VIP Warehouse-მა თბილისში ახალი, თანამედროვე სასაწყობე კომპლექსი გახსნა
VIP Warehouse-მა თბილისში ახალი, თანამედროვე სასაწყობე კომპლექსი „მეტა ჰაბი“ გახსნა. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს „მეტა ჰაბის“ პროექტის მენეჯერმა ნიკოლოზ მაზმიშვილმა განუცხადა.
რა სიახლეები დანერგეთ კომპანიის საქმიანობაში ბოლო პერიოდში?
„ლილოს საბაჟო ზონის მიმდებარედ, ახალი „აუთლეტ ვილიჯის“ გვერდით, დაახლოებით 18 ჰექტარი მიწის ფართობი შევიძინეთ. შესყიდვიდან ერთ წელიწადში უკვე დავიწყეთ პროექტის პირველი ფაზის განხორციელება, რომელიც თანამედროვე მშრალი საწყობის მშენებლობას მოიცავდა. ამ პროექტის ფარგლებში გავხსენით ახალი, თანამედროვე სასაწყობე კომპლექსი - „მეტა ჰაბი“.
პროექტის ფარგლებში აშენდა დაახლოებით 15 000 კვადრატული მეტრის ფართობის საწყობი, რომელიც 3 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული. სრულად მოეწყო შიდა ინფრასტრუქტურა. ამჟამად, მიმდინარეობს ხიდის მშენებლობა, რადგან ტერიტორიაზე სამელიორაციო არხი გადის და ჩვენი მიზანია, მეიჯარეებს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმნათ.
პროექტი დეკემბერში ჩაბარდა და ექსპლუატაციაში შევიდა. დღეს კომპლექსი სრულად დასრულებულია. უკვე გაქირავებულია დაახლოებით 2 000 კვადრატული მეტრი ფართობი და გვყავს მოქმედი მეიჯარეები, რომელთა ნაწილი საქმიანობის გაფართოებასაც გეგმავს. პარალელურად, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსხვილ კომპანიებთან, რომლებიც კომპლექსის სრულად იჯარით აღებით არიან დაინტერესებული, თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს.
სასაწყობე ფართობებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. რეკლამირების დაწყებიდან სულ რამდენიმე თვე გავიდა და დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება. უამრავი კომპანია გვიკავშირდება. ბაზრის მოთხოვნა ნათლად აჩვენებს, რომ თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა საქართველოში საკმაოდ მზარდია.
როგორ აფასებთ საქართველოში სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპს?
როდესაც 2024 წლის სექტემბერში მშენებლობა დავიწყეთ, ჩვენს გარშემო მსგავსი ტიპის ახალი სასაწყობე ობიექტები პრაქტიკულად არ არსებობდა. დღეს მოცემულობა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. არაერთი ახალი პროექტი განხორციელდა, რაც სექტორის აქტიურ განვითარებაზე მიუთითებს.
რა მიზნები გაქვთ წლის ბოლომდე და რას უნდა ელოდოს ბაზარი VIP Warehouse-ისგან? (გეგმავთ თუ არა სერვისების გაფართოებას ან ახალი პროდუქტების დამატებას?)
კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი გვაძლევს შესაძლებლობას, მომავალში პროექტის განვითარების ახალი ეტაპები დავიწყოთ. მიმდინარე ობიექტის სრულად გაქირავების შემდეგ განვიხილავთ დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნას, მათ შორის უფრო მაღალჭერიანი, ბაქნიანი საწყობების, სამაცივრე და საბაჟო ტიპის სასაწყობე სივრცეების განვითარებას.
ბაზარზე მოთხოვნა მრავალფეროვანია და ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს განსხვავებულ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები შევთავაზოთ. ამ ეტაპზე ახალი ფაზის დაწყებას არსებული ფართების სრულად ათვისების შემდეგ ვგეგმავთ, თუმცა გრძელვადიანი ხედვა უცვლელია - სრულად ავითვისოთ არსებული ტერიტორია და VIP Warehouse ვაქციოთ ერთ-ერთ წამყვან ლოჯისტიკურ და სასაწყობე ჰაბად როგორც თბილისში, ისე მთლიანად საქართველოში.
