Vento Energy-ის 43.2 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურზე ტურბინების მონტაჟი დასრულდა
ვენტო ენერჯი საქართველოში 43.2 მგვტ სიმძლავრის ბრეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტს ახორციელებს. ელექტროსადგურზე ექვსივე ქარის ტურბინის მონტაჟი წარმატებით დასრულდა, რაც პროექტის განხორციელების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
ელექტროსადგურზე დამონტაჟდა Goldwind-ის ექვსი GWH182-7.2MW მოდელის ტურბინა, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 7.2 მგვტ-ია. ტურბინების მონტაჟი კომპანია GOLDWIND INTERNATIONAL GEORGIA - მ განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ბრეთის ქარის ელექტროსადგური საქართველოში ყველაზე მასშტაბური ქარის ელექტროსადგურია, რომელიც სრულად ადგილობრივი კომერციული ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.
პროექტი საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოში კიდევ ერთი თანამედროვე განახლებადი ენერგიის პროექტი განხორციელდა, რომელიც სულ მალე ჩაერთვება ქვეყნის ერთიან ენერგოსისტემაში. მადლობას ვუხდით ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით კი კომპანია Goldwind-ს და საქართველოს ბანკს გაწეული მხარდაჭერისა და პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, - აცხადებს ზაქარია ავალიანი, ვენტო ენერჯის დირექტორი.
„ბრეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების მიმართულებით და ასახავს Goldwind-ის გრძელვადიან ხედვას საქართველოს ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესში. ქართულ ბაზარზე 2024 წელს შემოსვლის შემდეგ, ჩვენ უკვე გავაფორმეთ ცხრა ქარის ელექტროსადგურის პროექტზე შეთანხმება, რომელთა ჯამური სიმძლავრე 438 მგვტ-ს შეადგენს. მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოში ქარის ენერგიის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას, რათა ჩვენი ტექნოლოგიური გამოცდილებით ხელი შევუწყოთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და მდგრად განვითარებას. მინდა მადლობა გადავუხადო ვენტო ენერჯის, საქართველოს ბანკსა და ყველა პარტნიორს ნდობისა და თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს პიტერ გუო, Goldwind Georgia-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი.
„ქარის ენერგიის განვითარება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად ერთ-ერთი გადამწყვეტი მიმართულებაა. ქარის ენერგიის გენერაცია ავსებს ზამთრის ენერგოდეფიციტს და ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას. საქართველოს ბანკისთვის აღნიშნული მიმართულება სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა. შესაბამისად, ბრეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის დაფინანსებით ხელს ვუწყობთ საქართველოში ქარის ენერგიის განვითარებასა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლის განმტკიცებას“, - აცხადებს ბონდო ტაბატაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.
სხვა სიახლეები
„არ გაჩერდე, სულ რაღაც ისწავლე“- განათლება არის ის, რაც მთელი ცხოვრება გრძელდება
27.10.2026.16:25
განათლებაზე საუბრისას ხშირად ამბობენ, რომ ადამიანს მისი პასუხებით კი არა, დასმული კითხვებით უნდა შევაფასოთ. ჩემთვის ორივე მნიშვნელოვანია: ისიც, რა იცი, და ისიც, შეგიძლია თუ არა აღიარო, რომ რაღაც არ იცი ან არ გესმის, და სწორი კითხვა დასვა. სწორედ აქედან იწყება სწავლა - ინტერესიდან, დაფიქრებიდან და გარკვევის სურვილიდან.
ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია. ვფიქრობ, ბავშვს ამის გაცნობიერება თავიდანვე სჭირდება. გაცილებით ღირებულია, სიღრმისეულად დაინტერესდეს საკითხით, აღმოაჩინოს ის, რაც იზიდავს და გამოადგება, და ჰქონდეს სურვილი, მეტი გაიგოს. განათლებამ ამ ძიებაში უნდა შეუწყოს ხელი.
