ვფიქრობ, საქართველო ჩემი BPO ბიზნესისთვის შემდეგი ლოკაცია იქნება - ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფომ და შესაბამისმა უწყებებმა აქ კომპანიის დაფუძნების პროცესი ძალიან გაამარტივეს | კანადური კომპანია EmpireOne BPO Solutions-ის დამფუძნებელი
ეს მართლაც შთამბეჭდავია. როგორც გავიგე, თუ ყველა საჭირო დოკუმენტი მზად გაქვთ, კომპანიის რეგისტრაცია იმავე დღეს, სულ რამდენიმე საათშია შესაძლებელი. ვფიქრობ, ეს კომპანიის რეგისტრაციის ყველაზე სწრაფი პროცესია, რაც კი მსოფლიოს მასშტაბით მინახავს, - ამის შესახებ კანადური კომპანია EmpireOne BPO Solutions-ის დამფუძნებელმა, პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ფაუად ნასირმა განაცხადა.
როგორც ფაუად ნასირი ამბობს, საქართველო მისი ბიზნესის შემდეგი ლოკაცია იქნება.
„იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ვნახე, ვფიქრობ, საქართველო ჩემი BPO ბიზნესისთვის შემდეგი ლოკაცია იქნება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფომ და შესაბამისმა უწყებებმა აქ კომპანიის დაფუძნების პროცესი ძალიან გაამარტივეს. ქართველი ხალხი კარგად საუბრობს ინგლისურად და ქვეყანაში კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილია. ამიტომ, საქართველო ნამდვილად იქნება ჩემი ბიზნესის შემდეგი ლოკაცია. ვნახე, რომ აქ ადამიანები ინგლისურ ენას ძალიან კარგად ფლობენ. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს პოტენციალი ეფექტურად გამოვიყენოთ. ინვესტიციების სააგენტომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვსულიყავით და ადგილზე გავცნობოდით საქართველოს შესაძლებლობებს. სააგენტომ შესანიშნავად დაგვიგეგმა ვიზიტი, დაგვათვალიერებინა ქალაქი და მოგვცა შესაძლებლობა, ადგილზე გვენახა, როგორ მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციები. ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ და მოუთმენლად ველით მათთან გრძელვადიან თანამშრომლობას“, - აღნიშნა EmpireOne BPO Solutions-ის დამფუძნებელმა, პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
EmpireOne BPO Solutions-ის დამფუძნებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს მოწვევით სტუმრობს და ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედი 12 საერთაშორისო კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე აკვირდება.
სხვა სიახლეები
Ig Agro ახალ საექსპორტო ბაზრებზე მუშაობს - რა შედეგებით დაბრუნდა კომპანია SIAL Paris 2026-დან
28.10.2026.16:00
ქართული თხილის მწარმოებელი კომპანია Ig Agro საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებასა და ექსპორტის გაფართოებაზე მუშაობს. კომპანია მონაწილეობდა პარიზში გამართულ საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - SIAL Paris 2026, სადაც არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობა გააღრმავა, ახალ პოტენციურ კლიენტებს შეხვდა და რამდენიმე მათგანთან თანამშრომლობაზეც შეთანხმდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, SIAL Paris 2026-ზე საქართველო 31 ქართული კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა ქართული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას ემსახურება.
გამოფენის შედეგების, ახალ ბაზრებზე ექსპორტის შესაძლებლობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Ig Agro-ს წარმომადგენელი ლუკა მიქელაიშვილი ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით SIAL Paris 2026-ის გამოფენას და კომპანიისთვის რამდენად შედეგიანი იყო მასში მონაწილეობა?
ჩვენ, როგორც თხილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც სრულად ექსპორტზეა ორიენტირებული, გამოფენებს კლიენტების მოზიდვის ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად მივიჩნევთ. SIAL ამ მხრივ გამორჩეული პლატფორმაა. გამოფენა პარიზში ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მას ყოველთვის ვესწრებით. ევროპაში კიდევ ერთი მსგავსი მასშტაბის გამოფენაა Anuga, რომელიც კიოლნში იმართება, ასევე ორ წელიწადში ერთხელ. SIAL და Anuga ერთმანეთს ენაცვლება, ამიტომ მიმდინარე წელიც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
გამოფენაზე შევხვდით ფაქტობრივად ყველა არსებულ კლიენტს და გავიცანით ახალი შემსყიდველებიც. გავაფორმეთ ხელშეკრულებები და უკვე ვთანამშრომლობთ ახალ პარტნიორებთან. SIAL მხოლოდ პროდუქციის წარდგენის პლატფორმა არ არის - ეს სამუშაო გამოფენაცაა, სადაც უშუალოდ ვაფორმებთ ხელშეკრულებებს და კლიენტებთან სამომავლო თანამშრომლობის პირობებზე ვთანხმდებით.
აწარმოებთ თუ არა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს რომელიმე ქვეყანასთან ექსპორტის მიმართულებით?
ევროპულ ბაზარზე გარკვეული შეთანხმებები უკვე დავასრულეთ. გამოფენაზე შევხვდით მექსიკელ კლიენტებსაც, რომლებიც სპეციალურად ჩამოვიდნენ და რომლებთანაც ექსპორტის საკითხებზე შევთანხმდით. ასევე, გვესტუმრნენ ჩვენი კლიენტები ჩრდილოეთ აფრიკიდან, კერძოდ, მაროკოდან, რომლებთანაც მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?
ჩვენი ძირითადი საქმიანობა ექსპორტია. წლის ბოლომდე ყველაზე აქტიური პერიოდი ოქტომბრიდან იწყება და წლის ბოლომდე გრძელდება. აქტიური სამუშაო პროცესი 2027 წლის დასაწყისშიც გაგრძელდება, რის შემდეგაც სხვა ბაზრებიც აქტიურდება. ეს უწყვეტი პროცესია, რომელიც მომდევნო წლის აგვისტომდე გრძელდება. შემდეგ ახალ მოსავალს ველოდებით და სეზონიც თავიდან იწყება. ჩვენი სამუშაო სეზონი სექტემბრიდან მომდევნო წლის აგვისტომდე გრძელდება.