სხვა სიახლეები
„ნუში“ წარმოების ზრდასა და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს
13.10.2026.18:00
Nushi • ნუში საქართველოში წარმოებული პირველი ბიო ნუშის კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი, თორნიკე მჭედლიშვილი, ესაუბრა.
როგორ აფასებთ „ნუშის“ მიმდინარე შედეგებს და როგორია წარმოების დინამიკა ბოლო პერიოდში?
წლევანდელი მოსავლის აღება უკვე დავასრულეთ. წელს შედეგი კარგი იყო, რადგან ზაფხული კლიმატური თვალსაზრისით ხელსაყრელი აღმოჩნდა. საქართველოში ნუშის ბაღებში მოსავლიანობა დაახლოებით 40-50%-ით გაიზარდა.
მომართვიანობა, შარშანდელი წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა. ასევე მოიმატა ნუშის გადამუშავებისა და გატეხვის მიმართულებით დაინტერესებამ, რაც მწარმოებლებს მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზების შესაძლებლობას გვაძლევს.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე და რომელ ბაზრებზეა ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ინტერესი?
საექსპორტო ბაზრებიდან წელს დაინტერესება იყო თურქეთისა და არაბეთის ქვეყნების მხრიდან. ყურადღება მიიქცია როგორც გადარჩეულმა ნუშის გულმა, ისე ნატეხმა ნუშმა, რომელიც საკონდიტრო პროდუქტებში გამოიყენება.
გერმანიისა და ჰოლანდიის ბაზრებიდან დაინტერესებული კომპანიებიც გამოჩნდნენ - ეს ის კლიენტები არიან, რომლებიც გამოფენაზე გავიცანი. მათ როგორც ბიო, ისე არაბიო ნუში აინტერესებდათ. მსგავსი აქტივობა შარშან და შარშანწინ არ ყოფილა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, წინა წლებში უფრო რთული ვითარება იყო. წელს მდგომარეობა გაუმჯობესდა - დეზერტირების ბაზარი ძირითადი ამღები ბაზარია, ასევე გვყავს მცირე გადამყიდველები და პატარა მაღაზიები.
ამ ეტაპზე მოთხოვნაა როგორც ნუშზე, ისე ნუშის ფქვილსა და ნატეხ ნუშზე. ნუშის ფქვილი წელს დავამატეთ, ხოლო ნატეხი ნუშის გაყიდვა ადრე გვიჭირდა, რადგან მის მიმართ მომხმარებლის ინტერესი ნაკლები იყო. ახლა ნუშისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი გაჩნდა, რამაც ნატეხი ნუშის მიმართაც მეტი ინტერესი გამოიწვია.
რა ეტაპზეა ასორტიმენტის გაფართოების გეგმები და უკვე დამატებული გაქვთ თუ არა ნუშის ფქვილი ან სხვა ახალი პროდუქტი?
ნუშის ფქვილი უკვე დავამატეთ ასორტიმენტს. ასევე გვსურს ცივად დაწურული ზეთის დამატება, რომელსაც საცდელად ვაწარმოებთ. ამ პროდუქტს თავისი პროცედურები აქვს და შემდეგ სერტიფიკატის აღებაც დაგვჭირდება.
მომავალი წლიდან ზეთის დამატებასაც ვგეგმავთ. შესაბამისად, ასორტიმენტში იქნება ნუში, ნუშის ფქვილი და ზეთი. ასევე ვგეგმავთ მოხალული ნუშის დამატებას.
როგორია კომპანიის გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?
წელს სხვადასხვა შეკვეთა გვაქვს აღებული და საწარმოში 100 ტონამდე ნუშის გადამუშავება უნდა მოვახდინოთ. ამისთვის დარჩენილი სეზონი, დაახლოებით დეკემბრამდე, დაგვჭირდება.
ზოგადად, საწარმოები ახალი წლის შემდეგ ჩერდებიან, რადგან ამ პერიოდში ნუშის გატეხვა აღარ ხდება და დაახლოებით თებერვლიდან იწყება ბაღების მოვლის სამუშაოები და ახალი სეზონისთვის მზადება.
იანვარში მცირე შუალედი გვაქვს დასვენებისთვის. ამ პერიოდში, თუ რაიმე ტექნიკური საკითხია გამოსასწორებელი, მასზე ვმუშაობთ, ხოლო თებერვლიდან ახალ სეზონს ვიწყებთ.