ზაფხულის მიუხედავად საჰაერო ტვირთებზე მოთხოვნა გაიზარდა - Geosky ავიაპარკს აფართოებს
2025 წელს ტენდენცია შეიცვალა და ზაფხულის სეზონშიც კი საჰაერო ტვირთებზე მოთხოვნის ზრდა დაფიქსირდა - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბარში სატვირთო ავიაკომპანია Geosky Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზრდა პირდაპირ უკავშირდება TEMU-ს გზავნილების მოცულობის ზრდას.
„როგორც ცნობილია, ზაფხულის პერიოდში, ტრადიციულად, სატვირთო გადაზიდვები იკლებს, რადგან ტვირთის ნაწილი სამგზავრო რეისებით გადააქვთ. თუმცა, მიმდინარე წელს ვითარება შეიცვალა, ზაფხულის სეზონშიც კი მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა საჰაერო ტვირთებზე, რაც ძირითადად TEMU-ს ტვირთებით არის განპირობებული. 2024 წელთან შედარებით ზრდა აშკარაა, რაც ჩვენს კომპანიაზეც აისახა,“ - აცხადებს კიკნაძე.
მისივე ინფორმაციით, ამ ზრდის ფონზე Geosky Airlines-მა მესამე Boeing 767-300 ჩამოიყვანა, რომელიც უახლოეს დღეებში შევა ექსპლუატაციაში.
„დაგეგმილი გვაქვს კვირაში სამი რეისის შესრულება ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით. თითოეულ რეისზე საჰაერო ხომალდს საშუალოდ 52-დან 55 ტონამდე ტვირთის გადატანა შეუძლია,“ - დასძენს ის.
კიკნაძის განმარტებით, Geosky ამ დროისთვის ჩინეთის ორ ქალაქთან ახორციელებს პირდაპირ რეისებს, თუმცა კომპანიის გეგმის მიხედვით, მალე დაემატება მესამე ქალაქიც.
„უკვე გაკეთებულია განაცხადი ჩინეთის მესამე ქალაქზე, საიდანაც ფრენების დაწყებას ვგეგმავთ. ნებართვას ველოდებით ჩინური მხარისგან და იმედი გვაქვს, რომ ერთ კვირაში მივიღებთ დასტურს. სამივე ქალაქიდან განვახორციელებთ გადაზიდვებს ევროპაში 4 ან 5 ევროპული მიმართულებით,“ - აღნიშნავს Geosky Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტი.
კომპანიის პროგნოზით, ტვირთებზე მოთხოვნა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება.
„თუ ზაფხულშიც ასეთი მკვეთრი ზრდა დავაფიქსირეთ, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ შემდგომ თვეებში ორნიშნა ზრდა იქნება,“ - აცხადებს შალვა კიკნაძე.
მიუხედავად პოზიტიური ტენდენციისა, თავისუფალი სატვირთო თვითმფრინავების მოძიება კვლავ გამოწვევად რჩება.
„როცა ტვირთებზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად მცირდება თავისუფალი საჰაერო ხომალდის პოვნის შანსი - განსაკუთრებით სატვირთო თვითმფრინავების შემთხვევაში. თუმცა ჩვენ მაინც შევძელით მესამე Boeing-ის ჩამოყვანა. ამასთანავე, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეოთხე Boeing 767-300-ის იჯარით შემოყვანაზე,“ - აცხადებს შალვა კიკნაძე.
Geosky Airlines-ი ავიაპარკში დამატებითი ბორტის შეყვანას მიმდინარე წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისში გეგმავს.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 9.0 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.2 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.8 პროცენტი — გაგზავნილი.
2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 86.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2025 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 172.6 ათასი მგზავრი და გადატანილია 38.2 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1.5 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 18.6 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.