ვგეგმავთ ბიოპროდუქტების ასორტიმენტის ზრდას - როგორია „წისქვილი ბაზრის“ გაფართოების გეგმები
წისქვილი ბაზარი • Tsiskvili Bazari გაფართოებას გეგმავს და შესაბამისი ფართების ძიება აქტიურად მიმდინარეობს. როგორც Business Insider Georgia-თან საუბრისას „წისქვილი ბაზრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ქაშიბაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე რეგიონებში გასვლა არ განიხილება, და გაფართოება მხოლოდ თბილისის მასშტაბით მოხდება.
„ზოგადად „წისქვილი ბაზარი“ გაფართოებით დაინტერესებულია და თუ შესაბამისი ფართები, პირობები იქნება, რომლებიც ჩვენი კონცეფციისთვის შესაფერისია, ჩვენ დაინტერესებულები ვართ. ამ ეტაპზე თბილისის ბაზარზე ვფიქრობთ აქტიურობის გაზრდას და რეგიონები არ განიხილება“ - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
მისი თქმით, ამჟამად ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, დაემატება თუ არა ფილიალი „წისქვილი ბაზარს“ წლის ბოლომდე.
„ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიღებულა. ვგეგმავთ, რომ ყოველდღიურად გვქონდეს შეხვედრები ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენთვის მაინც უმთავრესი პირობებია. გარკვეულ უბნებს განსაკუთრებით ვაქცევთ ყურადღებას,“ - ამბობს გიორგი ქაშიბაძე.
გაფართოებასთან ერთად, „წისქვილი ბაზარი“ აქტიურად მუშაობს ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე.
„ჩვენს საკუთარ წარმოებაში სიახლეები მუდმივად გვაქვს, დაახლოებით 3-4 თვეში ერთხელ ახალი ასორტიმენტი ემატება. ვგეგმავთ ბიოპროდუქტების ასორტიმენტის გაზრდას და სოფლის მეურნეობის პროდუქტების პოპულარიზაციას. ჩვენი ნიშა სწორედ ქართული პროდუქტების პოპულარიზაციაა და შესაბამისად მუდმივად ვცდილობთ სტანდარტულ პროდუქტთან ერთად, ამ ტიპის პროდუქცია იყოს წარმოდგენილი ჩვენს დახლებზე“ - აცხადებს „წისქვილი ბაზარის“ ხელმძღვანელი.
კომპანიის მენეჯერის თქმით, ფერმერული მეურნეობებიდან პროდუქცია ძირითადად სადისტრიბუციო კომპანიები აწვდიან.
„უმეტესად ჩვენს პროდუქციას სადისტრიბუციო კომპანიები გვაწვდიან, რადგან ფერმერები ხშირად ვერ უზრუნველყოფენ დიდ დისტრიბუციას. თუმცა, გვაქვს პროდუქცია, რომელსაც უშუალოდ ფერმერებისგან ვიღებთ. ასევე, რამდენიმე კომპანია გვეხმარება, თუმცა დისტრიბუცია კვლავ სადისტრიბუციო კომპანიების მეშვეობით ხორციელდება,“ - ამბობს გიორგი ქაშიბაძე.
„წისქვილი ბაზარი“, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბაზარზე გამოჩნდა, დღეს განსაკუთრებული ნიშას იკავებს.
„ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა არის მომსახურება, ხარისხი და ის, რომ ჩვენს მაღაზიებში არის პროდუქცია, რომელიც ქსელურ მაღაზიებში არ გვხვდება, განსაკუთრებით სოფლის პროდუქტების მიმართულებით. ჩვენი წარმოება ძალიან მაღალი ხარისხისაა, და ასევე გვაქვს ხარისხიანი ხილ-ბოსტანი, სოფლის პროდუქტები და რძის ნაწარმი. ჩვენ გვყავს კვალიფიციური კადრები, რომლებიც მომხმარებლებს მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობენ“ - აცხადებს გიორგი ქაშიბაძე.
„წისქვილი ბაზრის“ პირველი ფილიალი, რომელიც ვაკეში, რესტორან „წისქვილის“ სივრცეში მდებარეობს, 2021 წელს გაიხსნა. მეორე ფილიალი კი, 2023 წელს ავლაბარში, საცხოვრებელ კომპლექსში „მოედანი“ გაიხსნა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.