მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7203
-0.0033
flag
AZN 1.5272
-0.0007
flag
CNY 38.891
-0.0029
flag
EUR 2.9198
0.0151
flag
GBP 3.4991
0.016
flag
KZT 57.42
0
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5958
-0.0012
news banner

Visa იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა

news image
mbc image

საქართველოს ბანკის ინიციატივას „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, რომელიც პარალიმპიელი სპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად, კიდევ ერთი პარტნიორი — ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, Visa შემოუერთდა. კამპანიის ფარგლებში, Visa-მ ქართველ პარალიმპიელებთან - ირმა ხეცურიანთან და გიგა ოჩხიკიძესთან თანამშრომლობა დაიწყო.

საქართველოს ბანკისა და შემოქმედებითი სააგენტო Art & Qopy-ის ერთობლივი პროექტი ბიზნესსექტორს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ პარასპორტსმენების მხარდაჭერაში, რათა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება და აღიარება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.

დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში:

„ყველა გამარჯვება პატარა, გაბედული ნაბიჯების შედეგია. Visa ამაყობს, რომ პარალიმპიელების გვერდით დგას წარმატების გზაზე, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში.“

ჩემპიონები მზად არიან, ახლა ბრენდების ჯერია

კამპანიის ვიზუალური კონცეფცია უჩვეულო და სიმბოლურია: პარალიმპიელების ფოტოსესია ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა ფოტოებზე პროდუქტებისთვის განკუთვნილი ადგილი ცარიელია. ბრენდების ნაცვლად, კადრში ჩნდება მთავარი შეკითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“.

ეს ინიციატივა ერთგვარი მოწვევა და გამოწვევაა ქართული ბიზნესისთვის — შეავსონ ეს ცარიელი ადგილები და დაიწყონ პარტნიორობა პარასპორტსმენებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობენ და მედლებსაც მოიპოვებენ. კამპანიაში უკვე 15 მდე კომპანიაა ჩართული, თუმცა თავისუფალი სივრცეები კვლავ რჩება. ახლა მთავარი კითხვაა — კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალ რეკორდებს „არქისგან“ ნამდვილად უნდა ელოდოთ | დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე მასშტაბური პროექტი, რომელთა პრეზენტაციასაც მომავალ წელს გავმართავთ - ილია წულაია

04.11.2026.19:04

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციები, მოთხოვნისა და ფასების დინამიკა, საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობა და სექტორის განვითარების სამომავლო პერსპექტივები - ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელ გიორგი აბაშიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ისაუბრა.

ინტერვიუს ფარგლებში განხილულია „არქის“ წარმატების განმაპირობებელი ფაქტორები და კომპანიის პოზიციები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, Trump Tower-ის პროექტის მნიშვნელობა, „არქი გრანდ ავენიუს“ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლები, ასევე კომპანიის სამომავლო განვითარების პრიორიტეტები და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების პერსპექტივები.

რა განაპირობებს „არქის“ წარმატებას საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და როგორ აფასებთ კომპანიის პოზიციებს?

ნამდვილად აქტიური წელი გვაქვს - სამი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი წარვადგინეთ, რომ დავიწყოთ Downtown Tbilisi და Trump Tower-ით, რომელიც წარმოადგენენ საერთაშორისო მასშტაბის პროექტებს და რომლის ანალოგიც, ალბათ, რეგიონში არ შექმნილა და კარგა ხანს არ შეიქმნება, რომელმაც ფაქტობრივად საერთაშორისო მიზიდულობა ქართული უძრავი ქონების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ამ პროექტის მონაწილე ვართ.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ ქობულეთში. პროექტი მოიცავს სამ თაუერს, Swissôtel-ს, აპარტამენტებსა და მთლიან კომპლექსს, რომელიც ქობულეთს თვისებრივად შეცვლის და ტურისტების დამოკიდებულებას ამ ქალაქის მიმართ მნიშვნელოვნად გარდაქმნის. ქობულეთი პრემიუმ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბდება, რაც მას აქამდე აკლდა. ვფიქრობ, ჩვენი პროექტის დასრულების შემდეგ, უახლოეს წლებში ქობულეთი შავი ზღვის სანაპიროზე ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, თუ არა ყველაზე მიმზიდველი, ადგილი გახდება.

სულ ცოტა ხნის წინ „არქი გრანდ ავენიუს“ მეორე ეტაპის პრეზენტაცია გავმართეთ. პროექტი პირველად გასულ წელს წარვადგინეთ, თუმცა მას შემდეგ მნიშვნელოვნად განვავითარეთ და ახალი ინფრასტრუქტურითა და კომპონენტებით გავამდიდრეთ. პროექტს დაემატა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton და Wyndham-ის ბრენდირებული რეზიდენციები. კიდევ უფრო დავხვეწეთ პროექტის კონცეფცია, დამატებით ჩავრთეთ საერთაშორისო არქიტექტორები, რომლებთან ერთადაც ტერიტორიაზე დიდი პარკის პროექტი შევიმუშავეთ. მისი ფართობი მზიურის პარკის ფართობს გადააჭარბებს.

ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც დაახლოებით 30 000 კვადრატულ მეტრზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს იქნება პარიზის, ლონდონისა და მადრიდის მსგავსად, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შექმნილი მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც გააერთიანებს კაფეებს, რესტორნებს, გასართობ სივრცეებს, საბავშვო მოედნებსა და საერთო სამუშაო სივრცეებს. ვფიქრობ, ეს ადგილი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სივრცე გახდება.

ეს პრეზენტაციაზეც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ ყოფილი ქარხნის რეაბილიტაციის პროცესში ჩართული გვყავს ბრიტანული არქიტექტურული კომპანია Benoy, რომელიც სავაჭრო და გასართობი სივრცეების დიზაინის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. Benoy-ის მთავარმა არქიტექტორმა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროცესში, დაათვალიერა Downtown Tbilisi, ქობულეთის პროექტი და ჩვენი სხვა პროექტებიც თბილისში. მისი შეფასებით, Downtown Tbilisi ქალაქში ყველაზე ლუქს პროექტი იქნება, ხოლო Grand Avenue ყველაზე გამორჩეული და თანამედროვე, ასე ვთქვათ, ყველაზე „მაგარი“ პროექტი. ეს ზუსტად მისი სიტყვებია და მეც სრულად ვიზიარებ ამ შეფასებას.

ძველი ქარხნის ტერიტორია, გამწვანებული სივრცეები, რომლებსაც ვქმნით, გვირაბის საშუალებით წერეთლის გამზირთან დაკავშირება, მზიურის პარკზე დიდი პარკი, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა და შენობები, საცხოვრებელი რეზიდენციები საკუთარი აუზებით, კეთილმოწყობილი სადარბაზოებით, ლობებითა და სამეზობლო სივრცეებით - ეს ყველაფერი Grand Avenue-ს თბილისში ერთ-ერთ საუკეთესო და ყველაზე გამორჩეულ საცხოვრებელ უბნად აქცევს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ Grand Avenue თბილისის იმ ნაწილს, რა ნაწილშიც შენდება, სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს?

ჩვენ ისიც კი ვიხუმრეთ, რომ Grand Avenue თანამედროვე ვაკე იქნება. სხვათა შორის, ეს ხუმრობა ბევრმა აიტაცა, თუმცა, ხუმრობის მიუხედავად, რეალურად გვაქვს ამბიცია, რომ Grand Avenue თბილისში საუკეთესო საცხოვრებელი უბანი გახდეს.

ჩვენ ჩვენივე დაპირებების ტყვეობაში ვართ. რასაც ვამბობთ, ყოველთვის ვცდილობთ, იმაზე უკეთესად განვახორციელოთ. რადგან ვაცხადებთ, რომ Grand Avenue თბილისში საუკეთესო უბანი იქნება, ეს აუცილებლად უნდა შევასრულოთ.

სწორედ ამიტომ, გასული წლის შემდეგ პროექტს დავამატეთ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ყოფილი ქარხნის რეაბილიტაცია და ამ მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი არქიტექტურული კომპანია ჩავრთეთ. პროექტს ასევე დაემატა ბრენდირებული რეზიდენციები. ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ დამატებითი სიახლეებიც მოვიფიქროთ და განვახორციელოთ.