ფიზიკა ხშირად ისეთ კითხვებს გვახვედრებს, რომლებზეც მარტივი პასუხები არ არსებობს. პასუხამდე მისვლას დრო, მცდელობა და ზოგჯერ საკუთარი ვარაუდის თავიდან გააზრებაც სჭირდება. სწავლის პროცესშიც ასეა: გაურკვევლობა ბუნებრივია და ბავშვს უნდა შეეძლოს, მშვიდად თქვას: „ჯერ არ ვიცი“.
„ჩემი გზა ჩემია, შვილის - მისი“
შვილის ინტერესების მხარდაჭერაზე ჩემი პასუხი მარტივია: ჩემი გზა ჩემია, შვილის გზა კი მხოლოდ მისი. საკუთარ გზას თავად ეძებს და ამ ძიებაში ყოველთვის დავუჭერ მხარს.
მიმართულების მიცემასა და მის ნაცვლად არჩევანის გაკეთებას შორის ზღვარი ჩემთვის ნდობაზე გადის. რჩევას მაშინ აქვს ფასი, როცა ბავშვს საკუთარი აზრის გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების სივრცეც რჩება. მშობლის გამოცდილება შეიძლება დაეხმაროს, თუმცა შვილის ინტერესების გასაგებად მხოლოდ საკუთარი გამოცდილება საკმარისი ვერ იქნება - მასაც უნდა მოვუსმინოთ.
სიამაყის მიზეზიც ბევრი არსებობს. ბავშვის ზრდას ყოველდღიურ მცდელობებში ხედავ: როცა რთულ საქმეს უბრუნდება, კითხვას სვამს, აზრს გამოთქვამს ან შეცდომას აღიარებს. ამ ყველაფერს ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება.
შეცდომა სწავლის განუყოფელი ნაწილია
შეცდომის დაშვება სწავლის ბუნებრივი ნაწილია. ფიზიკაში ვარაუდს ამოწმებ, შედეგს აკვირდები და, საჭიროების შემთხვევაში, მსჯელობას ცვლი. ბავშვსაც სჭირდება შესაძლებლობა, სცადოს, შეცდეს და გაარკვიოს, რატომ მიიღო ასეთი შედეგი.
ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეეძლოს ახსნა, რატომ ფიქრობს ასე. ახსნის დროს ჩანს, როგორ მივიდა პასუხამდე, რას დაეყრდნო და სად დარჩა გაურკვევლობა. ეს საუბრის გაგრძელების საშუალებას გვაძლევს და ბავშვს საკუთარი მსჯელობის უკეთ დანახვაში ეხმარება.
ცოდნა, რომელსაც გააზრება ახლავს
სამყაროში, სადაც პასუხის მიღება სულ უფრო მარტივია, ინფორმაციის შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვს უნდა შეეძლოს სანდო წყაროების განსაზღვრა, იქნება ეს ადამიანი, ვებგვერდი თუ სოციალური ჯგუფი და მიღებული ინფორმაციის ლოგიკურად გააზრება.
საიდან ვიცით ეს? რას ეფუძნება ნათქვამი? შეესაბამება თუ არა დასკვნა არგუმენტებს? ასეთი კითხვები ცოდნის გააზრებაში გვეხმარება.
ცოდნა და აზროვნებაც ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. რაც მეტი იცი, მეტი შესაძლებლობა გაქვს, მოვლენებს შორის კავშირები დაინახო, საკითხს სხვადასხვა მხრიდან შეხედო და გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღო. განათლების გავლენა სწორედ ამ ყოველდღიურ ფიქრსა და არჩევანშიც ვლინდება.
ჩემს შვილს განათლების გზიდან ერთი რამ მინდა გაჰყვეს: „არ გაჩერდეს და სულ რაღაც ისწავლოს!“შეინარჩუნოს ინტერესი, დასვას კითხვები და ახალი ცოდნისთვის ადგილი ყოველთვის დატოვოს. რადგან სწავლის გაგრძელების სურვილი მთელი ცხოვრების თანამგზავრი უნდა გახდეს!