უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
25 000-მდე სატვირთო ავტომობილისთვის გაწეული მომსახურება და მრავალფუნქციური სერვისცენტრი - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას. ჰოლდინგის წარმომადგენლებმა ფილიალის მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს წარუდგინეს. „თეგეტა მოტორსის“ რეგიონულ ჰაბს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ეწვივნენ.
ულტრათანამედროვე საავტომობილო კომპლექსი თბილისის შემოვლითი გზის 36-ე კილომეტრზე მდებარე 42 000 მ2 ფართობზეა განლაგებული. მრავალფუნქციური სერვისცენტრი დღეს რეგიონში კომერციული ტრანსპორტის მომსახურების უმსხვილესი ცენტრია, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

გეზის ფილიალი გამორჩეულია როგორც თავისი მასშტაბებით, ისე უნიკალური კონცეფციით. ის პირველია რეგიონში, რომელმაც სატვირთო და კომერციულ ავტოტრანსპორტს ორგანიზებულ და კომფორტულ გარემოში სერვისის სრული სპექტრი შესთავაზა. სერვისცენტრი მულტიბრენდულია და მზადაა სხვადასხვა მწარმოებლის ტექნიკის მისაღებად. ფილიალის კიდევ ერთი უპირატესობა მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობაა. ცენტრი განთავსებულია ინდუსტრიულ ზონაში, უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე, რომელიც დატვირთულია სატვირთო ნაკადებით თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა თუ ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებებზე. შედეგად, ეს ტრანზიტული ნაკადი სწორედ ამ ფილიალში იყრის თავს და იქმნება სერვისის მძლავრი რეგიონული ჰაბი.

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელშიც დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული და ის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს მნიშვნელოვნად აძლიერებს. თბილისის შემოვლით გზაზე შექმნილი ეს უნიკალური პლატფორმა თავისი სტანდარტებით სცილდება შიდასახელმწიფოებრივ ჩარჩოებს. ეს არის ამიერკავკასიაში პირველი მულტიბრენდული და მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც სერვისის სრულ სპექტრს ერთ ადგილზე აერთიანებს. გვიხარია, რომ ბიზნესი დღეს თავად აწესებს განვითარების ახალ, უმაღლეს თამასას და ამ კუთხით „თეგეტა ჰოლდინგი“ ნამდვილად გამორჩეულია. დასაფასებელია კომპანიის მიდგომა გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოებისადმი. სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე, უსაფრთხო სტანდარტები აჩვენებს, რომ ჩვენი ლოგისტიკური დერეფანი არამხოლოდ სწრაფი და ეფექტური, არამედ ცივილიზებული და მდგრადიც არის. სახელმწიფოსთვის მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა პრიორიტეტია, რადგან მდგრადი სატრანზიტო დერეფანი წარმოუდგენელია განვითარებული თანამედროვე სერვისების გარეშე“.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი რეგიონული მასშტაბის პროექტი კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს პოზიციას გლობალურ ეკონომიკურ რუკაზე. მან „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელ თემურ კოხოძეს, „თეგეტა ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

თემურ კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელი: „ოცდაათი წლის წინ ერთი მაღაზიით დაწყებული ისტორია დღეს უკვე რეგიონული მასშტაბის პროექტებით გრძელდება. გეზის ფილიალი ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია, 42 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით შექმნილი მაღალტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც თავისი შესაძლებლობებით სცილდება მხოლოდ საქართველოს ბაზარს და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონს ემსახურება.
ჩვენთვის ეს პროექტი მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურა ან ახალი სერვისცენტრი არ არის. ეს არის ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკის მომავალში, ცოდნაში, ადამიანებში, ტექნოლოგიებსა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალში. გეზის ფილიალი აჩვენებს, რომ ქართულ ბიზნესს შეუძლია არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, არამედ რეგიონში ახალი ხედვის შექმნაც.
დღეს „თეგეტა“ აერთიანებს 300-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს, 3000-მდე თანამშრომელსა და ინფრასტრუქტურას, რომელსაც უკვე მთელი რეგიონი უყურებს. ჩვენი ხედვა კავკასიას სცდება, ამ ეტაპზე, ჩვენი ფოკუსი ცენტრალური აზიისკენაა მიმართული და გავაგრძელებთ ზრდას, ინვესტირებასა და საქართველოს, როგორც ძლიერი რეგიონული ეკონომიკური და სატრანზიტო ცენტრის, განვითარებაში მონაწილეობას“.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა გეზის ფილიალიც დაათვალიერეს.


ინფორმაცია „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალის შესახებ
ულტრათანამედროვე საავტომობილო კომპლექსს გერმანული MAN-ის მიერ უმაღლესი „A“ კატეგორია აქვს მინიჭებული და თანამედროვე დანადგარებითა და ინსტრუმენტებით არის აღჭურვილი. ამჟამად ფილიალში 40-მდე სამუშაო სივრცე სრულადაა ამოქმედებული. კომპლექსის პირველ ბლოკში განთავსებულია MAN-ის ოფიციალური შოურუმი და მულტიბრენდული საავტომობილო სერვისი, სადაც მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს სამუხრუჭე სისტემის, გამონაბოლქვისა და მაშუქების დიაგნოსტირება, სავალი ნაწილის შემოწმება-შეკეთება, ძრავის დიაგნოსტიკა და ელექტროსისტემების აღდგენა როგორც მსუბუქი კომერციული, ისე მძიმე სატვირთო ტრანსპორტისთვის.
ფილიალის მეორე ბლოკი ეთმობა დიზელის საწვავ სისტემებს, ძალურ გადაცემას, სამაცივრო აგრეგატებს, ვულკანიზაციასა და სამღებრო-სათუნუქე სერვისებს. ამ სივრცეში განთავსებულია სამღებრო-სათუნუქე უბანი, რომლის ანალოგიც რეგიონის არცერთ ქვეყანას არ აქვს. 22-მეტრიან სამღებროში ყველაზე დიდი გაბარიტების ავტომანქანის შეღებვა ერთიანად არის შესაძლებელი. აგრეთვე, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, ავტომობილის ჩარჩო და ძალური კონსტრუქცია ქარხნული პარამეტრების შესაბამისად აღადგინოს, ფრანგული წამყვანი ბრენდის CELETTE-ს უახლესი, ე.წ. რობოტის, კომპლექტის საშუალებით. პარალელურად, უკვე სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრე სისტემების სერვისი Thermo King, სადაც სამუშაოებს გადამზადებული და გამოცდილი მექანიკოსები ასრულებენ.
თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, „თეგეტასთვის“ უმნიშვნელოვანესია გარემოსდაცვითი კომპონენტი და შრომის უსაფრთხოება. ყველა სამუშაო სივრცე აღჭურვილია იტალიური წარმოების ამწეებითა და გერმანული Balzer-ის სერვისის ორმოებით. სწორედ აქ დაინერგა რეგიონისთვის უნიკალური სერვისი, რომელიც სახიფათო ნარჩენებისგან დასვრილი აგრეგატების უსაფრთხო რეცხვას გულისხმობს სპეციალური ხსნარებით.
გეზის ფილიალში დანერგილი ბიზნესპროცესები სრულად მომხმარებელზეა მორგებული. სატრანსპორტო საშუალების მფლობელს პერსონალური სერვისის მრჩეველი ემსახურება, რომელიც ყველა საჭირო საკითხს მართავს, განაცხადის გახსნიდან ანგარიშსწორებამდე. მეტი კომფორტისათვის სერვისის მისაღებად წინასწარ ჩაწერაცაა შესაძლებელი როგორც ონლაინ, ისე სატელეფონო ზარით. ფილიალის ტერიტორიაზე მოქმედებს „თეგეტა ლაუნჯი“ და „საირმე ბეიქერის“ კომფორტული სივრცე.
სხვა სიახლეები
Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
17.07.2026.16:09
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ - Euromoney, თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად მეორედ დაასახელა. ჯილდო კომპანიას 2025 წლის საქმიანობისთვის გადაეცა.
საერთაშორისო აღიარება ადასტურებს თიბისი კაპიტალის მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომასა და ლიდერის პოზიციას საქართველოში. კომპანია მუდმივად ავითარებს ტექნოლოგიებს, კლიენტებს ეხმარება ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში, ბიზნესს კი პროაქტიულ რეჟიმში აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ. ამავდროულად, საინვესტიციო ბანკი საქმიანობას რეგიონშიც აფართოებს.
