უკვე გამოიკვეთა იმ ენერგეტიკული პროექტების ნუსხა, რომელთა განხორციელებაც შეუფერხებლად გაგრძელდება - ლევან ვეფხვაძე
ენერგეტიკული პროექტების ნაწილის გადახედვამ ბაზარზე მნიშვნელოვანი გადაადგილება გამოიწვია - დეველოპერების ნაწილი პროექტებს აბარებს, ნაწილი კი ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს.
როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძე განაცხადა, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული „პირობითი პატიების“ მექანიზმი დეველოპერებს არჩევანის საშუალებას აძლევს - დაასრულონ პროექტები განსაზღვრულ ვადებში ან წინააღმდეგ შემთხვევაში გადაიხადონ დაგროვილი სანქციები.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიიღო, სამართლიანი და პრაქტიკულია, რის შედეგადაც უკვე დაახლოებით 500 მეგავატის სიმძლავრის პროექტები სახელმწიფოს დაუბრუნდა. ვეფხვაძის შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს ბაზრის გათავისუფლებას არარეალისტური ან ეკონომიკურად არამიზანშეწონილი პროექტებისგან და რესურსის გადანაწილებას იმ ინვესტორებზე, რომლებიც რეალურად შეძლებენ პროექტების განხორციელებას.
„მოდი ორ ნაწილად გავყოთ: ერთი ნაწილი ეხება იმ პროექტებს, რომლებიც დაწყებული იყო, ბევრი პროექტი იყო ასეთი და ეს პროექტები იყო ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო გაჩერებული, გაჭედილი, ვეღარ ვითარდებოდა. აქ დეველოპერებს ჰქონდათ არა მარტო ის პრობლემა, რომ მათ უბრალოდ პროექტის განხორციელებაში აქვთ შეფერხება, არამედ ის პრობლემაც, რომ მათ ვალდებულებები აქვთ სახელმწიფოს მიმართ და იცით, რომ ეს ვალდებულებები უკავშირდება მათ შორის ფინანსურ ვალდებულებებს, იცით რომ გარანტიაა მიტანილი, შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შესაბამისი საურავები, ჯარიმები და ეს პროცესი რომ გადათვალოთ, მილიარდი ლარი გამოვიდა დაახლოებით ყველა ამ პროექტთან დაკავშირებით. აქ სახელმწიფომ მიიღო ძალიან სწორი, გონივრული გადაწყვეტილება - ეკონომიკის სამინისტროს ნაწილში - ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ დეველოპერს შესთავაზეს, რომ 16 მარტამდე მომმართეთ: ან აღიარეთ - გადაიხადეთ, ან ჩააბარეთ ეს პროექტი, ან მესამე გამოსავალი გაქვთ, რომ პირობით მე თქვენ გაპატიებთ. პირობით პატიებაში იგულისხმება ის, რომ თუ დაასრულებთ თქვენს მიერვე შემოთავაზებულ ვადაში ამ პროექტს, პრობლემა არ გექნებათ, მაგრამ თუ თქვენს მიერვე შემოთავაზებულ ვადაში ამ პროექტს ვერ ასრულებთ, მაშინ თქვენ გადასახდელი გექნებათ ძველი საურავიც და უკვე დამატებული საურავიც, რომელიც ამ პერიოდში დაგემატებათ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სამართლიანი მიდგომაა. საკმაოდ ბევრი პროექტი დაბრუნდა - მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, დაახლოებით 500 მეგავატამდე პროექტი დაბრუნდა“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისივე განმარტებით, პროექტების ნაწილის დაბრუნება განპირობებულია როგორც ეკონომიკური არამიზანშეწონილობით, ისე სხვა ფაქტორებით - მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობითა და დეველოპერების მხრიდან შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობით,
„პროცესის მეორე ეტაპზე უკვე გამოიკვეთა იმ პროექტების ნუსხა, რომელთა განხორციელებაც შეუფერხებლად გაგრძელდება. პარალელურად, გამოთავისუფლდა გარკვეული რესურსი იმ პროექტების ხარჯზე, რომლებმაც ვალდებულებები დაასრულეს. მომდევნო ეტაპი შეეხება იმ ინიციატივებს, რომლებიც თავდაპირველად აუქციონის წესით, შემდგომ კი პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელდა. 2022-2023 წლებში დაგეგმილი პროექტების მასშტაბი და მათი ჯამური სიმძლავრე საკმაოდ მაღალი იყო. აღნიშნული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აჭარბებდა ელექტროსისტემის მიერ ენერგიის მიღებისა და ინტეგრირების შესაძლებლობებს. ამასთან, დაგეგმილი სიმძლავრეები აჭარბებდა 2032-2035 წლებისთვის პროგნოზირებულ შიდა მოთხოვნასაც, მაშინაც კი, თუ მოხმარების ზრდის ტემპს გავითვალისწინებთ.
მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით მუშაობა აქტიურად გრძელდება და პროცესის დინამიკაში მოყვანა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. აქ გარკვეულ მოდელზე შესაბამისი ქსელის წესებთან დაკავშირებით შევთანხმდებით და ალბათ გარკვეული პროექტების ნაწილში მათ თავიდან მოუწევთ ტექნიკური პირობების აღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ის პროექტები, რომლებიც რეალურია და რეალურად არის მიყვანადი სამშენებლო ფაზამდე და მშენებლობის ფაზამდე - ეს პროექტები წავა, გააგრძელებს და იმუშავებს. ის პროექტები, რომლებიც ამ ფაზის გავლა მათ არ შეუძლიათ და ტყუილად აქვთ აღებული ტექნიკური პირობები და სიმძლავრეები დაჯავშნილი, ეს პროექტები სავარაუდოდ გამოთავისუფლდება და მეტი შესაძლებლობა გაჩნდება იმათთვის, ვისაც აქვს სურვილი, შესაძლებლობა, რაც მთავარია, რომელიც ამ სურვილს ემთხვევა და პროექტები გვექნება იმისთვის, რომ ჩვენი როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, ასევე საექსპორტო ნაწილშიც მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ეკონომიკაში შევიტანოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით ვარაუდობთ, რომ 4000 მეგავატი იქნება ჯამური ის სიმძლავრეები, რომელიც შემდგომი 5-7 წლის განმავლობაში დაგვჭირდება და დავიერთებთ და არა ის ოთხჯერ და სამჯერ მეტი, რომელიც რეალურად ფურცელზე არსებობდა“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სექტორი, ხანგრძლივი სტაგნაციის შემდეგ, შესაძლოა ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ მიმართულებად იქცეს. მისი თქმით, ძირითადი კვლევები და შეფასებები უკვე დასრულებულია და პროცესის დასაჩქარებლად საჭიროა პროექტების მკაფიო განსაზღვრა, რის შედეგადაც წლის ბოლოსთვის ხელშესახები შედეგებია მოსალოდნელი.
სხვა სიახლეები
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
08.07.2026.18:33
გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე, უზბეკეთში გამართულ Tashkent International Investment Forum 2026-ში მონაწილეობდა, რომელიც ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პლატფორმაა და თავს უყრის ინვესტორებს, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და გლობალური ბიზნესის ლიდერებს.
ფორუმის ფარგლებში ქეთევან თოიძე მონაწილეობდა Avesta Capital Markets Day 2026-ის პანელურ დისკუსიაში – „უზბეკეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივები“, სადაც გალტ & თაგარტის გამოცდილება, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და საქართველოს ბაზარზე დაგროვილი პრაქტიკა გააზიარა. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს კაპიტალის ბაზრის განვითარების შესაძლებლობებზე, კაპიტალის მოზიდვის ინსტრუმენტებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
„რეგიონული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო პროფესიულ დისკუსიებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრების განვითარებისა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. მოხარული ვართ, რომ Tashkent International Investment Forum-ის ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა გაგვეზიარებინა გალტ & თაგარტის გამოცდილება და საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების პრაქტიკა. მსგავსი პლატფორმები ხელს უწყობს ცოდნისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცვლას, რაც რეგიონის საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო აძლიერებს”, - განაცხადა ქეთევან თოიძემ, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
Tashkent International Investment Forum უკვე მეხუთედ გაიმართა. გასულ წელს ფორუმს 8 000-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის თითქმის 3 000 საერთაშორისო სტუმარი 97 ქვეყნიდან დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა 30.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო და სავაჭრო შეთანხმებები, ხოლო ბიზნესპროგრამა 150-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერსა და ათეულობით თემატურ პანელურ დისკუსიას აერთიანებდა.