ზეთისხილის პირველი სანერგე მეურნეობის ნაწარმით შესაძლოა, იმპორტი სრულად ჩავანაცვლოთ - „ქართული ზეთისხილის“ კომპანია
„ქართული ზეთისხილის“ კომპანიამ ზეთისხილის პირველი სანერგე მეურნეობა გაიხსნა.
როგორც Business Insuder Georgia-თან „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განაცხადა, სანერგე მეურნეობაში რამდენიმე სახეობის ზეთისხილის ნერგის გამოყვანა ხდება.
ბიზნესმენი საკუთარი მეურნეობიდან შემოდგმისთვის 0,5 მლნ ნერგის რეალიზაციას ვარაუდობს.
რაც შეეხება სანერგე მეურნეობის მოწყობას, როგორც გიორგი სვანიძე აცხადებს, ამისთვის რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
როგორც ბიზნესმენი განმარტავს, სანერგე მეურნეობა ჯერ ნაწილობრივ, ხოლო სამომავლოდ სრულად შეძლებს იმპორტის ჩანაცვლებას.
„ანონსირებული „ქართული ზეთისხილის პირველი სანერგე“ უკვე რეალობაა! ჩვენი ძვირფასი ენთუზიასტების მიერ შექმნილი ზეთისხილის მწყობრი შეფოთლილი რიგები თვალს ატკბობს და უსაზღვრო სიხარულს აღძრავს!
სანერგემ ჯერ ნაწილობრივ, სამომავლოდ კი ალბათ სრულად უნდა შეძლოს იმპორტჩანაცვლება - მომავალი წლისთვის უკვე მილიონი ქართული ნერგის გახარებას ვვარაუდობთ; მიდის მუშაობა ზეთისხილის ისეთი ქართული ჯიშის გამოყვანაზე, რომელსაც მორწყვა არ დასჭირდება;
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაგეგმილი გვაქვს 20-მდე სხვადასხვა ჯიშის შემოტანა თურქეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, მაროკოდან და ტუნისიდან ენდემური კუპაჟების შექმნის მიზნით და ეს ჩანაფიქრებიც ამ სანერგის საექსპერიმენტო ბაზაზე უნდა განხორციელდეს“, - აცხადებს ბიზნესმენი.
როგორც ცნობილია, გიორგი სვანიძის ინიციატივითა და მონდომებით ქვეყანაში პირველი ზეთისხილის ბაღები 7 წლის წინ გაშენდა. ბაღების გაშენების შემდეგ მომზადდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც აშენდა პირველი ქართული ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს ფარგლებში“.
„ქართული ზეთისხილის" პირველი საწარმო სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მდებარეობს, რომელიც ქართულ–თურქული ინვესტიციით გაიხსნა და მის მიერ წარმოებული პროდუქცია უკვე საცალო გაყიდვაშია. საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი,
საქართველოში ზეთისხილის პლანტაციები, კახეთის გარდა, გაშენებულია ბაღდათსა და მარნეულში.
საწარმო ISO 22000 სტანდარტის მფლობელია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.