Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
150-მდე დელეგატი 40-მდე ქვეყნიდან - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ იმპორტიორთა ბიზნესკონფერენციას, ისტორიაში პირველად, საქართველოში უმასპინძლა. ღონისძიებაზე, რომელიც წელს უკვე მეცხრედ გაიმართა, გასული წლის შედეგები შეაჯამეს და შვედური ბრენდის სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს.
ბიზნესკონფერენცია არის Volvo Cars-ის რეგიონული იმპორტიორებისა და პარტნიორების შეხვედრა, რომლის მიზანია სტრატეგიული პრიორიტეტების განხილვა, შედეგების შეფასება და სამომავლო გეგმების განსაზღვრა.

სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა Excellence Club Award-ის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც გლობალურად Volvo Cars-ის იმპორტიორებს შორის ყველაზე მაღალ სტანდარტებს აფასებს. შეფასება 20-მდე კრიტერიუმს მოიცავს, მათ შორისაა: ბაზრის წილი, გაყიდვების ზრდის ტემპი, მომხმარებელთა გამოცდილება, სერვისის ხარისხი, ინოვაციების დანერგვა და გლობალურ სტანდარტებთან სრული შესაბამისობა. „ვოლვო ქარ კავკასიამ“ გასულ წლებში ეს ჯილდო უკვე სამჯერ მოიპოვა, რაც რეგიონის სტაბილურ ლიდერობას ადასტურებს და მოწმობს, რომ კომპანიაში ოპერაციები მაქსიმალურად გამართულია და შვედურ სტანდარტებსა თუ მუშაობის პრინციპებთან სრულ თანხვედრაშია.

მანანა ხინაშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „საქართველო მასპინძელი ქვეყნის როლისთვის ჩვენი ძლიერი შედეგებისა და ბაზრის განვითარების თანმიმდევრული დინამიკის საფუძველზე შეირჩა. ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ კავკასიის რეგიონი „ვოლვოს“ გლობალურ არქიტექტურაში პროგრესული, ზრდის პოტენციალის მქონე და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.
კონფერენციის თბილისში ჩატარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რეგიონი არა მხოლოდ შედეგებით, არამედ გამჭვირვალობითა და პარტნიორული მიდგომითაც აკმაყოფილებს ბრენდის სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობს კონფერენციის ფარგლებში განხილული ინოვაციებისა და საუკეთესო პრაქტიკების სწრაფ ადაპტაციას, ოპერაციული ეფექტიანობის ზრდასა და ბრენდის გამოცდილების გაუმჯობესებას წარმომადგენელ ქვეყნებში.
ასეთი მასშტაბის ღონისძიების საქართველოში გამართვა, ქვეყნის როლის გაძლიერებისა და ქართული კულტურის გაცნობის გარდა, მნიშვნელოვანია სიმბოლური დატვირთვითაც - როგორც რეგიონული ჰაბისა და საიმედო პარტნიორის. ეს კი დადებით გავლენას ახდენს ბრენდის განვითარებაზეც და საავტომობილო სექტორის სრულყოფაზეც“.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, კონფერენციის ფორმატით, სტრატეგიულ დისკუსიებს დაეთმო, მათ შორის, ელექტრიფიკაციის ტემპებს, ტექნოლოგიების განვითარებას, მდგრადობის ინიციატივებსა და რეგიონულ ადაპტაციას. დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში კი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საუკეთესო შედეგების მქონე იმპორტიორები დასახელდნენ. სწორედ „ვოლვო ქარ კავკასია“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც კავკასიაში Volvo-ს პირველი VRE (Volvo Retail Experience) კონცეფციის შოურუმი გახსნა - 2023 წელს საქართველოში. ამას მოჰყვა კიდევ ერთი VRE შოურუმი აზერბაიჯანში, წელს კი სომხეთში არსებული სადილეროს განვითარებაა დაგეგმილი, სადაც ამავე კონცეფციის შოურუმი გაიხსნება.
Volvo Cars EMEA-ს 3-დღიანი ღონისძიების ფარგლებში, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ, „ვოლვო ქარ კავკასიამ“ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სტუმრებისთვის ქართული კულტურის გაცნობას. პროგრამა მოიცავდა თბილისის ისტორიულ ტურს, ასევე, ტრადიციული ქართული ცეკვისა და პოლიფონიური მუსიკის წარდგენას, რაც, კულტურული გაცვლის პარალელურად, ბიზნესურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა იყო.

წლევანდელი ბიზნესკონფერენცია სრულად „ვოლვო ქარ კავკასიის“ გუნდის მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიება არა მხოლოდ ბიზნესშეხვედრაა, არამედ საქართველოს, როგორც სტაბილური, ინოვაციური და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრის, პოზიციონირების საშუალება. კონფერენცია ხელს უწყობს Volvo-ს ბრენდის გაძლიერებას კავკასიაში, ამასთანავე, რეგიონულ და გლობალურ დონეზე კომპანიის შემდგომი ზრდის საფუძველს ქმნის.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
„ხემსი“ ახალი პროდუქტების დამატებას და გაყიდვების არხების გაფართოებას გეგმავს
22.09.2026.14:00
„ხემსი“ ქართული ჯანსაღი კვების ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პროდუქტისა და მარკეტინგის მენეჯერი ლიკა პავლიაშვილი Business Insider Georgia-სთან ბრენდის საქმიანობის, მიმდინარე ასორტიმენტის, მომხმარებლის მოთხოვნისა და განვითარების გეგმების შესახებ საუბრობს.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ხემსი - HEMSY ქართული ჯანსაღი კვების ბრენდია, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ამ პერიოდში ბრენდი მომხმარებელს დღევანდელისგან განსხვავებულ ასორტიმენტს სთავაზობდა. გარკვეული პერიოდის პაუზისა და მცირე რეორგანიზაციის შემდეგ, HEMSY-ის წარმოება 2026 წელს ახალი კონცეფციითა და პროდუქციით განახლდა.
დღეს ჩვენი მთავარი მიმართულება არის გემრიელი და უფრო გააზრებული კვების ალტერნატივების შექმნა, რომლის მთავარი პროდუქტიც ამ ეტაპზე ჰუმუსია. ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს კლასიკურსა და შოკოლადის ჰუმუსს, რომლებიც აერთიანებს როგორც ნოყიერ, ყოველდღიურ საკვებს, ისე ტკბილეულის უფრო განსხვავებულ, უშაქრო ალტერნატივას.

