„ველეულა“ საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზებას გეგმავს
ღვინის კომპანია „ველეულა“ საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებასა და რეალიზაციის მოცულობების ზრდას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა, ნინო მღებრიშვილმა, განუცხადა, კომპანიამ წლევანდელი რთველი წარმატებით დაასრულა და საახალწლოდ მომხმარებლებს ახალ სასაჩუქრე შეთავაზებებსაც უმზადებს.
როგორ შეაფასებდით წელს რთველის სეზონს? როგორი იყო მოსავალი და რამდენად კმაყოფილი ხართ მიღებული შედეგებით?
წლევანდელი რთველი დავასრულეთ და შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ. მოსავალი რაოდენობრივად საკმაოდ დიდი იყო. თუმცა, ამინდის პირობებიდან გამომდინარე, ყურძენს შაქრიანობა ოდნავ დააკლდა. მიუხედავად ამისა, მოსავალი ხარისხიანი იყო და რაოდენობრივადაც კარგი შედეგი მივიღეთ.
ამჟამად რამდენი სახეობის ღვინოს აწარმოებთ და როგორია თქვენი ასორტიმენტი?
ჩვენი ასორტიმენტი ძირითადად რაჭაში გავრცელებული ყურძნის ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოებს აერთიანებს. მათ შორისაა ალექსანდროული, მუჯურეთული, ძელშავი, რაჭული თეთრა, რაჭული საფერავი, რაჭაში მოყვანილი ცოლიკაური და რაჭული მწვანე.
ამ ჯიშებისგან ვაწარმოებთ როგორც ცალკეული ჯიშის ღვინოებს, ისე სხვადასხვა ბლენდს. მაგალითად, გვაქვს ნახევრად მშრალი ღვინო „ბარაკონი“, რომელიც ალექსანდროულის, მუჯურეთულისა და ძელშავისგან მზადდება.
ასევე ვაწარმოებთ რაჭული თეთრასა და რაჭული მწვანეს ბლენდს. ესეც ნახევრად მშრალი ღვინოა, რომელიც გამოირჩევა სასიამოვნო, ხილის არომატებითა და მაღალი მჟავიანობით.
როგორია კომპანიის ამჟამინდელი მდგომარეობა საექსპორტო ბაზრებზე და რა მიმართულებით გეგმავთ განვითარებას?
ჩვენი ღვინო ამჟამად ევროპის ძირითადად ყველა ქვეყანაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინგლისში გადის.
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი საექსპორტო მოცულობების ზრდაა. ვცდილობთ, არსებულ პარტნიორებსა და მომხმარებლებს უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტი შევთავაზოთ და თითოეულ ბაზარზე მიწოდებული ღვინის რაოდენობა გავზარდოთ. სწორედ ეს არის ჩვენი განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება.
რა სიახლეებს გეგმავთ უახლოეს პერიოდში და რა შეთავაზებები გექნებათ მომხმარებლებისთვის საახალწლოდ?
საახალწლოდ მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს ვუმზადებთ. გვექნება სასაჩუქრე ყუთები, რომლებიც ქართულ ნობათს, ჩვენს ღვინოსა და სხვადასხვა სუვენირს გააერთიანებს.
შეთავაზებები განკუთვნილი იქნება როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის.
დეკემბრის დასაწყისიდან ჩვენს Facebook-ისა და Instagram-ის გვერდებზე ეტაპობრივად განვათავსებთ სასაჩუქრე ნაკრებების ფოტოებს, ვიდეოებსა და ინფორმაციას ფასების შესახებ.
ამასთან, თბილისში ჩვენი ღვინის მიწოდება ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერ მისამართზე უფასოდ იქნება შესაძლებელი.
გვინდა, მომხმარებლებს საახალწლოდ საინტერესო და მრავალფეროვანი სასაჩუქრე არჩევანი შევთავაზოთ, რომლის მთავარი ნაწილი ჩვენი ღვინო იქნება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.