ვცდილობთ, აქცენტები შიდა ბაზარზე გადავიტანოთ - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი მიმდინარე პრობლემის გადაჭრის გზებზე
ვცდილობთ, აქცენტები ნაწილობრივ შიდა ბაზარზე გადავიტანოთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კონსტანტინე გაბრიჩიძემ განაცხადა
კონსტანტინე გაბრიჩიძის განცხადებით, კარგი იქნება თუ სექტორი შიდა ბაზარზე მეტი აქცენტის გადატანას და იმ უბნებში, რომლებიც ძირითადად უცხოელებზეა ორიენტირებული, ადგილობრივი მომხმარებლის დაბრუნებას სხვადასხვა აქტივობებით შეძლებს.
„იცით, ჩვენ ახლა ვცდილობთ, აქცენტები ნაწილობრივ შიდა ბაზარზე გადავიტანოთ. ის ობიექტები, რომლებიც ქალაქის ცენტრში, შარდენის მიდამოებსა და სოლოლაკში მდებარეობს, იმდენად ორიენტირებულია უცხოელებზე, რომ ადგილობრივი მომხმარებელი მათ გარკვეული უნდობლობით უყურებს და იქ აღარ მიდის, რადგან ეს ადგილები მხოლოდ ტურისტულ უბნებად აღიქმება. რომშიც ასეა, ტურისტულ უბანში ადგილობრივი არასდროს გაივლის და დასასვენებლად არ დაჯდება. მსგავსი განცალკევება ჩვენთანაც არსებობს. ობიექტების 95%, რომლებიც ტურისტებზე არიან დამოკიდებულნი. გვსურს, სხვადასხვა აქტივობით იქ ადგილობრივი მომხმარებელიც მოვიზიდოთ. ეს ერთ-ერთი მთავარი თემაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით წინსვლა გვქონდეს. ეს არის პროექტი, უფრო სწორად კი, მუდმივი სამუშაო პროცესი ადგილობრივი ბაზრის ასათვისებლად“, - აცხადებს კონსტანტინე გაბრიჩიძე.
მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმის წახალისება საგანმანათლებლო პროექტებითაც, მათ შორის მოსწავლეების სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობის ხელშეწყობით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის უკეთ გაცნობას და მომავალში შიდა ტურიზმის განვითარებას.
„შესაძლებელია ისეთი პროექტის ჩაშვება, რომელიც იქნება არა ერთჯერადი ინიციატივა, არამედ მუდმივმოქმედი. ამ პროექტმა მუდმივი კვეთა უნდა ჰპოვოს როგორც განათლების, ისე ეკონომიკის სამინისტროების საქმიანობაში, რათა შეიქმნას რეალური პროდუქტი.
ხშირად ვიხსენებ ხოლმე შვეიცარიის მაგალითს. მათ ყველაზე დიდი შემოსავალი სწორედ ტურიზმიდან აქვთ. ამ მაჩვენებლით მას ვერც საათების წარმოება და ვერც საბანკო სექტორი ვერ უთანაბრდება. ამასთან, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების უდიდესი წილი სწორედ ადგილობრივ ტურისტებზე მოდის. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყნის პირდაპირი მაგალითი, რომელიც შეგვიძლია ავიღოთ და გადმოვიტანოთ ჩვენს რეალობაში.
მსოფლიო ეკონომიკის უდიდესი მაგალითი თვალწინ გვიდევს. ძალიან კარგი იქნება, თუ ამის განხორციელებას შევძლებთ. მართალია, ეს საკმაოდ რთული თემა და პროექტია, თუმცა მისი შედეგი გრძელვადიანი და მუდმივი იქნება“, - აღნიშნავს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი.
სხვა სიახლეები
პარტნიორები მიხვდნენ, რომ მხოლოდ ჩრდილოეთის დერეფანზე მიბმა მათთვის უტოპიაა და მაქსიმალურად ცდილობენ ალტერნატიული მიმართულებების განვითარებას - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი
25.05.2026.19:00
საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ლოგისტიკაში ყველა ძირითად სატრანსპორტო მიმართულებას ეფექტურად იყენებს, ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვი განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ლოგისტიკური გადაზიდვები თითქმის თანაბრად ნაწილდება რკინიგზის, საზღვაო და სახმელეთო მიმართულებებს შორის, ხოლო საერთო პროცესში დაახლოებით 10%-იანი წილი საჰაერო გადაზიდვებზე მოდის.
„ამიტომ, თუნდაც ერთი რგოლის განვითარება პირდაპირ ახდენს გავლენას მთლიან პროცესზე. მაგალითად, თუ გამართული პორტები და მაღალი დონის მომსახურება გვაქვს, შემდგომში ამ კონტეინერების გადაზიდვა რეგიონულ მასშტაბზე უკვე რკინიგზითა და ავტოტრანსპორტით ხდება.
ამავდროულად, ვინაიდან ჩვენ უკვე რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოვყალიბდით, გასათვალისწინებელია, რომ ცენტრალურ აზიას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და იქ გადაზიდვების დაახლოებით 95% სარკინიგზო და სახმელეთო მარშრუტებზე მოდის ანუ, ჩვენ პრაქტიკულად მულტიმოდალურ გადაზიდვებზე გადავედით. პირობითად, თუ ამერიკიდან შემოდის კონტეინერი, ცენტრალურ აზიაში მას ტრაილერით ვაგზავნით, და პირიქით - იქიდან ტვირთები რკინიგზით შემოგვაქვს და შემდგომ ზღვით ვამისამართებთ. ეს კომპლექსური სისტემაა, სადაც სამივე რგოლი შეთანხმებულად უნდა მუშაობდეს“,- აღნიშნა ნამადოვმა.
მისივე განმარტებით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი და სტაბილური ლოგისტიკური მიმართულება ხდება.
„სხვათა შორის, პანდემიის შემდგომ პირველი ფილიალი ალმათიში გავხსენით. იმ პერიოდში, როდესაც იქ ჩავდიოდი, მართალია, მენტალურად და ტრადიციებიდან გამომდინარე ჩვენს მიმართ კეთილგანწყობა იგრძნობოდა და მათთვის ახლობელი ვიყავით, თუმცა, როგორც ლოგისტიკური ჰაბი და ბიზნესპარტნიორი, მათგან საკმაოდ შორს ვდგავარდით.
სამწუხაროდ, ომმა შეცვალა ეს რეალობა, რაც ჩვენი მარშრუტისთვის დადებითი აღმოჩნდა. დღეს შუა დერეფანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, არასანქცირებული მარშრუტია, რომელსაც ძალიან აქტიურად იყენებენ. პარტნიორები ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ მხოლოდ ჩრდილოეთის დერეფანზე მიბმა მათთვის უტოპიაა და მაქსიმალურად ცდილობენ ალტერნატიული მიმართულებების განვითარებას. ასევე აღვნიშნავდი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება და ეს აშკარაა, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქართული ექსპორტის ზრდა შუა აზიის მიმართულებით“, - აღნიშნა გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელმა.