„ზარაფხანამ“ საახალწლო კოლექცია წარმოადგინა
საახალწლოდ „ზარაფხანამ“ ახალი კოლექცია წარმოადგინა.
ეს არის მოოქროვილი ნაძვის ხე, რომელიც დამშვენებულია ფიროსმანის ნამუშევრებით შთაგონებული, ცივი მინანქრით შესრულებული სათამაშოებით.
ნაძვის ხის და აქსესუარების ფასი - 4210 ლარია.
მანამდე „ზარაფხანამ“ ნიკო ფიროსმანის სუვენირები წარმოადგინა.
„ნიკო ფიროსმანი ქართული მოდერნისტული ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რომლის გავლენაც სცდება ქართული ხელოვნების საზღვრებს. ფიროსმანის ფერწერულმა მახასიათებლებმა - კონტრასტულმა ფერთა გამამ, სიბრტყობრივმა კომპოზიციამ და შავი ფონის უნიკალურმა გამოყენებამ - განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ევროპელ მოდერნისტებში XX საუკუნის 50-60-იან წლებში.
სწორედ ფიროსმანის უნიკალური მხატვრული ხელწერის შთაგონებით შეიქმნა ფიროსმანის პერსონაჟების სუვენირები“, - აცხადებენ კომპანიაში.
„ზარაფხანას” ისტორია 1939 წელს იწყება, მაშინ, როცა თბილისის კოლორიტულ უბანში, შარდენისა და ვერცხლის ქუჩებზე განლაგებული პატარ-პატარა საიუველირო სახელოსნოების ენთუზიასტი ოქრომჭედლები ერთიანდებიან და იქვე, ლესელიძის ქუჩაზე „თბილისის საიუველირო ფაბრიკას” აარსებენ. საწარმო რამდენჯერმე იცვლის ადგილმდებარეობას და სახელს, მათ შორის, ერთი პერიოდი, „ეროვნული ზარაფხანაც” კი ჰქვია. სახელთა ცვლილების მიუხედავად, რეგიონის მასშტაბით ის თავის საქმეში სულ მოწინავეა.
2005 წელს საწარმო კერძო საკუთრება გახდა და ძველ სახელსაც - ”ზარაფხანა” დაიბრუნა, მაგრამ ძირითად პრიორიტეტად იგივე რჩება: საიუველირო მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება.
ამ დროისათვის კომპანია სათაო ოფისითა და სამი მაღაზიითა წარმოდგენილი. აქედან ორი თბილისში და ერთი ბათუმში.
„ზარაფხანაში” 130-ზე მეტი თანამშრომელია, აქ ყველა რგოლი - ოქრომჭედლიდან დირექტორამდე - ხარისხისა და დიზაინის დახვეწაზე ერთობლივად ზრუნავს, რომ საბოლოოდ ხარისხიანი ნედლეულისა და ულამაზესი ფორმების შერწყმით სრულყოფილმა შედეგმა მომხმარებლამდე მიაღწიოს“, - აცხადებენ კომპანიაში.
სხვა სიახლეები
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
06.10.2026.12:19
9 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის გალერეა ირინა ჯიბუტის პირველ პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“ უმასპინძლებს.
თიბისი კონცეპტის გალერეა ქმნის სივრცეს ხელოვნების, განათლების და კვლევის დიალოგისთვის. ახალ ნამუშევრებს, განსხვავებულ ხედვებსა და შემოქმედებით პროცესებს საზოგადოებას აცნობს.
ირინა ჯიბუტის ნამუშევრების საწყისი წერტილი მიწაა - არა როგორც ნეიტრალური ნედლეული, არამედ როგორც კონკრეტული ადგილის მატერია, რომელსაც საკუთარი შემადგენლობა, ფერი, თვისებები და ისტორია აქვს. გამოფენა იკვლევს ციკლს, რომელშიც მიწა მასალად, მასალა ფორმად, ფორმა კი ცეცხლით გარდაქმნილ სხეულად იქცევა და კვლავ ბუნებრივი მთლიანობის ნაწილად რჩება.
ნამუშევრების საფუძველია საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული ბუნებრივი თიხების კვლევა. ამ პროცესში მიწა ერთდროულად ხდება კვლევის საგანი და მხატვრული მასალა, რომლის მოპოვება, დამუშავება, ფორმირება და გამოწვა ურთიერთობას ავლენს ადგილს, მასალასა და ადამიანის მოქმედებას შორის.
თიბისი კონცეპტის გალერეის ორი სართული ამ პროცესის განსხვავებულ მდგომარეობებს აერთიანებს. პირველ სართულზე წარმოდგენილია მასშტაბური კერამიკული ნამუშევრები: ვერტიკალური ფორმები, კედლის კომპოზიცია და „მდინარე“. თითოეული მათგანი მიწის გარდაქმნის განსხვავებულ ეტაპს წარმოაჩენს. ვერტიკალური ფორმები ჭურჭლის უძველეს არქეტიპს ეყრდნობა და ადამიანის შრომის, დროისა და უწყვეტობის ნიშნად იქცევა. კედლის კომპოზიციაში სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები ერთიან გეომეტრიულ ფორმაშია მოქცეული, თუმცა თითოეული საკუთარ ბუნებას ინარჩუნებს. „მდინარე“ კი წყალს გარდაქმნის ძალად წარმოგვიდგენს, ელემენტად, რომელიც მიწას არბილებს, გადააქვს და ცვლის.
მეორე სართული კვლევის ლაბორატორიას ეთმობა. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები, მინერალები და ქვები, მათი წარმოშობის რუკები, ტესტ-ფილები, გამომწვარი ნიმუშები, მოჭიქურების ცდები და პროცესის ჩანაწერები.
ირინა ჯიბუტი კერამიკოსი, მკვლევარი და პედაგოგია. მისი პრაქტიკა თიხის ფიზიკური, ვიზუალური და კულტურული თვისებების კვლევას ეფუძნება. 2026 წელს მან დააარსა კვლევითი პლატფორმა Commonland, რომელიც საქართველოს თიხის რესურსების შესწავლასა და კერამიკული მასალების განვითარების ახალი გზების ძიებას ემსახურება.
თიბისი მრავალწლიანი გამოცდილებით აქტიურად უჭერს მხარს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას, ქმნის შესაძლებლობებს ახალი იდეებისა და შემოქმედებითი პროცესებისთვის.
გამოფენის კურატორია მარიამ წიქარიძე.
გახსნა: 9 ოქტომბერი, 18:00-20:00
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7
სამუშაო საათები: ორშაბათი–შაბათი, 10:00-20:00
დასწრება თავისუფალია!