ტურისტების რაოდენობის მხრივ 2025 წელი ძალიან დადებითად შემიძლია შევაფასო - შოთა ბურჯანაძე
საბოლოო ჯამში 2025 წელმა მოლოდინებს გადააჭარბა, - აცხადებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრას ესწრებოდა.
ბურჯანაძის განმარტებით, ტურისტების რაოდენობის მხრივ წლევანდელი წელი წარმატებული იყო.
„მიმდინარე წლის დასაწყისი ტურიზმის სფეროსთვის არც თუ ისე სახარბიელო იყო, თუმცა საბოლოო ჯამში 2025 წელმა მოლოდინებს გადააჭარბა. ტურისტების რაოდენობის მხრივ წლევანდელი წელი ძალიან დადებითად შემიძლია შევაფასო. მისასალმებელია შეხვედრები ბიზნესებსა და ტურიზმის ადმინისტრაციას შორის. ვინაიდან გვაქვს შესაძლებლობა ერთმანეთს გავუზიაროთ ის გამოწვევები, იდეები და პრობლემები, რომლებიც აქტუალურია ტურიზმის სფეროში“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე 2025 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამა. სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებსმიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვ.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება.
შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში.
შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.