ვინ თქვა, რომ გოლიათებთან ბრძოლა არ შეგვიძლია? | არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
ვინ გადადგამს მთებს და შესწვდება ცას, თუ არა ის, ვინც მიზანს მწევარივით დასდევს - მოუხელთებელს, შორეულს, ხანაც დამღლელსა თუ დამქანცველს, მაგრამ შენს ძრავსა და მამოძრავებელს. ეს არის დევნა, რომელიც სისხლს გიდუღებს, მოსვენებას არ გაძლევს და დილით, თვალის გახელისთანავე თავს შეგახსენებს. იცი, რა გელის წინ, რამდენად სანუკვარი და თან, მიღწევადია. ვინ გიშლის ხელს, ვინ გაბრკოლებს, თუ არა ხმა, რომელიც, ჩაგძახის: “არ გამოგივა”.
თქვი მიზეზი: რატომ უნდა დაუჯერო? რატომ უნდა გაჩერდე?
ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტი: პარკეტზე გატარებული ცხოვრება. კონკურენცია, თავის დამკვიდრება, ადგილის მოპოვება და მისი შენარჩუნება, ტრავმები, ტკივილი, აღდგენა, დაუსრულებელი წვრთნა და გამოცდა, რომელსაც უძლებ, ფინიშის ხაზს უახლოვდები და ხდები ლეგენდა: გიორგი შერმადინი - რეკორდსმენი, დაფასებული, ადამიანი, რომელიც ისმენს გულიდან ნათქვამ სიტყვას: შენს ქვეყანას ეიმედები. რა გაგაჩერებს? ეს არის მაგიური ძალა, რომელიც ყველა მთას გადადგამს.
მეექვსე ევრობასკეტი? იყოს, შერმადინი წელსაც მოხსნის, წელსაც ჩააგდებს.
გაქვს შეუსრულებელი მისია: 72 საათში 4 თამაში უნდა ითამაშო. მატჩი იტალიაში, შემდეგ ნიდერლანდებთან გასვლითი შეხვედრა გელის, მერე ისევ წასვლა აეროპორტში, ევროლიგის მატჩის ჩატარება და ისევ თვითმფრინავში - თბილისში ჩამოფრენა და პარკეტზე შებიჯება. თორნიკე შენგელია - შენ ხარ კაპიტანი და უნდა გააკეთო ის, რასაც სხვა წარმოუდგენლად მიიჩნევს. ასეა, იქეცი შეუპოვრობის მაგალითად, რომელმაც სძლია საკუთარ შესაძლებლობებსა და სიტყვას - “შეუძლებელს”. “მეფე ხარ და ხამს… მეფე ხარ და გმართებს”… ასეა ეს. მერე რა, რომ პარკეტს ახლახან დაუბრუნდი? მაინც შეძელი და “საქმემან შენმან გამოგაჩინა” - ყველა დაარწმუნა, რომ ამის ძალა შეგწევდა.
და შენ, როცა ამას გაივლი, კითხე შენს თავს: რატომ უნდა გავჩერებულიყავი?
და რა არის იმაზე აღმატებული, ან სხვა რა შეიძლება შეადარო მიძინებულ, უეცრად ამოხეთქილ ვულკანს, როგორიცაა შენი გულშემატკივარის სიხარულის ყიჟინა, მოუთოკავი ეიფორია, რომელიც ძარღვებს გიბერავს და ზეცაში აგიტაცებს. შენი ქვეყნისთვის, შენი დროშისთვის, შენი ჰიმნისთვის დაღლაზე ღირებული არაფერია. ყველაზე იოლი და გამოუსწორებელი - დანებებაა, ყველაზე დიდებული და უზენაესი კი - შენი ქვეყნისთვის გამარჯვება. როცა იცი, რომ ეს არსებობს, როგორ უნდა დანებდე?
ჩვენ დავითნი ვართ. და ვინ თქვა, რომ გოლიათებთან ბრძოლა არ შეგვიძლია?
იარე სწორი გზით,
არ გაჩერდე.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.