინდელი ტერიტორია ბიზნესმენ სოსო ფხაკაძეს გადაეცა.
„საზოგადოებას მინდა დავანახო სიმართლე. ოპონენტი ამბობს, თითქოს ზოოპარკი ფხაკაძეებს გადავეცით, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი კი არ აქვს. სინამდვილეში, 2018 წლიდან დავიწყეთ აქტიური მუშაობა ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით. ზოოპარკის ახლანდელ ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი, რომელიც მზიურს შეუერთდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებლობას, მერმა განმარტა, რომ აქ ცენტრალური პარკი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ უახლოეს მომავალში მოეწყობა.
„საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი აკეთებს ცენტრალურ პარკს. სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დამთავრდება. პროექტის პირველი ვერსია არ მოეწონა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. ჩვენი თხოვნით ჩატარდა სამუშაოები, რომ გარკვეული სივრცეები ამოღებულიყო, გადაკეთდა პროექტი. ახლა კი მიმდინარეობს სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
10.08.2026.18:17
საქართველოში ოფიციალურად საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო სერტიფიცირებული კომერციული Tier III მონაცემთა ცენტრის მშენებლობას, რომელიც მსოფლიოში მონაცემთა ცენტრების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული სტანდარტია. ის მაღალსაიმედოა ბიზნესისთვის, ბანკებისთვის, სახელმწიფო უწყებებისა და სხვა ორგანიზაციებისთვის, რომელთა საქმიანობა უწყვეტ ციფრულ სერვისებზეა დამოკიდებული.
მონაცემთა ცენტრი (DATA CENTER) ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს 24/7 რეჟიმში შესთავაზებს უწყვეტ მომსახურებას და მისცემს შესაძლებლობას კორპორაციული მონაცემები საქართველოში შეინახონ ისევე უსაფრთხოდ და საიმედოდ, როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი.
მონაცემთა ცენტრს განავითარებს სილქნეტი, ხოლო მის ოპერირებას უზრუნველყოფს სილქნეტის შვილობილი კომპანია Silk Cloud-ი, რომელიც ღრუბლოვანი და მართული IT სერვისების მიმართულებით საქმიანობს. მონაცემთა ცენტრი იქნება 2 მეგავატი სიმძლავრის მაღალმედეგი ინფრასტრუქტურის მქონე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოემსახურება ღრუბლოვან გამოთვლებს (Cloud Computing), ხელოვნური ინტელექტის (AI) დატვირთვებსა და სხვა კორპორაციულ სერვისებს.
პროექტის პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები, რომელთაგან რამდენიმეს სილქნეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ამ პროექტის სტრატეგიული პარტნიორია Orange, რომლის ჩართულობაც 2024 წელს სილქნეტსა და Orange Alliance-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. აღნიშნული ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ ფოკუსს წარმოადგენს B2B ICT სერვისების განვითარება საქართველოში (კერძოდ სილქნეტში), ხოლო მონაცემთა ცენტრი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. შეთანხმების ფარგლებში, პარტნიორთა შერჩევისა და პროექტის ზედამხედველობის პროცესს ევროპული სატელეკომუნიკაციო ლიდერის, Orange Polska-ს შვილობილი კომპანია Integrated Solutions ხელმძღვანელობს.
ასევე პროექტში ჩართულები არიან სილქნეტის პარტნიორები -საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები: BCG, Atos, Coteccons Construction – EPC, Huawei Technologies.
ახალი მონაცემთა ცენტრის ფუნდამენტია სილქნეტის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა - 4 000 კილომეტრზე მეტი ოპტიკური ქსელი, რომელსაც საერთაშორისო კავშირები აქვს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ხოლო მათი მეშვეობით - ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთსა და აზიასთან.
პირველი სერტიფიცირებული მონაცემთა ცენტრი 2027 წელს ამოქმედდება. პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ის ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის, პოზიციის გაძლიერებას, მონაცემთა სუვერენულობისა და ციფრული მდგრადობის უზრუნველყოფას, რაც საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის საერთაშორისო ბიზნესისთვის.