თვითმომსახურების ყველა ჯიხურიდან რუსული ენა ამოვიღეთ - „მაკშაურმას“ დამფუძნებელი
თვითმომსახურების ყველა ჯიხურიდან რუსული ენა ამოვიღეთ, ასევე „მაკშაურმას“ არცერთი ფილიალი მომხმარებელს რუსულად აღარ უპასუხებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა რამაზ ხარებავამ განუცხადა.
მისივე თქმით, მაკშაურმას ფილიალებში მომსახურება ხორციელდება და ყველა ქვითარი იბეჭდება მხოლოდ ქართულ ენაზე და შეკვეთების სწრაფად განხორციელების მიზნით 2020 წლიდან დაინერგა თვითმომსახურების ჯიხურების ფუნქციონირება, რომელიც მომხმარებელს შეკვეთის განხორციელების საშუალებას აძლევს რამდენიმე ენაზე. იმის მიხედვით, თუ რომელი ენა აქვს არჩეული მომხმარებელს.
„ბათუმის ფილიალში მომხმარებელმა ქვითრის მიღებისას რუსული ენა მიუთითა, შესაბამისად ქვითარიც მიიღო. შემდეგ ეს სოციალურ ქსელში გავრცელდა და აჟიოტაჟი გამოიწვია. ჩემთვის გაუგებარია ასე რატომ მოხდა, რადგან 2020 წლიდან თვითმომსახურების ჯიხურებში ქვითრის მიღება სამ ენაზე - ქართულად, რუსულად და ინგლისურად იყო შესაძლებელი. ახლა რუსული ენა გავაუქმეთ.
ჩვენი კომპანიის ღირებულებებიდან გამომდინარე, ქართული ენა არის და იქნება ერთადერთი მომსახურების ენა, ნებისმიერი ჩეკი კომპანიაში იბეჭდება მხოლოდ ქართულ ენაზე და მისი ჩანაცვლება არასდროს მომხდარა და არც მოხდება“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
„მაკშაურმა“ ბაზარზე 2009 წელიდან ოპერირებს. ამ ეტაპზე კომპანიაში 350 ადამიანია დასაქმებული. წლის ბოლომდე, ახალი საწარმოს გახსნითა და 4 ფილიალის დამატებით ,ბრენდის ქსელში 1000 -მდე ადამიანის დასაქმება გახდება შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.