ვფიქრობ, შეგვიძლია ტვირთების ნაწილი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე გადმოვრთოთ, სადაც მოცულობები საკმაოდ დიდია - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი
Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი მიხეილ ნამადოვი აცხადებს, რომ ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატივად ყარსი–ახალქალაქის მიმართულება შესაძლოა ჩამოყალიბდეს და რეგიონში სერიოზული კონკურენცია შექმნას. მისი თქმით, ჩინეთი ამჟამად აქტიურად იყენებს ჩრდილოეთის მარშრუტს, რომელიც ლიტვასა და ბელარუსის გავლით დუისბურგამდე გადაზიდვებს მოიცავს, თუმცა ალტერნატიული მიმართულებები, მათ შორის საქართველოზე გამავალი რკინიგზა, სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. ნამადოვის შეფასებით, რკინიგზით გადაზიდვების ღირებულება ხშირად ზღვით ტრანსპორტირების ფასებს უტოლდება, რაც, ენერგომატარებლების ფასების არასტაბილურობის ფონზე, ამ სექტორს დამატებით პერსპექტივას აძლევს.
„დღეს ჩინეთი აქტიურად იყენებს ჩრდილოეთის დერეფანს, რაც გულისხმობს ტვირთების რკინიგზით გადაზიდვას ბელარუსსა და ლიეტუვამდე, სადაც ხდება ვაგონების ბორბლების გამოცვლა, რის შემდეგაც ტვირთი მოძრაობას აგრძელებს. ძირითადი გამანაწილებელი ცენტრი გერმანიაში, კერძოდ, დუისბურგში მდებარეობს.
ამ მარშრუტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ალტერნატივა, რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ყარსის (ახალქალაქის) მიმართულება იქნება, რომელიც საკმაოდ დიდ კონკურენციას გაუწევს არსებულ დერეფნებს, განსაკუთრებით სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ტვირთების ნაწილი ამ მარშრუტზე გადმოვრთოთ, სადაც მოცულობები საკმაოდ დიდია.
თუნდაც დღეს, მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ჩინეთიდან კონტეინერის საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის ღირებულება თითქმის იგივეა, რაც რკინიგზით საქართველომდე ტრანსპორტირება. სწორედ ამიტომ, მომავალი ამ მიმართულებისაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ნავთობზე ფასები საკმაოდ არასტაბილურია და მიმდინარე კონფლიქტები მასზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. რკინიგზის თვითღირებულება კი, როგორც მოგეხსენებათ, ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, რაც მას ბევრად უფრო სტაბილურს ხდის.
ამ პროექტს საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზუსტი პროგნოზების გაკეთება რთულია, ეს მთლიანი რეგიონისთვის უდიდესი დოვლათის მომტანი და ლოგისტიკის ეფექტიანობის ამაღლების წინაპირობა იქნება“, - აღნიშნა ნამადოვმა.
მისივე თქმით, საქართველო შეუძლია არა მხოლოდ საკუთარი ექსპორტ-იმპორტის მომსახურება, არამედ მესამე ქვეყნებისთვის ლოგისტიკური მომსახურების გაწევაც, მისი თქმით, უკვე არსებობს რეგიონის მაგალითები, როგორიცაა ყაზახეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენებით მესამე ქვეყნების ტვირთების გადაზიდვაზეც მუშაობენ. ნამადოვის შეფასებით, საქართველოს შეუძლია ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პოტენციალის რეალიზება, რაც ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება და საერთაშორისო ლოგისტიკურ ბაზარზე მის როლს გააძლიერებს.
„თუ დღეს საერთაშორისო ლოგისტიკაში არსებულ ეკონომიკურ სალდოს ავიღებთ, მომსახურებაში უფრო მეტს ვიხდით, ვიდრე თავად გავცემთ. ამ მიდგომით კი პირიქით შეგვიძლია ჩვენი წილი გავზარდოთ. მით უმეტეს, ჩვენი მდებარეობისა და დღევანდელი გეოპოლიტიკური აქტუალურობის გათვალისწინებით, პატარა ქვეყნებისთვის ეს მომსახურება შეიძლება იქცეს ექსპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ ისევე, როგორც ტურიზმი, IT სექტორი, დეველოპმენტი და სხვა“,- აღნიშნა Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა.