ჩვენი მთავარი იდეაა, რომ ჯანსაღი კვება არ უნდა ნიშნავდეს გემოსა და სიამოვნებაზე უარის თქმას. ამიტომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც არის გემრიელი, მარტივად მოსახმარი და ადვილად ინტეგრირდება მომხმარებლის ყოველდღიურ კვებაში.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი და რა პროდუქტებზეა მომხმარებლის მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა?
ამჟამად ბრენდის ძირითადი ასორტიმენტი ორი პროდუქტით არის წარმოდგენილი:
• Classic Hummus - კლასიკური, კრემოვანი ჰუმუსი;
• Chocolate Hummus - ჰუმუსის განსხვავებული, დესერტული ინტერპრეტაცია, რომელიც საბოლოო ფორმით ძალიან მალე ჩაეშვება და ექნება 0 შაქარი.

ორივე პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია უშაქრო ფორმულა, ხოლო ბრენდის კომუნიკაციაში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცენარეულ ცილასა და ბოჭკოს.
მომხმარებლის ინტერესს განსაკუთრებით იწვევს შოკოლადის ჰუმუსი, რადგან ბაზარზე ჰუმუსის ასეთი ფორმატი შედარებით განსხვავებული და ახალი გამოცდილებაა, ხოლო კლასიკური ჰუმუსი ძირითადი და სტაბილური პროდუქტია. სულ მალე ჩვენი ძველი მომხმარებლის საყვარელი პროდუქტი, გოგრის გულის კარაქიც ჩაეშვება გაყიდვაში.
რას მიიჩნევთ „ხემსის“ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად და რა გამოარჩევს თქვენს პროდუქტებს ბაზარზე?
„ხემსის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ჯანსაღი კვებისა და გემოვნური სიამოვნების გაერთიანება.
ჩვენ არ გვინდა მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქტი მხოლოდ იმიტომ, რომ ის „ჯანსაღია". ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს რეალურად გემრიელი, საინტერესო და მარტივად ჩასასმელი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
განსაკუთრებით გამოგვარჩევს ჰუმუსის განსხვავებული ინტერპრეტაცია - კლასიკური ჰუმუსის პარალელურად შოკოლადის ჰუმუსის შექმნა. ამასთან, HEMSY-ის პოზიციონირება ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა უშაქრო, მცენარეული ცილისა და ბოჭკოს შემცველობა და უფრო გააზრებული არჩევანის შეთავაზება მომხმარებლისთვის. შოკოლადის ჰუმუსის განახლებული ფორმულა 0 შაქარით, განსაკუთრებით საინტერესოა ინსულინრეზისტენტული, დიაბეტის მქონე მომხმარებლისთვის, ასევე 2 წლამდე ბავშვებისთვის, რადგან მას აქვს 0 გლიკემიური ინდექსი და სისხლში შაქრის დონეს საერთოდ არ ცვლის. შაქრის ნაცვლად გამოყენებულია ალულოზა, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული და ჯანსაღი შაქრის ალტერნატივაა ბაზარზე.
რა არის კომპანიის განვითარების მთავარი გეგმები და რა ახალი პროდუქტების ან მიმართულებების დამატებას განიხილავთ მომავალში?
„ხემსის“ მთავარი მიზანია ბრენდის უფრო ფართო დისტრიბუცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა, რათა პროდუქტი მომხმარებელმა სხვადასხვა რეალიზაციის წერტილში მარტივად იპოვოს.
ამასთან, გვსურს ეტაპობრივად გავზარდოთ ჯანსაღი სნექებისა და ყოველდღიური კვების პროდუქტების ბრენდად და არა მხოლოდ ჰუმუსის მწარმოებლად. შესაბამისად, სამომავლოდ განვიხილავთ ასორტიმენტის გაფართოებას ჰუმუსის გარდა სხვა პროდუქტების მიმართულებითაც, რომლებიც შეინარჩუნებს ბრენდის ძირითად პრინციპებს - გემრიელი, საინტერესო და უფრო გააზრებული კვების არჩევანი.
ასევე გვაინტერესებს ახალი ფორმატები და პარტნიორული მიმართულებები, მათ შორის სხვადასხვა კონცეპტუალურ სივრცეში ჩვენი პროდუქტის ინტეგრირება, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს პროდუქტი არა მხოლოდ მაღაზიის თაროდან, არამედ უკვე მზა კვების გამოცდილების ნაწილადაც გაიცნოს. ამჟამად ჰუმუსის შეძენა შესაძლებელია ფრესკოს, ევროპროდუქტის და ვოლტმარკეტის საშუალებით.