კომპანია მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს სრულ საინვესტიციო ეკოსისტემას - კაპიტალის ბაზრებზე დაფინანსების მოზიდვას, შერწყმისა და შესყიდვების (M&A) გარიგებებში ჩართულობას, კვლევებსა და ანალიტიკას, თანამედროვე საინვესტიციო პლატფორმებსა და გადაწყვეტილებებს როგორც საცალო, ისე პროფესიონალი ინვესტორებისთვის.
2025 წელს თიბისი კაპიტალის ჩართულობით ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე 1.2 მილიარდი დოლარის მოცულობის ობლიგაციები განთავსდა. შედეგად, თიბისი კაპიტალმა შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია ქართულ საინვესტიციო ბანკებს შორის, ბაზრის 52.1%-იანი წილით. საინვესტიციო ბანკმა გასულ წელს წარმატებით განახორციელა 22 ტრანზაქცია, მათ შორის 4 - საერთაშორისო ბაზრებზე.
2025 წელს თიბისი კაპიტალი არაერთ მნიშვნელოვან ტრანზაქციაში იყო ჩართული, მათ შორისაა: საქართველოს კაპიტალის ბაზრის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ლარში დენომინირებული “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” 350 მილიონი ლარის ობლიგაციები, “თეგეტა მოტორსის” მდგრადობასთან დაკავშირებული 260 მილიონი ლარის ადგილობრივი განთავსება და “სილქ როუდ ჯგუფის” 400 მილიონი აშშ. დოლარის ევროობლიგაციები.
კომპანიამ მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა საინვესტიციო სერვისების მიმართულებითაც. თიბისის მობაილბანკში განახლებულ საინვესტიციო პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობა 150 ათასამდე გაიზარდა, რაც უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელია.
ამავე პერიოდში სრულად განახლდა პროფესიონალი ინვესტორებისთვის განკუთვნილი TBC Capital Trader-ის პლატფორმაც, რომელიც ინვესტორებს ვაჭრობის სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს - 37 საფონდო ბირჟაზე, 5,000-ზე მეტი ფინანსური ინსტრუმენტით.
მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების, ინოვაციების დანერგვისა და პროდუქტების გაუმჯობესების შედეგად, 2025 წელს 1.3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა აქტივები, რომელსაც ადმინისტრირებას თიბისი კაპიტალი უწევს.
რაც შეეხება ანალიტიკურ მიმართულებას, 2025 წელს თიბისი კაპიტალმა 200-მდე კვლევა გამოაქვეყნა, გამომწერთა რაოდენობა კი 73%-ით, 20 000-მდე გაზარდა. კომპანიამ ასევე გამართა 8 მასშტაბური კონფერენცია, რომელსაც 2 000-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.
გარდა ამისა, შერწყმისა და შესყიდვების (M&A) მიმართულებით საქართველოსა და უზბეკეთში 60 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების სამი ტრანზაქცია წარმატებით დაასრულა. თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საფონდო ბირჟაზე ლიცენზირებული წევრის სტატუსიც მოიპოვა, რაც კომპანიის რეგიონული გაფართოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
“Euromoney-ს ჯილდო ადასტურებს, რომ თიბისი კაპიტალის ლიდერული პოზიცია ეფუძნება არამხოლოდ ბაზარზე ძლიერ პოზიციონირებას, არამედ ინოვაციურ მიდგომებს, გამარტივებულ პროცესებს, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმსა და მომხმარებლების ნდობას. სწორედ ამ ნდობის შედეგია, რომ 2025 წელს წარმატებით ვმართავდით კლიენტების 1.3 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებს. საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკიდან რეგიონულ მოთამაშედ ჩამოვყალიბდით და ამ გზას 2026-შიც ვაგრძელებთ. უზბეკეთის შემდეგ, აზერბაიჯანი უკვე მეორე ბაზარია, სადაც ჩვენი საქმიანობა გავაფართოვეთ - თიბისი კაპიტალმა, ექსკლუზიური ფინანსური მრჩევლის როლში, მხარი დაუჭირა PASHA Bank-ს IPO-ს წარმატებით განხორციელებაში. ვაგრძელებთ ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებების შექმნას, რომლებიც ჩვენს კლიენტებს ზრდის ახალ შესაძლებლობებს მისცემს და რეგიონის კაპიტალის ბაზრების განვითარებას შეუწყობს ხელს”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.