„უმალი“ გაყიდვებს ზრდის და ბაზარზე ორ ახალ პროდუქტს გამოიტანს
თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამმუშავებელი კომპანია „უმალის“ ბრენდის ქვეშ 4 ნოემბრიდან სავაჭრო ქსელებში ორი ახალი პროდუქტი გამოჩნდება.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა დიტო წვერავამ განუცხადა, საწარმოს გადაიარაღება უკვე დაასრულეს და ასორტიმენტში 42 პროდუქტი აქვთ.
„დავამონტაჟეთ ახალი აპარატურა, მოხდა საწარმოს გადაიარაღება და ახალი პროდუქტებიც შევქმენით. ეს არის თევზის ნაგეთსები ახალ შეფუთვაში და ორაგულის ფილეს პრესები. ამ დროისთვის ეტიკეტი მზადდება და სავაჭრო ქსელში პროდუქცია 4 ნოემბრიდან ჩაეშვება“, - აცხადებს დიტო წვერავა.
მისი შეფასებით, კომპანიის ფართო ასორტიმენტიდან ყველაზე მოთხოვნადია ტოპ-5 პროდუქტი, მათ შორის ქაშაყის ფილე მწვანილით, ქაშაყის ფილე ტრადიციულად ზეთში და ორაგულის სალათა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, გაყიდვები მზარდია.
„გაყიდვები ზოგადად მზარდია. სტატისტიკურად გაყიდვები ყოველთვიურად საშუალოდ 10%-ით იზრდება, მაგრამ გასული წლის ოქტომბერთან შედარებით მიმდინარე წლის ანალოგიურ თვეში გაყიდვები 30%-ითაა გაზრდილი“, - ამბობს დიტო წვერავა.
ნედლეულის 70%-ი, რასაც „უმალი“ წარმოებაში იყენებს, იმპორტირებულია.
„თევზს ძირითადად ნორვეგიაში ვყიდულობთ. რაც შეეხება ადგილობრივი ბაზრიდან ნედლეულს, მოვიხმართ კალმახს და ორაგულს. გამომდინარე იქიდან, რომ შარშან საკალმახეებში გარკვეული პრობლემები იყო, გასულ წელს ადგილობრივი კალმახი ნაკლებად გამოვიყენეთ.
შავ ზღვაში, საქართველოს აკვატორიაში დაჭერილ თევზს ფასიდან გამომდინარე ნაკლებად ვხმარობთ. ძირითადად შემოთავაზებაა ხამსაზე. სკუმბრია და ქაშაყი, რაზეც ჩვენი წარმოება მუშაობს, შავ ზღვაში ნაკლებად იჭერენ“, - აღნიშნა დიტო წვერავამ.
სხვა სიახლეები
ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება - „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი
14.09.2026.18:22
„გალტ & თაგარტი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც მომხმარებლებს საინვესტიციო-საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანია საქმიანობას როგორც კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით, ისე საბროკერო მომსახურების, აქტივების მართვისა და კაპიტალის ბაზრის სხვა სეგმენტების მიმართულებით ახორციელებს.
2026 წლის პირველი ექვსი თვე „გალტ & თაგარტისთვის“ მნიშვნელოვანი შედეგებითა და ახალი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში კომპანიის საქმიანობაში გამოიკვეთა როგორც ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების გაძლიერება, ისე საინვესტიციო და კაპიტალის ბაზრის პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობები.
Business Insider Georgia-სთან „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი, ევა ბოჭორიშვილი, 2026 წლის პირველი ექვსი თვის შედეგებზე, კომპანიის მთავარ მიღწევებზე, მიმდინარე პროექტებსა და წლის მეორე ნახევრის პრიორიტეტებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით გალტ & თაგარტის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
კვლევებში 2026 წლის პირველი ნახევარს ორი მიმართულებით გამოვყოფდი: მაკრო/სექტორული კვლევების გაღრმავება და გეოგრაფიული გაფართოება.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა ეკონომიკური გარემოს შეფასებაზე, ამიტომ ჩვენი მაკროეკონომიკური კვლევები ამ პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური იყო. პარალელურად, ბაზარს ვაწვდიდით აქტუალურ ინფორმაციას უძრავი ქონების, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა სექტორების შესახებ.
აქტიური 6 თვე იყო კონფერენციების ორგანიზების კუთხითაც, რა დროსაც, თემების შერჩევისას, ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმით ვხელმძღვანელობდით: სად არის ბაზარზე ანალიტიკური ინფორმაციის ყველაზე დიდი დეფიციტი და ინტერესი ერთდროულად. ამ პრინციპით ჩავატარეთ კონფერენციები და დავფარეთ სოფლის მეურნეობა (სადაც შევქმენით სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი - პირველი ამგვარი ინსტრუმენტი ბაზარზე), ელექტრონული კომერცია, კომერციული უძრავი ქონება და საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორი.
ცალკე აღვნიშნავდი საქართველოს რეგიონების პოტენციალის შესწავლას, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ: წლებია, ტრადიციულად ვიკვლევთ აჭარის ეკონომიკას, ხოლო წელს ეს ფოკუსი გავაფართოვეთ იმერეთსა და სამეგრელოზეც და ამ რეგიონების ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია ჩავატარეთ.
გეოგრაფიულ გაფართოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი უზბეკეთის ეკონომიკაზე გამოქვეყნებული პირველი ღრმა ანალიზია - ქვეყანაზე, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად ვითარდება, მაგრამ აქამდე სისტემურ კვლევით დაფარვას მოკლებული იყო. ეს ნაბიჯი გალტ & თაგარტს კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვან საინვესტიციო ბანკად და ინსტიტუციური თუ კერძო ინვესტორების საიმედო პარტნიორად ამკვიდრებს. ჩვენ მომავალში დაფარვას რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გავავრცელებთ.
რაც მთავარია, ჩვენს საქმიანობას მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებებიც მოჰყვა: 2026 წელს Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო კვლევით კომპანიად დაასახელა, ხოლო Global Finance-მა - წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში?
მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება კვლევითი მიმართულების გაძლიერება. გვინდა, რომ ჩვენი კვლევები კიდევ უფრო მეტად პასუხობდეს ბაზრის რეალურ საჭიროებებს - როგორც სექტორების, ისე რეგიონებისა და ქვეყნების ჭრილში. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ საქართველოს რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის შესწავლას და რეგიონულ კვლევით დაფარვას.
ამასთან, წლის დარჩენილ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ინვესტორებთან და ბიზნესთან დიალოგის გაღრმავებას — კონფერენციების, კვლევების და სხვა პლატფორმების საშუალებით. ჩვენი მიზანია, გალტ & თაგარტმა კიდევ უფრო განამტკიცოს საიმედო პარტნიორის როლი, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ცოდნას, ანალიტიკას და შესაძლებლობებს უზიარებს.
საბოლოო ჯამში, წლის მეორე ნახევარში ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება პირველი ნახევრის დინამიკის შენარჩუნება და მიღწეული შედეგების საფუძველზე, გალტ & თაგარტის პოზიციის კიდევ უფრო გამყარება როგორც საქართველოში, ისე რეგიონში.
როგორია თქვენი მუშაობა ახალი კვლევითი/ანალიტიკური პროდუქტების განვითარების მიმართულებით? ხომ არ გეგმავთ სექტორული დაფარვის გაფართოებას?
ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი - კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება. ეს ცვლილება ჩვენი განვითარების მთავარი მამოძრავებელია: ორი მიმართულებით ვმუშაობთ - არსებული სექტორული კვლევების სიღრმის გაზრდისა და ზრდის პოტენციალის მქონე ახალი სექტორების იდენტიფიცირება და ანალიტიკური დაფარვის კუთხით.
გეოგრაფიული გაფართოება ამ სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა. უზბეკეთის ეკონომიკის კვლევით, პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით და ამავე მოდელით რეგიონის სხვა ქვეყნების დაფარვასაც დავიწყებთ.