ამიტომ დარწმუნებული ვარ, საბოლოო შედეგი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს ჩვენს ინვესტორებს, „არქელებსა“ და ზოგადად საზოგადოებას წარმოუდგენიათ.

„არქი გრანდ ავენიუმ“ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. რამ განაპირობა აღნიშნული წარმატება და როგორია მომხმარებელთა მოთხოვნა?

ჩვენი წინა ორი რეკორდი გავაუმჯობესეთ და ეს ნამდვილად ასეა. ეს მომხმარებლების მხრიდან უდიდესი ნდობის გამოხატულებაა. გავყიდეთ 1 202 ბინა და დამატებით გავაფორმეთ 159 მომლოდინე კონტრაქტი.

რას ნიშნავს მომლოდინე კონტრაქტი? მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ გასაყიდად გამოტანილი ბინების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ იქ მისულ მომხმარებლებს შევთავაზეთ მომლოდინე კონტრაქტების გაფორმება, რაც მათ მომდევნო კორპუსში ბინის შეძენის პრიორიტეტულ შესაძლებლობას მისცემს.

ფაქტობრივად, ჯამში 1 361 კონტრაქტი გავაფორმეთ, საიდანაც 1 202 გაყიდულ ბინას უკავშირდება, ხოლო 159 მომხმარებელი მომლოდინეთა სიაში მოხვდა. ეს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის აბსოლუტური რეკორდია.

მანამდე ჩვენი რეკორდი 644 გაყიდული ბინა იყო, ხოლო უფრო ადრე დაახლოებით 300 ბინა, რაც თავის დროზე ასევე რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენდა. შესაბამისად, ამ შედეგით ჩვენი წინა ორი რეკორდი გავაუმჯობესეთ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ბაზარსაც ვაკვირდებით, ჩვენს კონკურენტებს 150-ზე მეტი ბინა, ჩვენი ინფორმაციით, არასოდეს არ გაუყიდიათ ერთი დღის განმავლობაში. ამიტომ ამით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რამდენად პასუხისმგებლიანი კომპანიაა არქი, რამდენად ენდობა მომხმარებელი და ეს ნდობა ჩვენ დავიმსახურეთ, თუმცა პასუხისმგებლობასაც გვიზრდის.

ეს ნდობა დავიმსახურეთ იმიტომ, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის ვცდილობთ, იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ჩვენს „არქელებს“, ინვესტორებსა და ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ბინებს ყიდულობენ, ვპირდებით. ამავდროულად, ვგრძნობთ, რომ მომხმარებლები გვენდობიან და მათ მიერ გამოცხადებულ ამ უდიდეს ნდობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით.

ეს არის რეკორდული შედეგი, რომელიც ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს ისეთ უზარმაზარ რეგიონში, როგორიცაა ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია. ვგულისხმობ მათ შორის დუბაის, სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ევროპის ბაზრებს.

ამ მასშტაბით ერთ დღეში ჩვენზე მეტი ბინა მხოლოდ ორმა კომპანიამ გაყიდა - ერთმა საუდის არაბეთიდან და მეორემ, დუბაის დეველოპერულმა კომპანია DAMAC-მა. შესაბამისად, ჩვენი შედეგი ამ უზარმაზარი რეგიონის მასშტაბით მესამეა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც უდიდესი მიღწევაა.

რა თქმა უნდა, თითოეულ „არქელს“, რომელმაც ბინა ჩვენი დიდი ფასდაკლების დღეს ან მანამდე შეიძინა, ვპირდები, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი იქნება, რადგან ჩვენ, როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის ვცდილობთ, დაპირებები გადაჭარბებით შევასრულოთ.

რაც შეეხება მათ, ვინც ბინა საინვესტიციო მიზნით შეიძინა, ვფიქრობთ, რომ ინვესტიციიდან მნიშვნელოვანი ამონაგები ექნებათ. მაგალითად, წინა გაყიდვების შემდეგ უძრავი ქონების ღირებულება 25-30%-ით გაიზარდა. ამ შემთხვევაშიც განვაცხადეთ, რომ მინიმუმ ანალოგიურ გაძვირებას ველოდებით.

ხოლო მათ, ვინც ბინა საცხოვრებლად შეიძინა, ვპირდებით, რომ დაგეგმილ ინფრასტრუქტურას არა მხოლოდ სრულად განვახორციელებთ, არამედ თავდაპირველ დაპირებებსაც გადავაჭარბებთ. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი მიღებული გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი დარჩება.

სწორედ ამ ნდობამ განაპირობა ასეთი მაღალი მოთხოვნა. ჩვენი მთავარი გამოწვევა ბინების არასაკმარისი რაოდენობა აღმოჩნდა - მიუხედავად იმისა, რომ გასაყიდად დაახლოებით 1 300 ბინა გვქონდა გამოტანილი, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება ვერ შევძელით.

რამდენად მნიშვნელოვანია „არქისთვის“ მწვანე და რეკრეაციული სივრცეების განვითარება და რა გავლენას ახდენს მსგავსი ინფრასტრუქტურა მაცხოვრებლების კომფორტსა და კმაყოფილებაზე?

რა თქმა უნდა, ჩვენთან ადამიანი საკუთარ ოცნებას, საკუთარ სახლს ყიდულობს, სადაც უნდა იცხოვროს 20-30 წელი, გაზარდოს შვილები და გაატაროს ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული მომხმარებელი იყოს ბედნიერი და კმაყოფილი.

ამ მიმართულებით მთელი დეპარტამენტი და უამრავი ადამიანი მუშაობს. თუ რომელიმე მომხმარებელს განსხვავებული მოსაზრება აქვს, რაიმეთი უკმაყოფილოა ან გარკვეული პრობლემა ექმნება, ვცდილობთ, საკითხი ბოლომდე შევისწავლოთ და მოვაგვაროთ, რათა უკმაყოფილო არავინ დარჩეს.

ჩვენ გვინდა, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს, ბედნიერი იყოს და საკუთარი საცხოვრებელი გარემოთი სიამოვნებას იღებდეს. ეზოში ჩასვლისას ხვდებოდეს გამწვანებული სივრცე, შენობაში - მაღალი ხარისხის ლობი, ჰქონდეს მეზობლებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამასთან, თუ რაიმე პრობლემა შეექმნება, ის სწრაფად მოგვარდეს. ჩვენი მიზანია, თითოეულმა მაცხოვრებელმა მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში იცხოვროს.

„არქიში“ ბინის შეძენა არ ნიშნავს მხოლოდ უძრავი ქონების ყიდვას და ამით კომპანიასთან ურთიერთობის დასრულებას. პირიქით, სწორედ ამ მომენტიდან იწყება მთავარი ურთიერთობა - ადამიანი ხდება იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ჩვენ „არქის დიდ ოჯახს“ ვუწოდებთ.

გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეულ „არქელს“ კომფორტული საცხოვრებელი გარემო შევუქმნათ, ვავითარებთ კონცეფციას, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს. ჩვენი მომხმარებლებისთვის ვაწყობთ შეხვედრებს, ღონისძიებებსა და კონცერტებს, რათა მათ ერთმანეთი გაიცნონ, ერთად გაერთონ და ჩამოყალიბდეს ერთიანი, დიდი საზოგადოება.

ჩვენ გვინდა, რომ „არქელობა“ იყოს პრესტიჟი, ცხოვრების წესი და სიამაყის საფუძველი. თითოეულმა „არქელმა“ იცის, რომ მისი კომპანია, ჩვენი თითოეული თანამშრომელი და გუნდის წევრი მასზე ზრუნავს და ნებისმიერი საკითხის შემთხვევაში მზად არის, მაქსიმალურად დაუდგეს გვერდში. ამ დამოკიდებულების საპასუხოდ, ჩვენც ვგრძნობთ ანალოგიურ ნდობასა და მხარდაჭერას ჩვენი მომხმარებლებისგან, „არქელებისგან“, რისთვისაც მინდა თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადავუხადო.

