„Wizz Air“ მილიონობით მგზავრს ბათუმში დასვენების 10 მიზეზს სთავაზობს
ავიაკომპანია ,,Wizz Air“ მილიონობით მგზავრს ბათუმში დასვენების 10 მიზეზს სთავაზობს. სტატია, რომელიც ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალში გამოქვეყნდა, ბათუმში დასვენების მიზეზებს შორის ბათუმის ბულვარის, ალი და ნინოს, ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და მთიანი აჭარის მონახულებს ასახელებს. „ბათუმის ბულვარში გასეირნება ქალაქით ტკბობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე სასეირნო ბილიკი პალმებით, ბაღებით, ქანდაკებებით და კაფეებით არის გარშემორტყმული. საუკეთესო საშუალებაა ფეხით ან ველოსიპედით სეირნობისთვის და მზის ჩასვლის საყურებლად,“ წერია სტატიაში. ბათუმში სტუმრობის კიდევ ერთ მიზეზს შორისაა ძველი ბათუმი. „ისტორიული ცენტრის ვიწრო ქუჩები, აივნები და ფერადი შენობები ქალაქის მრავალფეროვან არქიტექტურულ წარსულს ასახავს, კაფეები და პატარა მოედნები კი ქალაქში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.“
ავიაკომპანია ,,Wizz Air“ ფრენებს 200-ზე მეტი მიმართულებით 50-მდე ქვეყანაში ასრულებს. ჟურნალ ,,Wizz”-ის, რომელიც ორ თვეში ერთხელ გამოიცემა ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა. ჟურნალი მკითხველს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ და აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან. ბათუმზე საუბრისას, სტატიაში ასევე ხაზგასმულია ქართული გასტრონომია, სუფრა და ღვინო. „ ქართული სუფრა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო საკვების მირთმევა. ეს არის შეკრება, სადაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ სტუმართმოყვარეობას, პოლიფონიურ სიმღერას, ტრადიციულ ცეკვებსა თუ კერძებს, რომელთა შორის გამოირჩევა რეგიონის სიმბოლო, აჭარული ხაჭაპური. საქართველოს ხშირად ღვინის აკვანს უწოდებენ, რომლის მეღვინეობის ტრადიციები 8000 წელზე მეტს ითვლის.“ სტატია ბათუმზე ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალის გაზაფხულის ნომერში გამოქვეყნდა. აჭარის პოპულარიზაცია საბორტო ჟურნალის ზაფხულის ნომერშიც იგეგმება.
სხვა სიახლეები
Barceló Hotel Group, Occidental Hotels & Resorts - როგორია „იელთი ჯგუფის“ საერთაშორისო თანამშრომლობა და სიახლეები
26.08.2026.13:00
„იელთი ჯგუფისთვის“ 2026 წლის პირველი ნახევარი ახალი პროექტების, საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებისა და განვითარების პერიოდად იქცა. „იელთი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი მამუკა მახარაძე Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში კომპანიის შედეგებზე, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის ცვლილებებსა და მიმდინარე პროექტებზე საუბრობს და 2026 წლის მეორე ნახევრის მთავარ გეგმებსაც მიმოიხილავს.
როგორი იყო „იელთი ჯგუფისთვის“ 2026 წლის პირველი ნახევარი?
2026 წლის პირველი ნახევარი „იელთი ჯგუფისთვის“ აქტიური განვითარების და ახალი ბიზნესმიმართულებების მომზადების პერიოდი იყო. ჩვენი მთავარი ყურადღება არსებული პროექტების ეფექტიან განვითარებასთან ერთად ახალი საინვესტიციო პროდუქტების შექმნასა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებაზე იყო მიმართული.
ამ პერიოდში მომზადდა ახალი პროექტები თბილისსა და ბათუმში, რომელთა წინასწარი გაყიდვების დაწყებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კახეთში დაგეგმილი მასშტაბური გასართობ-დასასვენებელი კურორტის გენერალურ გეგმაზე. აღნიშნული პროექტი „იელთი ჯგუფის“ პორტფელის დივერსიფიკაციისა და ახალი მიმართულებების განვითარების სტრატეგიის ნაწილია.
წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი რესურსი დაეთმო საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოებასაც. ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში Barceló Hotel Group-თან ხელშეკრულების გაფორმება, რომლის ფარგლებშიც „იელთი ჯგუფს“ საქართველოში მისი წამყვანი ქვებრენდი - Occidental Hotels & Resorts შემოჰყავს. სასტუმრო ბათუმის ახალ ბულვარში, მულტიფუნქციურ კომპლექს „იელთი კვარტალში“ განთავსდება.