სხვა სიახლეები
„ნუში“ წარმოების ზრდასა და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს
13.10.2026.18:00
Nushi • ნუში საქართველოში წარმოებული პირველი ბიო ნუშის კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი, თორნიკე მჭედლიშვილი, ესაუბრა.
როგორ აფასებთ „ნუშის“ მიმდინარე შედეგებს და როგორია წარმოების დინამიკა ბოლო პერიოდში?
წლევანდელი მოსავლის აღება უკვე დავასრულეთ. წელს შედეგი კარგი იყო, რადგან ზაფხული კლიმატური თვალსაზრისით ხელსაყრელი აღმოჩნდა. საქართველოში ნუშის ბაღებში მოსავლიანობა დაახლოებით 40-50%-ით გაიზარდა.
მომართვიანობა, შარშანდელი წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა. ასევე მოიმატა ნუშის გადამუშავებისა და გატეხვის მიმართულებით დაინტერესებამ, რაც მწარმოებლებს მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზების შესაძლებლობას გვაძლევს.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე და რომელ ბაზრებზეა ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ინტერესი?
საექსპორტო ბაზრებიდან წელს დაინტერესება იყო თურქეთისა და არაბეთის ქვეყნების მხრიდან. ყურადღება მიიქცია როგორც გადარჩეულმა ნუშის გულმა, ისე ნატეხმა ნუშმა, რომელიც საკონდიტრო პროდუქტებში გამოიყენება.
გერმანიისა და ჰოლანდიის ბაზრებიდან დაინტერესებული კომპანიებიც გამოჩნდნენ - ეს ის კლიენტები არიან, რომლებიც გამოფენაზე გავიცანი. მათ როგორც ბიო, ისე არაბიო ნუში აინტერესებდათ. მსგავსი აქტივობა შარშან და შარშანწინ არ ყოფილა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, წინა წლებში უფრო რთული ვითარება იყო. წელს მდგომარეობა გაუმჯობესდა - დეზერტირების ბაზარი ძირითადი ამღები ბაზარია, ასევე გვყავს მცირე გადამყიდველები და პატარა მაღაზიები.
ამ ეტაპზე მოთხოვნაა როგორც ნუშზე, ისე ნუშის ფქვილსა და ნატეხ ნუშზე. ნუშის ფქვილი წელს დავამატეთ, ხოლო ნატეხი ნუშის გაყიდვა ადრე გვიჭირდა, რადგან მის მიმართ მომხმარებლის ინტერესი ნაკლები იყო. ახლა ნუშისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი გაჩნდა, რამაც ნატეხი ნუშის მიმართაც მეტი ინტერესი გამოიწვია.
რა ეტაპზეა ასორტიმენტის გაფართოების გეგმები და უკვე დამატებული გაქვთ თუ არა ნუშის ფქვილი ან სხვა ახალი პროდუქტი?
ნუშის ფქვილი უკვე დავამატეთ ასორტიმენტს. ასევე გვსურს ცივად დაწურული ზეთის დამატება, რომელსაც საცდელად ვაწარმოებთ. ამ პროდუქტს თავისი პროცედურები აქვს და შემდეგ სერტიფიკატის აღებაც დაგვჭირდება.
მომავალი წლიდან ზეთის დამატებასაც ვგეგმავთ. შესაბამისად, ასორტიმენტში იქნება ნუში, ნუშის ფქვილი და ზეთი. ასევე ვგეგმავთ მოხალული ნუშის დამატებას.
როგორია კომპანიის გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?
წელს სხვადასხვა შეკვეთა გვაქვს აღებული და საწარმოში 100 ტონამდე ნუშის გადამუშავება უნდა მოვახდინოთ. ამისთვის დარჩენილი სეზონი, დაახლოებით დეკემბრამდე, დაგვჭირდება.
ზოგადად, საწარმოები ახალი წლის შემდეგ ჩერდებიან, რადგან ამ პერიოდში ნუშის გატეხვა აღარ ხდება და დაახლოებით თებერვლიდან იწყება ბაღების მოვლის სამუშაოები და ახალი სეზონისთვის მზადება.
იანვარში მცირე შუალედი გვაქვს დასვენებისთვის. ამ პერიოდში, თუ რაიმე ტექნიკური საკითხია გამოსასწორებელი, მასზე ვმუშაობთ, ხოლო თებერვლიდან ახალ სეზონს ვიწყებთ.