უახლოეს მომავალში დაიგეგმება შეხვედრები ბიზნესთან, იქნება განხილული ბიზნესასისტენტის პროექტი და ასევე სხვა საჭიროებებზეც გვექნება საუბარი - იუსტიციის სახლის თავმჯდომარე
იუსტიციის სახლი ბიზნესის მხარდაჭერას ბიზნესასისტენტის პროექტით აძლიერებს. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ აღნიშნა, რომ სატესტო რეჟიმში უკვე ჩართულია რამდენიმე ათეული კომპანია, პროექტი კი მიზნად ისახავს ბიზნესისთვის დროის დაზოგვასა და სერვისებზე მარტივი წვდომის უზრუნველყოფას.
„იუსტიციის სახლი არის ის დაწესებულება, რომელსაც ძალიან აქტიური კომუნიკაცია აქვს ბიზნესთან და ჩვენ არაერთი შეხვედრა დაგვიორგანიზებია, სადაც ხდება განხილვა იმ საკითხების, რაც აწუხებს ბიზნესს. ბუნებრივია, ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის დრო. აქედან გამომდინარეც გაჩნდა ბიზნესასისტენტის პროექტის არსებობის საჭიროება. ჩვენ პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ახლა უკვე ჩავუშვით ეს პროექტი. რამდენიმე ათეული კომპანია არის ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. მათგან, რა თქმა უნდა, გვაქვს უკუკავშირი და ამ უკუკავშირის საფუძველზე ხდება ამ პროექტის დახვეწა და სრულყოფა, მაგრამ ერთი რამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროექტმა გაამართლა, იმიტომ რომ ორიენტირებულია ბიზნესის ინტერესების დაცვაზე. უზოგავს დროს და აძლევს ყველანაირ შესაძლებლობას იმისა, რომ ძალიან მარტივად ჰქონდეს წვდომა იმ სერვისებზე, რომელიც ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლებში. ბუნებრივია ეს არ გახლავთ ბოლო წერტილი ჩვენი ამ მიმართულებით განვითარებისა. უახლოეს მომავალში რა თქმა უნდა დაიგეგმება სხვა შეხვედრები ბიზნესთან, იქ იქნება განხილული თუნდაც ბიზნესასისტენტის პროექტი და ასევე სხვა საჭიროებებზე გვექნება საუბარი და ბუნებრივია ამის საფუძველზე იუსტიციის სახლი გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს“, - აღნიშნა ვახტანგ ჟვანიამ.
სხვა სიახლეები
თაობა ახალი იდეებით - გაიცანით სალომე მიქელაძე, 23 წლის ასაკში შექმნილი სამი გამორჩეული სივრცით
12.06.2026.17:49
Breakfast is, კანცელარია და ლონდა ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახელებია - ამ სივრცეების უკან 23 წლის სალომე მიქელაძე დგას, რომელმაც შეუპოვრობით და მონდომებით დასახულ მიზნებს მიაღწია.
სალომეს გზა სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობით დაიწყო. ამ დროს აღმოაჩინა, რომ ყველაზე მეტად ადამიანებთან კომუნიკაცია მოსწონდა. საკუთარი ადგილის შექმნის სურვილმა პირველ პროექტამდე მიიყვანა და ასე გაჩნდა Breakfast is, იდეით, რომ ადამიანებს დღე ენერგიულად და დადებითი ემოციებით დაეწყოთ, რადგან საუზმე ხომ ზუსტად ის დროა, რომელიც მთელი დღის განწყობას ქმნის.
დილის ენერგიას მოგვიანებით საღამოს იდილიის შექმნის სურვილი მოჰყვა. კანცელარია შეიქმნა მათთვის, ვისაც სანთლის შუქზე საუბარი, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა, გემრიელი საკვები და ნატურალური ღვინო უყვარს.
“კანცელარია არის სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან. ჩემთვის ეს მხოლოდ რესტორანი ან ბარი არასდროს ყოფილა - უფრო შეხვედრების, ემოციების გაზიარებისა და მოგონებების შექმნის ადგილია.”
მესამე პროექტი ლონდა - შედარებით მასშტაბურია. მასში სალომემ წინა წლებში დაგროვილი ცოდნა და ხედვა გააერთიანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამი ადგილი სხვადასხვა განწყობას ატარებს, მათი მთავარი იდეა მაინც საერთოა - ინტერიერით, მომსახურებით, გემრიელი მენიუთი სტუმრებისთვის განსაკუთრებული ემოციის შექმნა.
ყოველდღიური გამოწვევები და მოძრაობის სიყვარული
ამ ინდუსტრიაში სიმშვიდე იშვიათია. ახალგაზრდა ასაკში სამი სივრცის მართვა მუდმივ მოძრაობასა და გამოწვევებს ნიშნავს. სალომესთვის ეს პროცესი ყოველდღიურად ახალი პრობლემის გადაჭრის უნარს ითხოვს, რაც მისთვის საქმის განუყოფელი და საინტერესო ნაწილია:
“წარმატების გზაზე ყოველთვის იქნება რთული პერიოდები, დაღლა და იმედგაცრუება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერმა არ შეგცვალოს როგორც ადამიანი - შეინარჩუნო შენი დამოკიდებულება, ენთუზიაზმი და სიყვარული იმის მიმართ, რასაც აკეთებ.”
სირთულეების დაძლევაში სალომეს ეხმარება ის, რომ მუდმივად ჩართულია საქმეში. როგორც ამბობს, ბიზნესის განვითარება შეუძლებელია პროცესზე უშუალო დაკვირვებისა და მასში მონაწილეობის გარეშე.
მომავლის ხედვა და ახალი იდეები
სალომე გაჩერებას არ აპირებს. წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმებია და ახლა უკვე ისეთ ბრენდზე ფიქრობს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გავა და სტუმართმოყვარეობის კულტურაში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს.
შეუპოვრობა იმ თაობის საერთო განწყობაა, რომელსაც საკუთარი ენერგიით რეალური ცვლილებები მოაქვს. თაობას, რომელიც სულ მოძრაობს, არ ჩერდება და არ ასვენებს ახალი იდეები, მოჰყავს მომავალი, უფრო ძლიერი, ლაღი და თავისუფალი.