ვაგრძელებთ ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების დანერგვას, მომხმარებლის გამოცდილებისა და ოპერაციული ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად - არჩილ გაჩეჩილაძე
Lion Finance Group-ი პირველი კვარტლის შედეგებს აჯამებს, რომელიც ჯგუფმა ისტორიული შედეგებით ასრულებს.
,,ეს კვარტალი ჯგუფისთვის ისტორიული მოვლენით აღინიშნა - FTSE 100 ინდექსში ჩვენი შეყვანით, რაც ორი ათწლეულის განმავლობაში თანმიმდევრული და წარმატებული საქმიანობის აღიარებაა. ამ პერიოდში ჩვენ შევქმენით მაღალმომგებიანი რეგიონული საბანკო პლატფორმა, საერთო აქტივები ორმოცდაათჯერ გავზარდეთ, გავაღრმავეთ ურთიერთობები მომხმარებლებთან, გავაძლიერეთ ციფრული შესაძლებლობები და წამყვანი პოზიციები დავიმკვიდრეთ ბაზარზე. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებული ძლიერი შედეგების ტენდენცია 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა”, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.
არჩილ გაჩეჩილაძე ზოგად ეკონომიკურ გარემოსაც აფასებს საქართველოსა და სომხეთში.
,,2026 წლის დასაწყისში საქართველოში და სომხეთში მაკროეკონომიკური გარემო კვლავ ძლიერი იყო, რასაც მხარს უჭერდა მყარი შიდა მოთხოვნა და სტაბილური საგარეო შემოდინებები. ორივე ეკონომიკის მდგრადობისა და წლის დასაწყისში დაფიქსირებული ძლიერი შედეგების გათვალისწინებით, 2026 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გავზარდეთ - საქართველოში 7.0%-მდე, ხოლო სომხეთში 6.0%-მდე.
მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში ნეგატიური გავლენა მოახდინოს ენერგეტიკული ბაზრების მერყეობისა და გაზრდილი ინფლაციის გზით, ორივე ქვეყანა კვლავ მყარ პოზიციაში რჩება, რასაც ხელს უწყობს მაღალი საერთაშორისო რეზერვები, ფრთხილი ფისკალური პოლიტიკა და სანდო მონეტარული მართვა. ამასთან, კონფლიქტის ხანგრძლივმა გაგრძელებამ შესაძლოა დამატებითი სარგებელიც მოიტანოს შუა დერეფნის მნიშვნელობის ზრდისა და კაპიტალისა და ტურისტული ნაკადების გადანაწილების ფონზე”, - ამბობს Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.
არჩილ გაჩეჩილაძისა და ჯგუფის მოლოდინით, 2026 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მოსალოდნელია ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, რაც განპირობებული იქნება ინფლაციური რისკებით.
,,საქართველოში ელექტროენერგიის ფასის მერყეობსა და შედეგად წარმოქმნილი ინფლაციური ზეწოლის ფონზე, ველოდებით, რომ ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში ზომიერად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს", - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე.
ჯგუფის CEO ასევე საუბრობს იმ შესაძლებლობებსა და პოტენციალზე, რომელიც საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე არსებობს. აღნიშნავს, რომ მომხმარებლები და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნა ჯგუფისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება.
,,ძირითადი საქმიანობის პარალელურად, ვაგრძელებთ ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა გადაწყვეტების ტესტირებასა და დანერგვას, მათ შორის პერსონალიზებული პროდუქტის რეკომენდაციებისა და პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით, რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება და ოპერაციული ეფექტიანობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივების ფინანსური ეფექტის ზუსტი შეფასება ჯერ ნაადრევია, ჩვენი ფოკუსი მიმართულია ისეთი ტექნოლოგიების განვითარებაზე, რომლებიც რეალურ ღირებულებას შექმნის როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ინვესტორებისთვის.
სომხეთში Ameriabank-მა გააგრძელა საკუთარი ძლიერი საბაზრო პოზიციების გამყარება და საცალო ბანკინგის მიმართულებით სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება. ბანკმა კვარტლის განმავლობაში მდგრადი ზრდა შეინარჩუნა.
საქართველო და სომხეთი კვლავ რჩებიან რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებად, რაც კიდევ უფრო ამყარებს მათ რეპუტაციას, როგორც სტაბილური, ბიზნესზე ორიენტირებული ბაზრებისა და ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და სერვისების განვითარებადი რეგიონული ჰაბების. ორივე ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა და ფრთხილი მაკროეკონომიკური მართვა ქმნის მყარ საფუძველს მომავალი ზრდისთვის, განსაკუთრებით რეგიონული კავშირების გაძლიერების პირობებში. ორივე ბაზარზე ჩვენი ძლიერი პოზიციები და მომხმარებელთა მაღალი ერთგულება გვაძლევს შესაძლებლობას სრულად ვისარგებლოთ მათი ეკონომიკური გაფართოების პოტენციალით", - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.
სხვა სიახლეები
ისწავლე აშშ-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით - Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება მალე დასრულდება
26.06.2026.18:32
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია Fulbright-ის პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი დაფინანსებით.
2027-2028 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 1 ივლისს დასრულდება. აპლიკაციისთვის ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.
პროგრამა რამდენიმე ეტაპიანია:
• აპლიკაციების შევსება;
• აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ახალგაზრდებს უტარდებათ გასაუბრება;
• შერჩეული აპლიკანტები აბარებენ სამი ტიპის ტესტს: TOEFL, GRE, GMAT.
სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნებისა და განაცხადის შევსების წესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
ინფორმაციისთვის, Fulbright-ი აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.
2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge