ვენეცია - ახალი მიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება, ვენეცია დაემატება. ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით იტალიის უკვე მესამე ქალაქში იქნება მოხვედრა შესაძლებელი. ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანიაWizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით შეასრულებს. ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე https://www.wizzair.com/en-gb უკვე შესაძლებელია.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებები აღადგინა, ხოლო ივნისიდან სრულიად ახალი, ლიონის მიმართულებით დაიწყო კვირაში ორი სიხშირით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება.
2022 წლიდან ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. 2025 წლის 7 თვის მონაცემებით Wizz Air საქართველოში 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. მხოლოდ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში კი, ავიაკომპანიამ ქუთაისიდან და პირიქით, დაახლოებით 4 800 რეისი შეასრულა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თითქმის 9%-ით მეტია.
ამ ეტაპზე,Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.