ვიმსჯელეთ რეგულაციის დეტალებზე, რომლის შეცვლით მოხდება ეკონომიკური აქტიურობის ხელშეწყობა ქვეყანაში - არჩილ გაჩეჩილაძე
"საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა რეგულატორთან, სადაც ვიმსჯელეთ რეგულაციის დეტალებზე, რომელთა შეცვლით ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობის ხელშეწყობა მოხდება. მისასალმებელია ასეთი სამუშაო რეჟიმი და იმედით ვართ განწყობილნი ამ პროცესის მიმართ", - აღნიშნულის შესახებ "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დღეს ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც ეკონომიკასა და მოსახლეობას დამატებით სტიმულს მისცემს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული საფინანსო სისტემა იყო, არის და იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული.
"საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი, როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, გვაქვს ერთიანი ხედვა და საერთო მიზანი. საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. გვაქვს ძალიან საინტერესო სამომავლო განვითარების გეგმები. ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის. გვაქვს საერთო მიზანი, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა უფრო მეტი რესურსის დაბანდება შეძლონ. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომელიც საბანკო სექტორში დაინერგება. რა თქმა უნდა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რისკის გათვალისწინებით", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.