ვაგრძელებთ სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებას და ჩვენი აქციონერებისთვის მდგრადი, გრძელვადიანი ღირებულების შექმნას - ირაკლი გილაური
Georgia Capital-ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა მისი ქართული ჰოლდინგური კომპანიის JSC Georgia Capital-ის (JSC GCAP) 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მდგრადობასთან დაკავშირებული ადგილობრივი ობლიგაციების ვადამდე სრულად გამოსყიდვა, GCAP-ის მიერ გათვალისწინებული ვადამდე გამოსყიდვის უფლების (call option) გამოყენებით.
გარიგების ანგარიშსწორება 2026 წლის აგვისტოს მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. მისი დასრულების შემდეგ GCAP სრულად დაფარავს ჰოლდინგური კომპანიის დონეზე არსებულ მთელ დარჩენილ სასესხო ვალდებულებას.
კომპანია ასევე აცხადებს, რომ მიმდინარე 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამჟამად 10 მილიონი აშშ დოლარის რესურსია დარჩენილი, დამატებით 10 მილიონი აშშ დოლარით გაიზრდება. გაფართოებული პროგრამა დაუყოვნებლივ ამოქმედდება.
ამ ორი გადაწყვეტილების შედეგად GCAP 700 მილიონი ლარის კაპიტალის დაბრუნების პროგრამას დაგეგმილ ვადაზე მნიშვნელოვნად ადრე სრულად დაასრულებს. ეს კომპანიის ისტორიაში კაპიტალის დაბრუნების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინიციატივაა.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 150 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების გამოსყიდვა და 110 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის აქციების გამოსყიდვა და გაუქმება.
კაპიტალის დაბრუნების პროგრამა თავდაპირველად 2025 წლის აგვისტოში გამოცხადდა და მისი დასრულება 2027 წლის ბოლომდე იყო დაგეგმილი.
„მოხარული ვარ, რომ GCAP კიდევ ერთხელ ადასტურებს კაპიტალის განაწილებისადმი თავის დისციპლინირებულ მიდგომას. კიდევ უფრო გაძლიერებული ბალანსის პირობებში, ჩვენ მტკიცედ ვაგრძელებთ სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებას და ჩვენი აქციონერებისთვის მდგრადი, გრძელვადიანი ღირებულების შექმნას.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბოლო პერიოდში მიღწეულმა პროგრესმა შესაძლებლობა მოგვცა, 700 მილიონი ლარის კაპიტალის დაბრუნების პროგრამა დაგეგმილ ვადაზე წელიწად-ნახევრით ადრე დავასრულოთ.
პროგრამის დასრულების შემდეგ და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში თავისუფალი ფულადი ნაკადების ძლიერი გენერირების მოლოდინის გათვალისწინებით, დირექტორთა საბჭო განიხილავს კაპიტალის მართვის განახლებულ პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც ბიზნესში ინვესტიციებს, ისე მომავალში კაპიტალის დაბრუნების მნიშვნელოვან ინიციატივებს.
ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯგუფის 2026 წლის აგვისტოში გამოსაქვეყნებელ ნახევარწლიურ ფინანსურ შედეგებთან ერთად გახდება ცნობილი“, - განაცხადა GCAP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა, განაცხადა.
სხვა სიახლეები
„ლეპერტი“ საწარმოო სივრცის გაფართოებასა და ახალი შოურუმის გახსნას გეგმავს
01.10.2026.16:00
„ლეპერტი“ სუვენირებისა და აქსესუარების კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 6 წელია ოპერირებს. კომპანია წარმოების გაფართოებას, ახალი კოლექციების შექმნას, შოურუმის გახსნასა და პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. აღნიშნულ გეგმებზე Business Insider Georgia, კომპანიის პარტნიორს, გიორგი გრიგალაშვილს ესაუბრა.
როგორია „ლეპერტის“ საქმიანობის მიმდინარე მდგომარეობა და რა შეიცვალა კომპანიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში?
დინამიკა კარგია, კმაყოფილი მომხმარებელი ისევ და ისევ გვიბრუნდება. ამასთან, უკვე ვამზადებთ პროექტს საწარმოო სივრცის მოსაწყობად. მიწა შეძენილი გვაქვს და გვინდა, წარმოება უახლოეს პერიოდში ავაშენოთ.
გვსურს, რომ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ, რასაც გარკვეული გადაიარაღება სჭირდება. ასევე, გვაქვს მოლაპარაკებები გარკვეულ სტრუქტურებთან, რომ გავაკეთოთ დიდი შოურუმი, სადაც სხვადასხვა კომბინირებული არქეოლოგიისა და სხვა მიმართულებების წარმოჩენა იქნება შესაძლებელი.
რა ახალი პროდუქტები ან კოლექციები დაემატა „ლეპერტის“ ასორტიმენტს და რა მიმართულებების განვითარებაზე მუშაობთ ამ ეტაპზე?
დავამატეთ ბევრი ახალი ნივთი, რომელიც უკვე ბაზარზე გამოვიტანეთ. თბილისის ძველი უბნების მიმართულებით ახალი ქვევრიც გავაკეთეთ. ზოგადად, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ახალი ნივთები შევქმნათ.
ჩვენი მომხმარებელი ძირითადად მაღალი სეგმენტია, თუმცა ახლა ვცდილობთ, დაბალ სეგმენტზეც ვიმუშაოთ. როდესაც წარმოებას ავაშენებთ, გვინდა, ამ სეგმენტისთვისაც შევქმნათ ჩვენი ნივთები - ქართული, ნამდვილი, ხარისხიანი და ბიუჯეტური.
გარდა ამისა, გვსურს, ტურისტული მიმართულებით ბევრი ნივთი გავაცოცხლოთ. ასევე, გვინდა, გავაკეთოთ გამოფენა, სადაც ჩვენი ისტორიული ძეგლები, საკათედრო ტაძრები, ტაო-კლარჯეთში არსებული ტაძრები და სხვა მნიშვნელოვანი ადგილები იქნება წარმოდგენილი.
საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და ასევე მზად ვართ კარგი პარტნიორობისთვის.
ღვინის მიმართულებით რა გეგმები აქვს „ლეპერტს“?
მოგეხსენებათ, 12 სახეობის ღვინო გამოვუშვით, რომელსაც მომხმარებლისგან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ამ მიმართულების განვითარებას მომავალშიც ვაპირებთ.
შარდენზე ჩვენი შოურუმის გახსნასაც ვგეგმავთ. ეს იქნება დამოუკიდებელი სივრცე, სადაც ღვინოსთან ერთად „ლეპერტის“ სხვა პროდუქტებიც იქნება წარმოდგენილი.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
სამომავლო გეგმებში შედის კოლექციების გამრავალფეროვნება, საწარმოო სივრცის აშენება, გადაიარაღება და შოურუმის გახსნა. ამასთან, ვმუშაობთ ისტორიულ თემებზე შექმნილ პროექტებზეც, მათ შორის არგონავტებსა და ფიროსმანზე. ისინი ჩვენს მაღაზიასთან იქნება დაკავშირებული და მომხმარებლებს განსხვავებულ, ინოვაციურ გამოცდილებას შესთავაზებს.
ძირითადად, ტურისტებზე იქნება გათვლილი - მათ გიდის გარეშე შეეძლებათ, ითამაშონ, დაათვალიერონ და მოისმინონ.
ინფორმაციისთვის, „ლეპერტი“ წარმოადგენს ქართულ ბრენდს, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, კულტურასა და ინოვაციას, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომხმარებლებისთვის.