ვგეგმავთ, რომ Lineate Georgia-ში აქტიურად დავნერგოთ Starlink-ის სერვისები - თორნიკე სულაბერიძე
საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც Starlink-ის სერვისებით სარგებლობს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Lineate Georgia-ს ბიზნეს-განვითარების მენეჯერმა თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, Starlink-ის დონის კომპანიის საქართველოში შემოსვლა უკვე მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო ნელ-ნელა IT ჰაბის სახელს იმკვიდრებს.
„სამწუხაროდ თუ თვალს გადავავლებთ საერთაშორისო სტატისტიკას საქართველოში 1 მბ ინტერნეტი საკმაოდ ძვირია და სისწრაფეც არაა ფასთან შესაბამისი. ამიტომ ყოველივე აქედან გამომდინარე ყოველი ახალი მოთამაშე ბაზარზე გაზრდის კონკურენციას, რაც გამოიწვევს ფასების კლებას და ხარისხის გაზრდას. Starlink-ი არის ინოვაციური სიტყვა ინტერნეტის მოწოდებაში. რა თქმა უნდა ჩვენ მივესალმებით Starlink-ის შემოსვლას საქართველოში და ასევე მოხარულები ვართ, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, სადაც Starlink-ის სერვისებით ისარგებლებენ.
ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო ნელ-ნელა თავის სახელს იმკვიდრებს, როგორც IT ჰაბი რეგიონში და არამხოლოდ რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ როგორც კომპანია ვგეგმავთ, რომ აქტიურად დავნერგოთ Starlink-ის სერვისები. ჩვენნაირ კომპანიაში მნიშვნელოვანია ალტერნატიული ინტერნეტ წყაროების არსებობა, აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვართ დამოკიდებული ერთ ინტერნეტ პროვაიდერზე და ვცდილობთ, რომ ავითვისოთ ყველა ის ინტერნეტ პროვაიდერი, რომელიც ქვეყანაში იქნება“, - აცხადებს Lineate Georgia-ს ბიზნეს-განვითარების მენეჯერი თორნიკე სულაბერიძე.
Starlink-ის ინტერნეტი საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა ხელმისაწვდომია. Starlink-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს კომპანია SpaceX-სთან, რომელსაც Starlink-ის პროექტი ეკუთვნის.
აღნიშნული შეხვედრების შედეგად, საქართველო განხილულ იყო რეგიონში ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად, სადაც SpaceX - ი მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწვდიდა.
ილონ მასკის დაარსებული კომპანიის, SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილში, მათ შორის მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში.
აღსანიშნავია, რომ SpaceX-ის მიერ საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლას და საქმიანობის დაწყებას წინ უძღოდა აშშ-ში, ლოს-ანჯელესში, SpaceX-ის საწარმოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც პირველად გამოითქვა ინტერესი საქართველოსა და SpaceX-ის თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნულს მოჰყვა SpaceX-ის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი საქართველოში. სწორედ აღნიშნული ვიზიტისას გამართული შეხვედრებისას SpaceX - ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა გადაწყდა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.