Vinotells ასორტიმენტს აფართოებს და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციებს აძლიერებს
2026 წელი Vinotells-ისთვის ახალი პარტნიორობების, ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებისა და განვითარების მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს. Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარი ჭყოიძე მიმდინარე სიახლეების, ქართული ღვინის მიმართ მომხმარებლის ინტერესისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
რა სიახლეები გაქვთ მიმდინარე პერიოდში და როგორ შეაფასებთ მომხმარებლის ინტერესს ქართული ღვინოების მიმართ?
მიმდინარე პერიოდში Vinotells-ისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა. ჩვენი ღვინოები უკვე წარმოდგენილია მაღალი კატეგორიისა და პრემიუმ სეგმენტის რამდენიმე რესტორნის ღვინის ბარათში. ასეთ სივრცეებში ღვინის წარმოდგენა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არა მხოლოდ გაყიდვების ზრდას, არამედ ბრენდის პოზიციონირებასა და ხარისხის მიმართ პროფესიული ნდობის გამოხატულებასაც წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Vinotells ასოცირდებოდეს ხარისხთან, გამორჩეულ ქართულ ჯიშებთან და თანამედროვე მეღვინეობის კულტურასთან.

ამასთან, მზარდ ინტერესს ვხედავთ Duty Free-ს მიმართულებითაც, სადაც ბოლო პერიოდში Vinotells-ის ღვინოებზე მოთხოვნა გაიზარდა. ჩვენთვის ეს განსაკუთრებით საინტერესო ტენდენციაა, რადგან Duty Free-ის სივრცე ქართული ღვინის საერთაშორისო სტუმრებთან და უცხოელ მომხმარებელთან წარდგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არხია. ვფიქრობთ, ამ მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება Vinotells-ის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს.

აქტიურად ვემზადებით რთველისთვის. წელსაც, როგორც ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩავატარეთ მწვანე რთველი - პროცესი, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვენახში მოსავლის რაოდენობისა და მტევნების რაოდენობის წინასწარ რეგულირება საბოლოო პროდუქტის ხარისხზე პირდაპირ აისახება. მწვანე რთველი საშუალებას გვაძლევს, მცენარის რესურსი დარჩენილ მტევნებზე გადავანაწილოთ და მივიღოთ უფრო კონცენტრირებული, დაბალანსებული და მაღალი ხარისხის ყურძენი. შესაბამისად, ეს ჩვენთვის არა მხოლოდ აგროტექნიკური პროცესია, არამედ მაღალი ხარისხის ღვინის შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები ასორტიმენტის ზრდისა და საერთაშორისო მიმართულებით გაფართოების კუთხით?
კომპანიის სამომავლო განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ასორტიმენტის ეტაპობრივი გაფართოებაა. წლების განმავლობაში Vinotells-ის მთავარი აქცენტი ქვევრის ღვინოებზე იყო - ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებული ღვინო წარმოადგენს ჩვენი მეღვინეობის იდენტობისა და ფილოსოფიის მნიშვნელოვან ნაწილს. თუმცა, ბოლო წლებში გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და კლასიკური, ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოების წარმოებაც დავიწყეთ. ამ მიმართულებამ მოლოდინი გაამართლა და მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ კარგი გამოხმაურება მივიღეთ.

ამ გამოცდილების გათვალისწინებით, წელსაც ვგეგმავთ კლასიკური კატეგორიის ღვინოების გარკვეული რაოდენობით წარმოებას. მათ შორის განსაკუთრებით გამოვყოფდი მუსკატურ რქაწითელსა და ნაფარეულ თეთრს, რომლებზეც უკვე გვაქვს დადებითი გამოცდილება და ვფიქრობთ, რომ მათ მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
მუსკატური რქაწითელი საინტერესოა თავისი გამორჩეული არომატული პროფილითა და ჯიშის ინდივიდუალური ხასიათით, ხოლო დაცული ადგილწარმოსობის ღვინო ნაფარეული თეთრი კიდევ ერთხელ გვაძლევს შესაძლებლობას, წარმოაჩინოთ ქართული თეთრი ღვინის პოტენციალი და იმ მიკროზონის უნიკალურობა, სადაც ჩვენი ვენახებია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასორტიმენტის გაფართოება მხოლოდ ახალი პროდუქტების დამატებას არ გულისხმობდეს - თითოეულ ღვინოს უნდა ჰქონდეს საკუთარი იდენტობა, ხარისხი და ის ისტორია, რომლის მოყოლაც საერთაშორისო მომხმარებლისთვისაც საინტერესო იქნება.

საერთაშორისო მიმართულებით ჩვენი მიზანია ეტაპობრივად გავზარდოთ Vinotells-ის ცნობადობა და გავაძლიეროთ პოზიციონირება ისეთ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის მიმართ ინტერესი მზარდია. ვფიქრობთ, ქვევრის ღვინოების ტრადიციული ხაზისა და თანამედროვე კლასიკური ღვინოების კომბინაცია სწორედ ის შესაძლებლობაა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ქართული მეღვინეობის განსხვავებული მხარეები უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნოთ.

სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
08.10.2026.13:32
საქართველოს ბანკმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან (IFC) 118 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა. მოზიდული სახსრები საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების (MSME) დაფინანსებას, განვითარებასა და მათ მიერ სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობას, მათ შორის - რეგიონებსა და სოფლებში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას მოხმარდება.
შეთანხმების ფარგლებში, ორი სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. პირველი 58 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მულტისავალუტო საკრედიტო ხაზის ათვისებას ითვალისწინებს (ხელმისაწვდომია როგორც აშშ დოლარში, ისე ქართულ ლარში), ხოლო მეორე - 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს თითოეული სესხის ვადა ათვისების წერტილიდან არაუგვიანეს ხუთი წელია.
აღსანიშნავია, რომ მოზიდული დაფინანსების არანაკლებ 30% დედაქალაქისა და მსხვილი რეგიონული ცენტრების მიღმა მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებას მოხმარდება; ეს ნაბიჯი ასახავს ბანკის მუდმივ სწრაფვას, ხელი შეუწყოს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას. ასევე, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში გაზარდოს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.
„ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ IFC-ის მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს ბანკისა და ქართული ბიზნესების მიმართ. ეს ინვესტიცია შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაფართოოთ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეგიონებში მოქმედი ბიზნესებისთვის განკუთვნილი დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ გუნდებს თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ და ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ.
„საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებაში. ამასთან, მათ აქვთ პოტენციალი, რეგიონებსა და სოფლებში პოზიტიური სოციალური გავლენა გაზარდონ. IFC ელის, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობა დაეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს ზრდაში, ათასობით სამუშაო ადგილის შექმნასა და შენარჩუნებაში ასევე, ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ინვესტიცია საქართველოში კერძო სექტორის ზრდის ხელშეწყობისადმი ჩვენი ფართო ვალდებულების ნაწილია და ველით, რომ ის მთელი ქვეყნის მასშტაბით მდგრად ეკონომიკურ ზრდაში აისახება“, - განაცხადა შაბანა ხავარმა, IFC-ის მენეჯერმა საქართველოში.
აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკისა და IFC-ს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობის ნაწილია.