ამასთანავე, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ერთობლივ პროექტებზე მუშაობა, რომელთა შესახებ დეტალურ ინფორმაციას ეტაპობრივად გავასაჯაროებთ.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე და რომელი ბაზრებიდან იყო დაინტერესება?
ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ უძრავი ქონების მყიდველის გადაწყვეტილება უფრო გააზრებული და ინვესტიციაზე ორიენტირებული გახდა. ფასი კვლავ მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ის აღარ არის ერთადერთი განმსაზღვრელი. მომხმარებელი უფრო დეტალურად აფასებს დეველოპერის გამოცდილებასა და რეპუტაციას, პროექტის კონცეფციას, მართვის ხარისხს, ლიკვიდურობასა და შემოსავლიანობის პოტენციალს.
ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საერთაშორისო ინვესტორების შემთხვევაში, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უძრავი ქონების შეძენა, არამედ ის, თუ რამდენად გამართული და პროგნოზირებადია საინვესტიციო მოდელი გრძელვადიან პერიოდში.
„იელთი ჯგუფის“ ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი გაყიდვების გეოგრაფიული დივერსიფიკაციაა. დღეისათვის ჩვენი მფლობელების ბაზა უკვე 67 ქვეყნის მოქალაქეს აერთიანებს. ეს საშუალებას გვაძლევს, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ბაზარზე და გაყიდვების სტრუქტურა უფრო დაბალანსებული იყოს.
2026 წლის პირველ ნახევარში გაიზარდა როგორც ევროპის, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ცალკეული ბაზრების წილი. წლის მეორე ნახევარშიც ჩვენი მიზანია ამ გეოგრაფიის შემდგომი გაფართოება და ახალ საერთაშორისო ბაზრებზე სისტემური პოზიციონირება.
რა პროგრესია მიმდინარე პროექტებში „ესპანური კვარტალი“, Status House და Oxy Residence?
„ესპანური კვარტალის“ საცხოვრებელი ნაწილი სრულად რეალიზებულია. ამ ეტაპზე გაყიდვების ძირითადი მიმართულება Barceló-ს სასტუმრო ნომრების რეალიზაციაა. რაც შეეხება Status House-სა და Oxy Residence-ს, ორივე პროექტში აქტიურად მიმდინარეობს გაყიდვები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ მშენებლობის საწყის ეტაპზეა, ობიექტების 60%-ზე მეტი უკვე გაყიდულია.

ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ბიზნესინდიკატორია, რადგან პროექტების განვითარების ადრეულ ეტაპზე გაყიდვების ასეთი მაჩვენებელი ასახავს როგორც ბაზარზე არსებულ მოთხოვნას, ასევე მომხმარებლებისა და ინვესტორების ინტერესს პროექტების კონცეფციისა და საინვესტიციო პოტენციალის მიმართ.
რა გეგმები აქვს „იელთი ჯგუფს“ 2026 წლის მეორე ნახევრისთვის?
2026 წლის მეორე ნახევარში „იელთი ჯგუფს“ რამდენიმე ძირითადი ბიზნესპრიორიტეტი აქვს. პირველ რიგში, ეს არის ახალი პროექტების წინასწარი გაყიდვებისთვის მომზადება და მათი ეტაპობრივი წარდგენა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო გაყიდვების ქსელის კიდევ უფრო გაფართოება. „იელთი ჯგუფის“ პროექტები მაღალი საინვესტიციო მიმზიდველობით ხასიათდება, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო მომხმარებლებისა და ინვესტორების ბაზის როგორც რაოდენობრივი, ისე გეოგრაფიული ზრდა. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ ახალი პარტნიორების, გაყიდვების არხებისა და სამიზნე ბაზრების განვითარებაზე.
პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პროექტებზე საქართველოს ფარგლებს გარეთაც. რამდენიმე სამიზნე ლოკაციაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ჩვენი მიზანია, „იელთი ჯგუფის“ გამოცდილება ეტაპობრივად საერთაშორისო პროექტებშიც გადავიტანოთ. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით კონკრეტული სიახლეების გაზიარებასაც შევძლებთ.
ცალკე სტრატეგიული მიმართულებაა ციფრული საინვესტიციო ეკოსისტემის განვითარება, რომლის მიზანია საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტირება უფრო მარტივი და სტრუქტურირებული გახდეს - საინვესტიციო პროდუქტის შერჩევიდან მის შემდგომ მართვამდე.

შესაბამისად, ციფრული ტრანსფორმაცია „იელთი ჯგუფისთვის“ მხოლოდ ტექნოლოგიური განახლება არ არის. მას განვიხილავთ, როგორც ბიზნესის მასშტაბირების, საერთაშორისო გაყიდვების ზრდისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ეფექტიანობის გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.