რა მნიშვნელობა აქვს Trump Tower-ის პროექტს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით?

ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ჩვენ გვაქვს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ქალაქში. აქ შენდება ექვსი მაღალი თაუერი, ლუქს სავაჭრო ცენტრით, რესტორნებითა და კაფეებით. ეს იქნება ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ადგილი როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის და ყველასთვის, ვინც თბილისში ჩამოვა და ქალაქის დათვალიერება და გართობა სურს. ამ ტერიტორიაზე ჩვენ ვქმნით ისეთ ინფრასტრუქტურას, რომელიც, იმ ფანტასტიურ პარკთან ერთად, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს და მალე დასრულდება, განსაკუთრებულ მიმზიდველობას შესძენს ამ ადგილს.

რაც შეეხება დარწმუნებას, როდესაც მოლაპარაკებები დავიწყეთ და ერიკ ტრამპს შევხვდით, ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რამდენად ბევრი ინფორმაცია ჰქონდა მას საქართველოზე და რამდენად პოზიტიურად იყო განწყობილი საქართველოსა და თბილისის მიმართ. დაახლოებით სამსაათიანი საუბარი გვქონდა, რომელიც შემდეგ არაფორმალურ გარემოშიც გაგრძელდა. ერიკ ტრამპმა არაერთი პოზიტიური გამოცდილება გაიხსენა, რომელიც მის ოჯახსა და ქართველებთან ურთიერთობას უკავშირდებოდა. ნამდვილად გაკვირვებული დავრჩით, იმდენად დადებითი წარმოდგენა ჰქონდა საქართველოს დღევანდელ ეკონომიკასა და უძრავი ქონების ბაზარზე. სიმართლე გითხრათ, იმის გათვალისწინებით, თუ რა ლოკაცია შევთავაზეთ Trump Organization-ს, თანამშრომლობაზე მათი დარწმუნება არ გაგვჭირვებია. ფაქტობრივად, პირველივე შეხვედრისა და საუბრის შემდეგ შევთანხმდით, რომ თბილისში Trump Tower აშენებულიყო.

ერიკ ტრამპიც ამ პროექტით არანაკლებ აღფრთოვანებული იყო, ვიდრე ჩვენ, და თავიდანვე ჩანდა მისი აქტიური ჩართულობა. ერიკი ძალიან გულწრფელი და პირდაპირი ადამიანია. თქვენც ნახეთ, როგორი აღფრთოვანებით საუბრობს საქართველოზე, ამ პროექტზე და რამდენად აქტიურად არის ჩართული თითოეულ დეტალში. ჩვენ მათთან ძალიან წარმატებით ვთანამშრომლობთ და პროექტიც კარგად ვითარდება.

ეს არის ძალიან მასშტაბური და მაღალი დონის პროექტი, რომლის ანალოგიც საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. პროექტზე მუშაობს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანია Gensler. პროცესში აქტიურად არიან ჩართული როგორც Trump Organization, ისე ჩვენი გუნდი და ამჟამად პროექტის დეტალური დამუშავება მიმდინარეობს. საუბარია 62-სართულიან შენობაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა ნიუანსი და ფაქტორი საფუძვლიანად იყოს შესწავლილი, შეჯერებული და გათვალისწინებული, რათა მშენებლობის დასაწყებად სრულყოფილად მოვემზადოთ.

ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 6-8 თვეში, როდესაც ყველა მოსამზადებელი სამუშაო დასრულდება და პროექტი სრულად მზად იქნება, მშენებლობას დავიწყებთ.

პროექტები, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის იმ კუთხით, რომ ქვეყანამ შეძლოს მეტი უცხოელი ინვესტორის დაინტერესება არამხოლოდ სამშენებლო მიმართულებით, არამედ იმიჯურადაც?

ჩვენთვის, როგორც „არქისთვის“, რომელიც ბაზარზე ნომერ პირველი კომპანიაა, და პირადად ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც ამ სფეროში 20 წელზე მეტია საქმიანობს, პასუხისმგებლობაა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე პოზიტიურად წარმოვაჩინოთ. ვფიქრობ, ეს თითოეული დეველოპერის პასუხისმგებლობაცაა. საქართველოში Trump Tower-ის პროექტის შემოსვლას მსოფლიოში უდიდესი საინფორმაციო გამოხმაურება მოჰყვა, რამაც ქართული უძრავი ქონების ბაზარი სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანა. ბუნებრივია, ამან დადებითი გავლენა სხვა დეველოპერულ პროექტებზეც მოახდინა.

Trump Tower-ის პროექტის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტ გამოცემაში გამოქვეყნდა. ამ ინფორმაციამ მოიცვა არა მხოლოდ ამერიკა, ჩვენი რეგიონის ქვეყნები და ევროპა, არამედ ჩინეთი, ტაილანდი, სინგაპური, იაპონია და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო. ამან საქართველო უძრავი ქონების ბაზრის განვითარების თვალსაზრისით მაღალი დონის ქვეყნების გვერდით წარმოაჩინა. თუ გადავხედავთ, სად ხორციელდება Trump Tower-ის პროექტები, ვნახავთ, რომ ისინი ძირითადად დიდ ქვეყნებში შენდება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ შესაძლოა ძალიან მაღალი არ იყოს, ან შედარებით მცირე ქვეყნებში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ საკმაოდ მაღალია.

ისეთ ქვეყანაში კი, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით 11 000 დოლარია, ხოლო მოსახლეობა ოთხი-ხუთი მილიონია, Trump Tower-ის პროექტი აქამდე არ განხორციელებულა. ეს პირველი შემთხვევაა და სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს.

ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც Trump Tower-ის პროექტები განხორციელდა, უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ განვითარებულია. შესაბამისად, საქართველოში Trump Tower-ის შემოსვლა მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარი ძალიან მიმზიდველია.

ეს გაყიდვებზეც აისახა, არა მხოლოდ Trump Tower-ში, არამედ სხვა პროექტებშიც. რაც შეეხება ჩვენს შედეგებს, მიმდინარე წელს, დღევანდელი მდგომარეობით, გაყიდვები დაგეგმილ მაჩვენებელს საშუალოდ 55-60%-ით აღემატება. ამის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ საქართველოში Trump Tower-ის შემოსვლა და Downtown Tbilisi-ს პროექტის განხორციელებაა.

ამ დადებით გავლენაზე სხვა დეველოპერებიც საუბრობენ და მადლიერებით აღნიშნავენ, რომ აღნიშნული პროექტების მიმართ საერთაშორისო ყურადღებამ მათ გაყიდვებზეც დადებითად იმოქმედა, რადგან უცხოელი ინვესტორების ინტერესი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა.

არის რამოდენიმე ბიზნესმენი საქართველოში, რომელიც ყოველთვის მისი კომპანიის წარმატებასთან ერთად საუბრობს რომ ეს იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ანუ ყოველთვის ხაზს უსვამს რა იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი

რა თქმა უნდა, სხვაგვარად მოქმედების უფლება არ გვაქვს. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და ჩემი კომპანიის წარმატებას ყოველთვის საქართველოს წარმატებასთან ვაკავშირებ. არ მინდა, არც მე და არც „არქიმ“ გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და წარმატების ინტერესებს შეეწინააღმდეგება. პირიქით, თუ ეს ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს, მზად ვართ, უფრო რისკიანი ნაბიჯებიც გადავდგათ.

ეს მართლაც საკმაოდ რისკიანი და მასშტაბური პროექტია, რომელიც ორ მილიარდიან ინვესტიციას ითვალისწინებს. პროექტს ჩვენს პარტნიორ Invia-სთან ერთად ვახორციელებთ, რომელთანაც თანადეველოპერები ვართ.

ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი და ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის მიმზიდველ დანიშნულების ადგილად ვაქციოთ. რა თქმა უნდა, გვიხარია და ვამაყობთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი წვლილი შეგვაქვს.

⁠როგორ აფასებთ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებს, მოთხოვნისა და ფასების დინამიკას და როგორია თქვენი მოლოდინები 2027 წლისთვის?

ამ მოცულობის პროექტებს ხელს არ მოვკიდებდით, ბაზრის განვითარების პერსპექტივას ოპტიმისტურად რომ არ ვუყურებდეთ. Downtown Tbilisi-ში ინვესტიცია დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს, Grand Avenue-ში დაახლოებით 2 მილიარდ ლარს, ხოლო ქობულეთის პროექტში მილიარდ ლარზე მეტს. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებას არ დავიწყებდით, დარწმუნებული რომ არ ვიყოთ უძრავი ქონების ბაზრის შემდგომ განვითარებაში, ფასების ზრდასა და მოთხოვნის მატებაში.

დარწმუნებული ვარ, რომ 2027 წლიდან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე ბუმი იქნება. ქვეყანაში ხორციელდება ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორებიცაა Downtown Tbilisi და Trump Tower. ამასთან, საქართველოს ბაზარზე შემოვიდა „იგლ ჰილსი“. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები ვართ და მათ საქმიანობას შორიდან ვაკვირდები, ძალიან მიხარია, რომ ქვეყანაში ასეთი მასშტაბის საერთაშორისო კომპანია შემოვიდა.

მათი შემოსვლა მთელი მსოფლიოს ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ საქართველო საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის აღმავლობისა და ბუმის პერიოდი იქნება.

რა არის „არქის“ სამომავლო განვითარების მთავარი პრიორიტეტები, რა ახალ პროექტებს გეგმავთ და როგორია კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების პერსპექტივები?

ახალს რეკორდებს ნამდვილად უნდა ელოდოთ. რაც შეეხება სიურპრიზებს, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე მასშტაბური პროექტი, რომლის პრეზენტაციასაც შემდეგ წელს გავაკეთებთ.

Downtown Tbilisi ძალიან მასშტაბური პროექტია. ჩვენ უკვე დავაანონსეთ Trump Tower, თუმცა მის გარდა პროექტი კიდევ ხუთ თაუერს მოიცავს. ერთ-ერთ მათგანთან დაკავშირებით უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საერთაშორისო ბრენდთან და მის პრეზენტაციას მომავალ წელს ჩვენს პარტნიორ Invia-სთან ერთად გავმართავთ.

ჩვენ Downtown Tbilisi-ს პროექტის ფარგლებში ექვსი თაუერი გვაქვს დაგეგმილი, რომელთაგან ერთ-ერთი Trump Tower-ია. ასევე იქნება სხვა საერთაშორისო ბრენდის თაუერიც, რომლის შესახებაც მომავალ წელს გამოვაცხადებთ და პრეზენტაციას გავმართავთ. ამასთან, ვფიქრობთ პროექტის ფარგლებში ლუქს კლასის საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის ბრენდის შემოყვანას, მაღალი კლასის სასტუმროსა და რეზიდენციების განვითარებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, წინ ბევრი სიურპრიზი გელოდებათ. ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ვგეგმავთ, Downtown Tbilisi-ს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

გარდა Downtown Tbilisi-სა, დაგეგმილი გვაქვს სხვა პროექტებიც, რომელთა პრეზენტაციას 2027 წელს გავმართავთ და, რა თქმა უნდა, ახალ რეკორდებსაც დავამყარებთ.

ჩვენ კარგი გაგებით ამბიციური კომპანია ვართ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ვცდილობთ, საკუთარ თავს მაღალი თამასა დავუწესოთ და შემდეგ ამ თამასას გადავაბიჯოთ. ამით, გარკვეულწილად, კონკურენტებსაც რთულ ამოცანას ვუსახავთ, თუმცა სწორედ ეს არის კონკურენციის არსი - თითოეული კომპანია ცდილობს, აჯობოს მასზე წინ მყოფს, იქნება ეს გაყიდვების მაჩვენებლებით, მომხმარებელთა ნდობით თუ სხვა მიმართულებით.

საბოლოო ჯამში, ყველა კომპანიის ეს ძალისხმევა ხელს უწყობს უძრავი ქონების ბაზრის შემდგომ განვითარებასა და უფრო ხარისხიანი პროდუქტის შექმნას. შედეგად კი იგებს მომხმარებელი, ქვეყანა, მისი ეკონომიკა და თითოეული მოსახლე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა