უნივერსიტეტი არის სივრცე, სადაც აქცენტი აკადემიურ ცოდნაზე კეთდება - პროფესიული განათლება კი უფრო პრაქტიკულია და ორიენტირებულია იმაზე, რომ სტუდენტმა ოპტიმალურ დროში შეიძინოს კონკრეტული უნარები l გიორგი მარიამიძე
უნივერსიტეტი, ერთი მხრივ, არის სივრცე, სადაც აქცენტი უფრო აკადემიურ ცოდნაზე კეთდება. პროფესიული განათლება კი უფრო პრაქტიკულია და ორიენტირებულია იმაზე, რომ სტუდენტმა ოპტიმალურ დროში შეიძინოს კონკრეტული უნარები დასასაქმებლად, - აცხადებს სქილვილ შვეიცარიული კოლეჯის დამფუძნებელი და თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი მარიამიძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
გიორგი მარიამიძის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებთან ერთად პროფესიული სასწავლებლების არჩევის შესაძლებლობაც მიეცათ, მნიშვნელოვნად წაახალისებს პროფესიული განათლების განვითარებას და კადრების ეფექტიან დასაქმებას შეუწყობს ხელს.
„საკანონმდებლო ნაწილში ზოგადი ტენდენცია და დინამიკა ცალსახად პოზიტიურია. განათლების მიმართულებით გამოვყოფდი ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას. აბიტურიენტებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ, უკვე აქვთ შესაძლებლობა, უნივერსიტეტებთან ერთად პროფესიული სასწავლებლებიც აირჩიონ. ეს ფაქტი ძალიან გვახარებს, რადგან ამ პროცესში უნივერსიტეტსა და კოლეჯს თავისი მკაფიო როლი აქვთ.
უნივერსიტეტი, ერთი მხრივ, არის სივრცე, სადაც აქცენტი უფრო აკადემიურ ცოდნაზე კეთდება. პროფესიული განათლება კი უფრო პრაქტიკულია და ორიენტირებულია იმაზე, რომ სტუდენტმა ოპტიმალურ დროში შეიძინოს კონკრეტული უნარები დასასაქმებლად. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პროფესიული სასწავლებლების პრესტიჟი ჯერ კიდევ არ არის გათანაბრებული წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან და ხშირად კოლეჯში სწავლა ნაკლებად პრესტიჟულად მიიჩნევა. ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო დონეზე ეს არჩევანი გათანაბრდა, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად წაახალისებს პროფესიული განათლების სექტორს და, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს კადრების ეფექტიან დასაქმებას“, - აღნიშნა მარიამიძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.